11:45:00     25-07-2011
იოსებ გრიშაშვილის „ოლოლ! ოლოლ! („სიყვარულის სიმფონია“)
1911 წელი. აკაკი ჯერ კიდევ ცოცხალია. ცოცხალია ვაჟაც.
ასპარეზზე გამოდის ახალი თაობა. ქართული ენის დიდი რეფომატორების საქმე გრძელდება. ილიამ, აკაკი, ვაჟამ, სანდრომ და სხვა შესანიშნავმა შემოქმედებმა ახალი ქართული სალიტერატურო ენა, - რომელიც უფრო ახლოს იდგა ძველ, ნამდვილ, ტკბილ, სახარებისეულ ქართულთან, ვიდრე ღვარჭნილი ხელოვნური ენა, - ახალ სიმაღლეზე აიყვანეს, ლიტერატურა გაამდიდრეს. საზოგადოების უფრო ფართო ფენებს უფრო მეტად შეაყვარეს მწერლობა, პოეზია, თეატრი, საერთოდ კულტურა. XX საუკუნის დასაწყისიდან მშვენიერი ნაწარმოებებით კიდევ უფრო მდიდრდება და მდიდრდება ქართული ლიტერატურა.
1864 წლის „გლეხთა რეფორმამ“ დიდი ბიძგი მისცა ქართული კულტურის განვითარებას. თუ აქამდე ყმა-გლეხების შვილებს შემოქმედებითი ასპარეზი გადაკეტილი ჰქონდა, ქართველი გლეხკაცის, უბრალო ადამიანის გათავისუფლებამ დიდი ტალანტები დაამატა ქართულ კულტურას.
„თერგდალეულებმა“ დიდი საქმიანობა გასწიეს განათლების საქმეში.
დროც სხვა იყო. ქართველები ისევ გაეცნენ დასავლეთის კულტურას, უკეთ, აღმოსავლეთისას იცნობდნენ. საქართველოში შემოიჭრა სონეტი, ტრიოლეტი… ქართველებმა მაღალ საფეხურზეც აიყვანეს.
აკაკი ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ ახალგაზრდები გამოდიან ასპარეზზე და საფუძველი ეყრება უახლეს ქართულ ლექსს.
ერთ-ერთი მათგანია იოსებ გრიშაშვილი (მამულაშვილი). უბრალო წრიდან გამოსული პოეტი, კალატოზის შვილი. მისი ტრიოლეტები ტფილისურია, სონეტებიც ქართულია და მაღალმხატვრული... მისი ლექსები უაღრესად ლირიკულია და პატრიოტული. მისი რითმა დახვეწილი, სახეები ორიგინალური და პოეტური ძალიან...
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმატორი ქართული ლექსისა, ჩემი აზრით, არის იოსებ გრიშაშვილი. ტფილისურ აშუღურ პოეზიაზე აღზრდილი და ევროპული მიმდინარეობების შესანიშნავი მცოდნე, დიდი ტალანტის შემოქმედი, ბრწყინვალე სინთეზს ახდენს. მისი შესანიშნავი პოეზია ტფილისურია, ქართულია, კავკასიურია, აზიური და ევროპულია, ევრაზიულია - განუმეორებელია.
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს გვინდა გავახსენოთ იოსებ გრიშაშვილის ერთ-ერთი ბრწყინვალე ლექსი, დაწერილი 1911 წელს: „ოლოლ! ოლოლ! (სიყვარულის სიმფონია). ვფიქრობ, მის სხვა ლექსებთან ერთად, რომლებსაც მერე, ნელ-ნელა გავიხსენებთ და ჩვენს, პრესა-გე-ს ინტერნეტ-ბიბლიოთეკაში დავამეტებთ, ეს ლექსი არის ბრწყინვალე ნიმუში იმისა, რომ 1911 წელს, სულ ახალი, სულ ნორჩი, ფაქიზი, დახვეწილი ქართული ლექსი იბადება.
ოლოლ! ოლოლ!
სიყვარულის სიმფონია
შენ ხავერდის ყვავილი ხარ, ხან ტკბილი და ხან კი მწვავე,
შენ ნუკრი ხარ, ლაღი ნუკრი, ტბის გულ-მკერდზე მოცეკვავე,
შენ ხარ რწმენის სამლოცველო, გამოუცნობ გრძნობით სავსე,
შენს წიაღში მგოსნის სული ჩავაქსოვე, მოვათავსე.
შენ ზამბახის ფურცელი ხარ, სცურავ ნამში, ცად იწევი,
შენ ვეზუვის ფრიალო ხარ, მთა სასტიკი, ცეცხლის მფრქვევი.
ოლოლ! ოლოლ! მსურს ცრემლები ციურ ჰანგად დავაგუბო,
მსურს აკვანი იყო შვების, მსურს ოცნების იყო კუბო.
სევდის კუბო! სევდის კუბო!
შენს თვალებში ვჭვრეტ სამოთხეს, ვჭვრეტ განთიადს, ვჭვრეტ შავ ღამეს!
შენს თვალებში ტალღას სძინავს, ტალღას მშვიდს და მოკამკამეს,
შენს თვალებში ჰფეთქს სიცოცხლე, ვეძებ აზრებს თავისუფალს,
შენს თვალებში ვხედავ ჩემს ღმერთს, სულის კერპს და გულის უფალს!
შენს თვალებში კრთის ვარსკვლავი, სტირს ტირიფი თავდახრილი,
შენს თვალებში კანდელს აქრობს ზღვით ნატყორცნი სიო გრილი!
ოლოლ! ოლოლ! მსურს ცრემლები გლოვის ჰანგად დავაგუბო,
მსურს აკვანი იყო ცრემლის, მსურს ბუნების იყო კუბო,
გრძნების კუბო, გრძნების კუბო!
ზღვის ფსკერიდან ძვირფას ქვებს ვკრებ, ვკრებ უცნაურ მარგალიტებს,
მზის სიცილი დავაფრქვიე გადაზნექილ ვარდის კვირტებს,
ცის კამარას ჩავაგრიხე, ჩავაგრიხე ცეცხლის სხივი,
ორთქლის კაბა გადაგაცვი, ყელს დაგკიდე ნამის მძივი,
მთას მოვწყვიტე ნისლის ცრემლი, ცას მოვტაცე ძალთა ძალი
და ეგ ვარდი ისე მოვრთე, ვით უმანკო პატარძალი.
ოლოლ! ოლოლ! მსურს მეც ცრემლი უკვდავ ჰანგად დავაგუბო,
მსურს აკვანი იყო რწმენის, მსურს სიცოცხლის იყო კუბო,
მგისნის კუბო! მგოსნის კუბო!
(1911)