10:47:17     09-01-2020
ვარკეთილში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი კაცი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება დაკავებულ ვ.ბ.-ს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ.წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ. -ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ.-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე.
ბრალდებული ზ. ფ. მის თანმხლებ პირთან ვ.ბ.-სთან ერთად შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას. კონფლიქტში მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.ფ.-მ ვ.ბ.-სთან ერთად ჯგუფურად, მ.წ.-ს მიაყენეს სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მ.ჩ.-მ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
როგორც საქმეზე მომუშავე პროკურორმა დავით გუმებრიძემ აღნიშნა, მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე მეორე ბრალდებულის დაკავება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და გარდაცვლილის ძმის გამოკითხვის შემდეგ გახდა შესაძლებელი
„დაზარალებული პირი, ვგულისხმობ ძმას, დღეს გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. ასევე ჩვენ ვნახეთ არა ერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო ორგანო არ ცდილობს ოჯახთან დაკავშირებას. ჩვენ ვითვალისწინებთ ოჯახის მძიმე მდგომარეობას, ამიტომ არ ვცდილობთ, რომ ამ პერიოდში შევაწუხოთ. ვგულისხმობთ როგორც დედას, ასევე, ძმას. დღევანდელი მოცემულობით ძმამ შეძლო, გამოცხადდა ჩვენთან, მოგვაწოდა ინფორმაცია და სწორედ ამის შემდგომ გადაწყდა ბრალდებულის დაკავება“,- აღნიშნა გუმბერიძემ.
ამასთან, განმეორებითმა ექსპერტიზამ დადასტურდა, რომ გარდაცვლილს არცერთი თვალი არ აქვს დაკარგული. ექსპერტიზა დაღუპულის ოჯახის წევრების თანდასწრებით ჩატარდა.
“დედას ჰქონდა კითხვები კონკრეტულად თვალთან დაკავშირებით და საჯაროდ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წამების შედეგად თვალი არ აქვს გარდაცვლილს. ჩვენ გვქონდა სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე ექიმების ჩვენებები და რა თქმა უნდა შემოწმებული იყო გარდაცვლილი. შესაბამისად, მოვედით იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დაზარალებულმა ნახოს, დარწმუნდეს და კითხვის ნიშნები არ დარჩეს როგორც გამოძიებასთან, ასევე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა პროკურორმა.
2020 წლის 6 იანვარს საქმეზე დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ზ.ფ-ს ბრალი წარედგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
7 იანვარს სასამართლომ დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.
0