10:49:41     26-07-2011
ვალერიან გაფრინდაშვილის მიერ თარგმნილი - კოსტა ხეტაგუროვის რამდენიმე ლექსი
ოსური ლიტერეტურის დამფუძნებლად ითვლება კოსტა ხეტაგუროვი - კოსტა ხეთაგათი. მან 1899 წელს გამოსცა ლექსების კრებული „ოსური ლირა“ (Ирон фæндыр). სადაც გამოქვეყნდა ლექსები ოსურ ენაზე. ორი წლით ადრე ალექსანდრე კუბალოვმა გამოსცა პირველი სრულტანიანი პოეტური ნაწარმოები. თუმცა, კოსტა ხეთაგუროვის დამსახურება ოსური ლიტერატურის დამკვიდრებაში, უმნიშვნელოვანესად მიაჩნიათ.
კოსტა ხეთაგუროვს უყვარდა ქართველი ხალხი. ის იცნობდა ალექსანდრე ყაზბეგს, მიხეილ ზაალის ძე ყიფიანს, დიმიტრი არაყიშვილს და სხვებს. მისთვის კავკასია იყო სამშობლო, ქარველები კი ძმები.
კოსტა ხეთაგუროვი ხატავდა. ქართველებს ძალიან მოეწონათ, როდესაც მან შექმნა წმინდა ნინოს პორტრეტი.
რუსული პროპაგანდისტული მანქანა კი გვაბრალებს ოსი ხალხის გენოციდს („ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო“), მაგრამ სინამდვილეში, არა ერთი ქართველი მოღვაწე ყოველნაირად ცდილობდა ოსებისათვის ხელის შეწყობას, ყველა კეთილ საქმეში. ნამდვილ ოსეთში (ჩრდილო კავკასიაში) და საერთოდ, ოსებს შორის, მისიონერობდნენ ქართველი მოძღვრები, მათი ლიტერატურის მთავარი დამფუძნებლის ლექსებს იმთავითვე თარგმნიდნენ ქართველი პოეტები. როცა რუსებმა რუსეთში უგულებელყვეს ოსურ ენაზე სწავლება და კულტურის გავრცელება, ჩრდილო ქართლში (ცხინვალის რეგიონში) ოსური სკოლები, თეატრი, გაზეთი და უმაღლესი სასწავლებელი იხსნებოდა.
დღეს გვინდა პრესა.გე-ს მკითხველს გავაცნოთ კოსტა ხეთაგუროვის რამდენიმე ლექსი, ჩვენი საყვარელი პოეტის, ვალერიან გაფრინდაშვილის მიერ თარგმნილი.
* * *
ო, შენ ვერავინ ვერ შეგცვლის ვერა,
ჩემო ძვირფასო, მშობელო დედავ!
დღეს არაფერი შენ შვილს არ სჯერა,
ის მოიქანცა და გზას ვერ ხედავს.
რომ ყოფილიყავ ცოცხალი ახლა,
შენ ჩასწვდებოდი მის გულს მღელვარეს,
აიტაცებდი მაღლა და მაღლა,
როგორც არწივი ფრთებმოელვარე.
აპატიებდი შეცდომებს იმას
და ჩაიკრავდი გულში ალერსით,
გაუნათებდი ცხოვრების მიზანს,
როგორც ვარსკვლავი უმხურვალესი.
მ. ზ. ყიფიანის გარდაცვალებაზე
მოკვდა... ეს სიტყვა ცივი, დუხჭირი,
ისმის მწუხარედ, გული სცემს ობლად.
გარდაიცვალა... შენ ახლა სტირი,
ჩვენო კავკასო, ჩვენო სამშობლო!
შვილი დაკარგე შენ ღირსეული...
რაც გვიანდერძე საუნჯე წმინდა,
როგორც ქართველის სახე ჩვეული,
ჩვენს დაუვიწყარ ძმაში გაბრწყინდა.
განა ბევრია თავგანწირული,
ვინც ხალხს შესწირა სიცოცხლე მთელი,
ვისი ბრძოლაა მუდამ გმირული,
ვისაც ქოხებში შეაქვს ნათელი?
არ არის ბევრი. მებრძოლის სახელს
შთამომავალი იტყვის მრავალი.
ვუსმენ კავკასო, შენ გლოვის ძახილს,
რომ კვლავ ვიწამო მე მომავალი.
წინათგრძნობა
როგორ განვმარტო, რომ დავარქვა სწორი სახელი,
იმის წინაშე, უძლურია ჩემი გონება.
თითქოს მაშინებს შეუცნობი რაღაც ძახილი,
შენზე ფიქრი და წინათგრძნობა ჩამეკონება.
არც კი ვიცოდი რად მივენდე მე ჭმუნვას ახალს,
მაგრამ გიცქერდი ათრთოლებით და ვერ ვფარავდი,
რომ უეჭველად რაღაც ძვირფას და რაღაც მაღალს
ჩემს განდევნასთან ერთად ვკარგავდი.
და ყოველივე რაც აღზარდა ტრფიალით სულმა,
რასაც ვნერგავდი მე შენს გულში მრავალი წლობით,
ვიცი, შენს მიერ წალეკილი იქნება ულმოთ,
ჩემს აზრს ამოფხვრის შენს გულიდან ჟამი უნდობი!
ჩემთვის აქამდის ეს წუხილი არც კია ცხადი -
სმენა ამივსო წინათგრძნობამ თავის ხმაურით:
ჩვენ საერთო გზა არ გვექნება, შენი გზით წადი
მე ისევ ჩემს გზას გავუდგები, ვით მოგზაური.