14:14:53     14-01-2020
პროკურორის განცხადებით, "ბასიანთან" 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანი დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი და აგრესიულია
კლუბ "ბასიანთან" 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანი დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი და აგრესიულია, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, ბიძინა ჩაჩხიანი წარსულშიც ნასამართლევია, თუმცა, ეს ოფიციალურად მოხსნილი, ან გაქარწყლებული აქვს. პროკურორის განმარტებით, ამ ფაქტს, როგორც ჩაჩხიანის პიროვნულ მახასიათებელს, ისე გაითვალისწინებს.
ამასთან, ლაშა გამყრელიძის განცხადებით, ბრალდებული მიმალვას აპირებდა, ისე მოხდა მისი დაკავება.
ბრალდების მხარე ბიძინა ჩაჩხიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
კლუბ „ბასიანთან" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარედგინა. ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ", მე-5 ნაწილის "გ", მე-7 ნაწილის "ა" და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.
აღნიშნული ბრალდება 9-დან 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0