ანდალუსიური ძაღლი - 20-იანი წლების სიურეალისტური ფილმი ანდალუსიური ძაღლი - 20-იანი წლების სიურეალისტური ფილმი />


  11:08:51     26-07-2011

ანდალუსიური ძაღლი - 20-იანი წლების სიურეალისტური ფილმი

a8422.jpg

ანდალუსიური ძაღლი ლუის ბუნიუელისა და სალვადორ დალის განთქმული სიურრეალისტური ფილმაი, რომელიც 1929 წელს გამოვიდა პარიზში.

ფილმი შავთეთრია და წარმოადგენს სიურრეალისტური, ხშირად შოკისმომგვრელი სურათებისა და სცენების კრებულს. ფილმი იწყება პროლოგით, სადაც ლუის ბუნიუელი ჯერ ლესავს დანას, შემდეგ გადის აივანზე და სავარძელში მჯდომ ქალს დანით თვალს უსერავს. ამავდროულად, ღრუბელი გადაკვეთს სავსე მთვარის დისკოს.

სხვა სცენები აბსურდულია და ერთმანეთთან შინაარსობრივად დაკავშირებული არ არის. ისინი ერთმანეთისგან გამიჯნულია ტიტრებით: „რვა წლის შემდეგ“, „ხვალ სამ საათზე“, „თექვსმეტი წლის წინ“ და „გაზაფხულზე“. ფილმის ყველაზე ცნობილი სცენებია: კაცის ხელებში მოქცეული ქალის მკერდი, რომელიც საჯდომად გადაიქცევა; კაცის ხელისგული, რომელზეც ხვრელია, საიდანაც ჭიანჭველები ამოდიან; კაცის მოკვეთილი მაჯა; კაცი, რომელიც ორი ბაგირის გამოყენებით ზურგით სხვადასხვა ნივთებს მიათრევს, მათ შორის, ორ როიალს, ორ მკვდარ სახედარს და ორ ღარიბ სემინარისტს. სცენები ფილმის ბოლოს არ ერთიანდება და კვლავ ამოუცნობი რჩება.

ბუნიუელი და დალი ერთმანეთის სტუდენტობიდან, 20-იანი წლებიდან იცნობდნენ. 1928 წელს, ისინი ფიგუერესში, დალის მშობლიურ ქალაქში ერთმანეთს შეხვდნენ და საკუთარი სიზმრები გაუმხილეს. ბუნიუელმა სიზმარში ნახა გრძელი და ვიწრო ღრუბელი, რომელმაც სკალპელივით გადაკვეთა მთვარის დისკო. დალის კი დაესიზმრა, რომ მისი ხელი სავსე იყო ჭიანჭველებით. მათ გადაწყვიტეს, ეს ყველაფერი ექციათ ფილმად, რომელშიც არაფერი იქნებოდა რაციონალური, ლოგიკური და ფსიქოლოგიურად ახსნადი.

სცენარი დაიწერა ერთ კვირაში.გადასაღებად საჭირო ფული ბუნიუელმა დედას გამოართვა. გადაღებები საფრანგეთის ჩრდილოეთში მიმდინარეობდა და 14 დღეს გაგრძელდა. ბუნიუელმა ფილმი პარიზში დაამონტაჟა და დამონტაჟებული ფილმი  რეისა და ლუი არაგონს აჩვენა, რომლებიც აღფრთოვანდნენ.

1929 წლის აპრილში, პირველი საჯარო პრემიერა შედგა. პრემიერისას გრამოფონი უკრავდა რიხარდ ვაგნერის მუსიკას ოპერიდან „ტრისტანი და იზოლდა“ და არგენტინულ ტანგოს. არსებობს ფილმის ასლი, სადაც ასევე ბეთჰოვენის მუსიკა ისმის.

ბუნუელმა და დალიმ სახელი გაითქვეს და პარიზის სიურრეალისტურ წრეებს დაუახლოვდნენ. ისინი მოგვიანებით კვლავ თანამშრომლობდნენ ფილმში „ოქროს საუკუნე“, რომელიც სტილისტურად „ანდალუსიური ძაღლის“ გაგრძელება იყო.

0

ავტორი: