10:40:45     27-01-2020
ტურისტებისთვის მუქარით 31 000 ლარის გადახდევინებისთვის კლუბ „შავი ვარდის” მენეჯერი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, ჩადენილი ძალადობით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში მდებარე ღამის კლუბ ,,შავი ვარდის" მენეჯერია, ამავე კლუბში მყოფ უცხოეთის მოქალაქეებს მომსახურებისთვის იძულების მუქარით, დიდი თანხა - 31 000 ლარი გადაახდევინა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად, ინდოეთის მოქალაქემ, ს.ს.-მ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო.
მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ს.ს.-ს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კლუბში მყოფი უცხოეთის მოქალაქეების სახელზე რეგისტრირებული საბანკო ბარათებიდან თანხის ნაწილი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით მიითვისა.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი, 360-ე მუხლის მე-2 და 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
0