16:22:25     07-01-2020
"დამპალოს" სასაფლაოზე მოკლული ახალგაზრდის ოჯახი მანქანის გატაცების ფაქტს უარყოფს - "მანქანაში მხოლოდ გასათბობად ჩასხდნენ"
სპეცრაზმელი ზურაბ ფოფხაძე, რომელიც 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობაში და მისი ძმის, მუხრან წურწუმის ცემაშია ბრალდებული, მხოლოდ მურად წურწუმიას ცემის ფაქტს აღიარებს.
სპეცრაზმელს ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა იცავს. ადვოკატმა ბრალდებული დროებითი დაკავების იზოლატორში მოინახულა.
"ის აღიარებს ფაქტს, რაც მოხდა - მან სცემა, დაარტყა, მაგრამ ამას ჰქონდა სხვა პერიპეტიები. შემთხვევა მოხდა ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე, სადაც ბრალდებული მეგობართან ერთად იმყოფებოდა ახლობლის სასაფლაოზე და როდესაც დაბრუნდა, მის მანქანაში იყო ორი პიროვნება, რომელიც ცდილობდა ამ მანქანის წაყვანას არა ფარულად, არამედ აშკარად. შემდეგ თავისთავად ბრალდებული ეცადა, რომ გადმოეყვანა ეს პირები საკუთარი მანქანიდან, მაგრამ როგორც ბრალდებული ამბობს, ისინი იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში. მათ ბუნებრივია, გაუწიეს წინააღმდეგობა, შემდეგ მოხდა გაწევ-გამოწევა. ამ პირებმა მაინც მოახერხეს მანქანის გაყვანა, დაახლოებით 15 მეტრი გაიარეს და ბოძს დააჯახეს. ცხადია, ესენი გაეკიდნენ. პირი, კანონიერად იბრუნებდა ნივთს, ამას მოჰყვა ცემა და ჩვენდა სამწუხაროდ, სავალალო შედეგი დადგა”, - განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატი ირწმუნება, რომ ბრალდებულმა წურწუმია სახლში წაიყვანა და მდგომარეობის გართულების შემდეგ გამოიძახა სასწრაფო.
მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის ახლობლები კი უარყოფენ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილს და მის ძმას მანქანის გატაცება სურდათ. მათი განცხადებით, 2 იანვარს მამის საფლავზე მყოფი ძმები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, ერთ-ერთ მანქანაში მხოლოდ გასათბობად ჩასხდნენ და სიგარეტს მოუკიდეს, რა დროსაც მანქანის პატრონი და მისი მეგობარი მივიდნენ და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ოჯახის წევრების განცხადებით, ერთ-ერთმა ძმამ გაქცევა მოასწრო, დაღუპული კი გააშიშვლეს, აწამეს და შემდეგ ერთ-ერთ კორპუსთან დატოვეს.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდის გარდაცვალებაში დამნაშავე ორი პირია, ბრალი კი, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთ მათგანს აქვს წარდგენილი. ოჯახი საქმის ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, დაპირისპირება ორ მამაკაცსა და შსს-ს მოქმედ თანამშრომელს შორის 2 იანვარს "დამპალოს სასაფლაოს" ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა 24 წლის მამაკაცი აწამა, რის შედეგადაც ის სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებების გამო გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ზურაბ ფოფხაძეს, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობაში არის ბრალდებული, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებული თანამდებობაც დაატოვებინეს.
ზურაბ ფოფხაძის მეგობარს, რომელიც "დამპალოს" სასაფლაოს ტერიტორიაზე მასთან ერთად იმყოფებოდა, ამ ეტაპზე, ბრალი არ წარდგენია, თუმცა, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.
0