08:51:27     12-02-2020
"ქართულმა ოცნებამ" აშშ-ში ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა

"ქართულმა ოცნებამ" შეერთებული შტატებში მოქმედ გავლენიან ლობისტურ კომპანია Hogan Lovells-თან გააფორმა ხელშეკრულება. შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გაფორმებულ ხელშეკრულებას პარტიის სახელით ხელს აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აწერს.
როგორც მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ცხადჰყოფს, ლობისტური კომპანია "ქართულ ოცნებას" შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში დაეხმარება.
ლობისტური კომპანია საქართველოს მმართველ პარტიას შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან ადვოკატირებას გაუწევს და პარტნიორობის სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება.
მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2021 წლის იანვრამდე. ღირებულება კი თვეში 75 ათას დოლარს შეადგენს, შესაბამისად, ქართულ ოცნებას ლობისტური კომპანიის მომსახურება სულ 900 ათასი დოლარი დაუჯდება.
ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ ლობისტურ კომპანია chartwell strategy group-თან ხელშეკრულება 2020 წლის 27 იანვარს განაახლა.
"დარეგისტრირებული პირი საქართველოს მთავრობას უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობებისა საკონსულტაციო მომსახურებით.
დარეგისტრირებული პირი იმუშავებს აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის, მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს მთავრობას აშშ-ის ადმინისტრაციასთან და კონგრესთან კავშირების დამყარებასა და მხარდაჭერის მოპოვებაში.
ასევე საქართველოს დაეხმარება უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის გაძლიერებაში.
დარეგისტრირებული პირი ითანამშრომლებს აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებთან, საქართველოში აშშ-ის პირდაპირი ინვესტიციების საჭიროების საკითხზე და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე.
დარეგისტრირებული პირი კომუნიკაციას აწარმოებს აშშ-ისა და გლობალურ მედიასთან აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე",- წერია მხარეებს შორის გაფორმებულ ლობისტური მომსახურების ხელშეკრულებაში.
0