რა დატვირთვა აქვს აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზებს? რა დატვირთვა აქვს აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზებს? />


  14:26:10     22-09-2010

რა დატვირთვა აქვს აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზებს?

a1246.jpg

[ანი გოდერძიშვილი]

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების მშენებლობა რუსეთს დაახლეობით 14 მილიონი რუბლი უჯდება. დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშისა და რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, რუსული სამხედრო ბაზები აფხაზეთის ტერიტორიაზე 49 წლის განმავლობაში დარჩებიან. ბაღაფშის თქმით, სამხედრო ბაზების მშენებლობისთვის, გასაკუთრებული ხარჯები მოსალოდნელი არაა, რამდენადაც აუცილებელი ინფრასტრუქტურა საბჭოთა დროს არსებობდა და მხოლოდ მისი შეკეთებაა საჭირო.

 

ქართული მხარის განცხადებით, აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზების 49 წლით განსთავსების გადაწყვეტილება, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო პრინციპებისა და 12 აგვისტოს 6–პუნქტიანი შეთანხმების დარღვევაა. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ეს არის გამოწვევა ცივილიზებული სამყაროს მიმართ და განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ნატო-ს მინისტერიალის გადაწყვეტილებით, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის წინაპირობად საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ბაზებისა და სამხედრო აღმშენებლობაზე უარის თქმაა დაფიქსირებული.

 

აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ რუსებმა აქტიურად დაიწყეს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო ბაზების

მშენებლობა. ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსებმა გალის რაიონში 7 რუსული სამხედრო ბაზა განათავსეს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს არის - ფიჩორის, მეორე ოტობაიას, თაგილონის, საბერიოს, ლეკუხონას, ოქუმის და სათანჯოს მთაზე „ნალამუს“ დასახლებაში „ჰაერსაწინააღმდეგო“ მშენებარე ბაზა. 

 

რა დატვირთვა აქვს ამ ბაზებს?

ფიჩორის ბაზა – ეს არის საზღვაო-სასაზღვრო სანაპირო, ანუ კონტროლის ბაზა. ამ მონაკვეთიდან ხდება ზღვის გაკონტროლება, ანალოგიური ბაზა მდებარეობს ოჩამჩირეშიც. რაც შეეხება ოქუმის ბაზას, რომელიც გალის სიღრმეში მდებარეობს, საარტილერიო, სატანკო და ქვეითთა დისლოკაციის ადგილს წარმოადგენს. რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს საოკუპაციო ხაზთან განლაგებული ბაზების სამხედრო მხარდაჭერა.

 

ამ სამხედრო მხარდაჭერაში იგულისხმება საარტილერიო, სატანკო და ქვეითთა ჯარების მხარდაჭერის ფორმაც. ფიჩორში განთავსებული სამხედრო ბაზის სიახლოვეს, რუსი ოფიცრებისა და მათი ოჯახებისათვის გამოყოფილია საცხოვრებელი კომპლექსი თავისი ინფრასტურქტურით, რომელიც 60-70 ოჯახზეა გათვლილი.

 

მეორე ოტობაიას, საბერიოს და ლეკუხონას სამხედრო ბაზები, სასაზღვრო ძალების დისლოკაციის ადგილს წარმოადგენენ, საიდანაც კონტროლდება ყველა მცირე თუ საშუალო გადასასვლელი ენგურზე. სულ 23 ასეთი მცირე თუ დიდი გადასასვლელი არსებობს, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ კონტროლდება. მეორე ოტობაიასა და თაგილონის ბაზებს შორის არის 13 გადასასვლელი, თაგილონიდან საბერიოს ბაზების ჩათვლით კი 10 გადასასვლელია.

 

მეორე ოტობაიასა და საბერიოს ბაზებს შორის მდებარეობს თაგილონის სამხედრო ბაზა, რომელიც შედარებით მცირეა და საოკუპაციო ხაზიდან 3-4 კილომეტრით არის დაშორებული. ეს ბაზა სახმელეთო ქვეითი და შინაგანი ჯარების დისლოკაციის ადგილს წარმოადგენს.

 

საბერიოში „პერებროსკას“ ბაზის დანიშნულება ენგურჰესის დაცვაა. აღსანიშნავია, რომ მეორე ოტობაიას, საბერიოს და ლოკუხონას ბაზაზე რუსები სასაზღვრო–თავდაცვით კომპლექსს ქმნიან.

