01:35:39     30-12-2019
"ნაწამებია... ზურგი დალურჯებული აქვს, თავი გახეთქილი... მეზობელთან გადასულა, ქმარი მომდევს საცემადო, მაგრამ მეზობელმა არ შეიფარა" - რას ჰყვებიან სამეგრელოში გარდაცვლილი ქალის ახლობლები?
შამგონაში გარდაცვლილი ქალის, 32 წლის ეკა მიქავას ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს.
დაღუპული ქალის ძმის განცხადებით, გარდაცვლილის სხეულს ძალადობის კვალი ეტყობა. მისივე თქმით, ქალი მოკლულია და მას თავი არ ჩამოუხრჩვია.
"მეზობლის სახლში გადასულა, ქმარი მომდევსო საცემადო, მაგრამ მეზობელმა არ შეიფარა, ვვარაუდობ, რომ მოკლულია, რადგან დაბეჟილობები აღენიშნება სხეულზე და ნაცემია," - განაცხადა ნუკრი მიქავამ.
გარდაცვლილი ქალის მამა ვახო მიქავა კი ფიქრობს, რომ მისი შვილი თავს არ მოიკლავდა და ის საკუთარმა ქმარმა მოკლა.
"მე არ ვიცი ოჯახში რა მოხდა, როგორც მითხრეს ჩემმა შვილმა თავი ჩამოიხრჩო, რისიც არ მჯერა, ჩემი შვილი თავს არ ჩამოიხრჩობდა," - განაცხადა დაღუპულის მამამ.
ოჯახის ახლობლის თქმით, ქალი ნაწამებია. "ხელთან კბილითაა ამოჭმული, ზურგი დალურჯებული აქვს, თავი გახეთქილი," - აცხადებს ახლობელი ქალბატონი.
32 წლის ეკა მიქავას ცხედარი საკუთარ სახლში მეზობელმა, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ზაზა ბოხუამ აღმოაჩინა. ქალი ჩამომხრჩვალი სწორედ მან იპოვა. მასთან ქალი დახმარების სათხოვნელად მივიდა, რამდენიმე საათში კი ის გარდაცვლილი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, 3 მცირეწლოვანი შვილის დედაზე ქმარი ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა.
გარდაცვლილი ქალის ქმარი პოლიციამ ცოლზე ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით უკვე დააკავა. გავრცელებული ცნობით, შესაძლოა, დააკავონ დეპუტატი ზაზა ბოხუაც, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
0