22:25:08     29-02-2020
სალომე ზურაბიშვილი აშშ-სა და თალიბანს შორის შეთანხმების ხელმოწერაზე: საქართველო, როგორც ავღანეთის მისიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი, მიესალმება მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეერთებულ შტატებსა და თალიბანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას მიესალმება. ამის შესახებ პრეზიდენტი მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს.
"მივესალმები ავღანეთში მშვიდობის დამყარების შეთანხმების ხელმოწერას. საქართველო, როგორც ავღანეთის მისიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი, მიესალმება მშვიდობის დამყარებისკენ გადადმგულ ნაბიჯებს", - წერს ზურაბიშვილი.
ცოტა ხნის წინ, ყატარის დედაქალაქ დოჰაშ დასრულდა ისტორიული შეთანხმების ხელმოწერა, შეერთებულ შტატებსა და "თალიბანს" შორის, რომელმაც უნდა დაასრულოს 18-წლიანი კონფლიქტი ავღანეთში.
შეთანხმების გათვალისწინებით, შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მოკავშირეთა სამხედროები დატოვებენ ავღანეთის ტერიტორიას 14 თვის განმავლობაში, სანაცვლოდ კი "თალიბანმა" უნდა უზრუნველყოს მშვიდობის დამყარება და ამ მიზნის მისაღწევად ავღანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები აწარმოოს.
თუ ვაშინგტონი ავღანეთის ცენტრალურ მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებებს წარმატებულად შეაფასებს, ის საკუთარ შეიარაღებულ ძალებს შეამცირებს.
ამერიკელი სამხედროების მიერ ქვეყნის სრულიად დატოვება თალიბანის მიერ შეთანხმების პირობების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.
შეერთებული შტატების მეთაურობით მოქმედი კოალიცია ქვეყანაში 2001 წელს შეიჭრა, რათა მოეშორებინა თალიბანის რეჟიმი, რომელსაც იმავე წლის სექტემბერში, შეერთებულ შტატებზე თავდასხმაში ბრალდებული ალ-ყაიდას ტერორისტული ქსელი ჰყავდა შეფარებული.
ამ დროის განმავლობაში, ავღანეთში 2400-მდე ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.
ავღანეთში ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 13 000-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
0