 

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის, ბესიკ სილაგაძის ინფორმაციით, თაგილონის ბაზა, რომელიც წარმოადგენს სახმელეთო ქვეითი და შანაგანი ჯარების დისლოკაციის ადგილს, არის მთავარი რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც სამ ცენტრალურ ბაზასთან ერთად ქმნის სასაზღვრო თავდაცვით კომპლექსს.

 

„ამავე დროს აღსანიშნავია, რომ თაგილონის ბაზა განთავსებულია აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ თავისი ტაქტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს რკინიგზა, როგორც სტრატეგიული ობიექტი. რაც შეეხება ოქუმის ბაზას, ეს გახლავთ საარტილერიო, სატანკო და ქვეითთა დისლოკაციის ადგილი, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს საოკუპაციო ხაზთა განლაგებული ბაზების სამხედრო მხარდაჭერა,“ - გვითხრა ბესიკ სილაგაძემ.

 

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ რუსებმა კიდევ ერთი ბაზის მშენებლობა დაიწყეს სათანჯოს მთაზე „ნალამუს“ დასახლებაში, ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზა.

 

სამხედრო ექსპერტების განცხადებით, თუ ოქუმის ბაზა გააკეთებს საარტილერიო დამუშავებას, სათანჯოს მთაზე არსებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გააკონტროლებს ჰაერს.

 

დაშორებები ბაზებს შორის

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საარტილერიო თვალსაზრისით მანძილი მთავარ ბაზასა და დანარჩენ ბაზებს შორის არის: ოქუმიდან-ლეკუხონამდე - 7კმ. 500მ; ლეკუხონა-საბერიო - 9 კმ. 900მ; საბერიო-თაგილონი - 13 კმ; თაგილონი-მეორე ოტობაია - 19კმ. 400მ; მეორე ოტობაია-ფიჩორი 30 კმ.

 

უსაფრთხოების საკითხებში ექსპრეტი, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ეს მანძილი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს საარტილერიო თვალსაზრისით. „ეს არის თავდაცვითი სისტემის დივერსიფიკაცია, რომელითაც ხდება მთლიანი ძალის არა ერთ წერტილში მობილიზება, არამედ მისი გაშლა შესაბამისი საფრთხეების გათვალისწინებით. გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, რუსები, მცირე ბატალიონის დონეზე, მოკლე მანძილზე ათავსებენ  ნაწილებს, რომლებსაც შეუძლიათ მოწინააღმდეგე შეაკავონ და ზურგის დახმარების პირობებში მოწინააღმდეგეს სხვა ტიპის დარტყმები მიაყენონ, მაგალითად, როგორიც არის საარტილერიო და საავიაციო.

 

„ამ შემთხვევაში პირდაპირ ეს სამხედრო ტაქტიკური მოქმედებები იკითხება. საკმაოდ ძლიერ უსაფრთხოების სისტემას ქმნიან რუსები აფხაზეთში, რაც პირდაპირ პოლიტიკური პოზიციის მანიშნებელია - ისინი გასვლას არ აპირებენ,“ - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

 

გალის რაიონის გარდა, აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზე 5 რუსული სამხედრო ბაზაა დისლოცირებული - გუდაუთაში, ბომბორას აეროდრომთან მდებარე სამხედრო ბაზა, მერხეულის მცირე სამხედრო ბაზა. ოჩამჩირეში განთავსებულია ანტიტერორისტული ქვედანაყოფები, რომელიც წარმოადგენს სამხედრო-სასაზღვრო ძალების მთავარ ბაზას, სადაც ასევე განთავსებულია სამხედრო კატარღები „გრიფი“ და „მანგუსტი“.

 

ტყვარჩელში 100-კაციანი სამხედრო გადამზადების ბაზაა დისლოცირებული. სამხედრო მოსამსახურეების გადამზადებისთვის განკუთვნილი ბაზაა განლაგებული გულირიფშის რაიონში, სოფელ აგუძერაში. ყველა ბაზაზე მიმაგრებულია სამხედრო ტექნიკა - „ბმპ“, „ბტრ“, „ვილისის“, „კამაზის“ და „ურალის“ ტიპის ავტომანქანები. მერხეულის სამხედრო ბაზაზე ასევე განლაგებულია საარტილერიო დანადგარები.

 

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აფხაზეთში არსებული

სამხედრო ბაზები 20-დან 25 ათას სამხედროზეა გათვალისწინებული.

მისივე თქმით, პოლიტიკური ზეგავლენის მოსახდენად რუსეთს შეუძლია

12 საათის განმავლობაში აფხაზეთში კონტიგენტი 50 ათასამდე

გაზარდოს.

 

„რუსეთი გათვლას აკეთებს იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში სამხედროების რაოდენობა გაზარდოს იმ რაოდენობაზე, რომელიც საკმარისი იქნება მის მიერ რეგიონში უპირატესობის მოსაპოვებლად“, - აცხადებს სესიაშვილი.

 

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ბესიკ სილაგაძე ამბობს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზები ერთიორად ზრდის რუსულ სამხედრო პოტენციალს შავი ზღვის რეგიონში, რაც, მისი თქმით, არღვევს ძალთა თანაფარდობის პრინციპებს შავი ზღვის აუზში.

 

„რუსეთის ასეთი ქმედება, სერიოზული საფრთხის შემცვლელია

როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის. ამ ბაზების

დანიშნულება სწორედ შავი ზღვის რეგიონზე კონტროლის აღდგენას

წარმოადგენს. საქართველოსთან მიმართებაში კი არის ბუფერული ზონის შექმნის მცდელობა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს ენგურს გაღმა და გამოღმა მცხოვრები მოსახლეობის ერთმანეთთან კონტაქტები. ეს ბაზები სჭირდებათ რუსებს, რომლებმაც დაიპყრეს ეს ტერიტორია და შესაბამისად, მათ აღარ სჭირდებათ ის, რომ აფხაზების ხელში იყოს იარაღი და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ამოიღონ ეს იარაღი,“ - აცხადებს ბესიკ სილაგაძე.

 

რუსული ბაზები ფსოუდან გალამდე

ფსოუდან გალამდე რუსი ოკუპანტებისა და აფხაზი სეპარატისტების ბლოკ-საგუშაგოზე განლაგებული სამხედრო ტექნიკა და ცოცხლი ძალა ასე გამოიყურება:

 

ფსოუ – რუსი მესაზღვრეების 1 ოცეული, 7 აფხაზი მესაზაღვრე, 1 „ბმპ“, 1 „ბტრ“

გაგრა – რუსი მესაზღვრეების 1 ოცეული, რომლებიც შეიარაღებული არიან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და მათ განკარგულებაშია ტყვიამფქვრევები.

სოხუმი – აფხაზი მესაზღვრეების 1 ასეული, 3 ტანკი, 4 ერთეული „კამაზის“, „მაზ“-ის, „ურალის“ მარკის მანქანები. მაიაკის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსი მესაზღვრეების 1 ასეული.

მაჭარა განმამღველების 2 ასეული; სატანკო ნაწილი; 15 ტანკი, 14 „ბმპ“, 10 „ბტრ“, 6 ერთეული ქვემეხი, ავტომატები, ტყვიაამფრქვევები, ყუმბარმტყორცნები.

ბაღმარანი: საარტილერიო დივიზია, 20 ერთეული კასეტური საარტილერიო დანადგარი, სატვირთო მანქანები, 7 ტანკი „დ-30“ ტიპის 7 ერთეული ქვემეხი.

კაშტაკი გამნაღველებიის 2 ოცეული და 8 ერთეული ტანკი „ტ-55“.

ოჩამჩირე 1 ასეული სპეცრაზმი, 12 ტანკი „ტ-55ბ“, 2 ერთეული „ბმპ“, ქვემეხები და ყუმბარმტყორცნები.

ტყვარჩელი სამხედრო კომენდატურას ხელმძღვანელობს მაიორი სუმარ ზაქარაია, ერთი ოცეული, ტყვიამფრქვევი, ავტომატები, ყუმბარმტყორცნები, „ურალის“ და „კამაზის“ მარკის მანქანები.

გალი რუსი სამხედროების 1 ასეული, 2 ერთეული „ბმპ“, 3 ერთეული ავტომატი, ტყვიამფრქვევები, „ურალის“, „ზილ“-ის, „უაზ“-ის ტიპის ავტომანქანები.

0

ავტორი: