16:49:13     29-12-2019
"ქმარს მეგობარი ქალი ჰყავდა, ცოლს კი ფიზიკურად უსწორდებოდა" - სამეგრელოში 32 წლის ქალზე ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 32 წლის ბაკურ სორდია დააკავეს, რომელიც მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ძალადობაშია ბრალდებული.
ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი გუშინ ნახეს. ოჯახის წევრებმა სამი მცირეწლოვანი შვილის დედა, რომელიც საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო, ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ქალის ცხედარს მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ხუბუამ საკუთარ სახლში მიაგნო. ხუბუა ოჯახის ახლობელია, რომელიც ოჯახური კონფლიქტის მოგვარებაში იყო ჩართული. გარდაცვლილი ქალი ბოლოს სწორედ დეპუტატის სახლში ნახეს. ის ნაცემი იყო და ოჯახის ახლობელს დახმარებას სთხოვდა. რამდენიმე საათში კი ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
მეზობლები ამბობენ, რომ ეკა მიქავას ქმარი, ბაკურ სორდია სისტემატურად სცემდა, თუმცა, არც ძალადობის მსხვერპლს და არც ოჯახის წევრებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ნათესავებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. მათი თქმით, ქალს ცემის შედეგად უმძიმესი დაზიანებები აქვს.
"ჩემი შვილი მესამე სახლში არ წავიდოდა და თავს არ ჩამოიხრჩობდა, ვარიანტი არ არის, გამორიცხულია, დაზიანება ზურგის არეში აქვსო. გამოეშვა ჩემი შვილი თავის შვილებიანად, ჩემთან მეყოლებოდა" - აცხადებს დაღუპულის მამა. გარდაცვლილის ძმის, ნუკრი მიქავას თქმით კი, მის დას სავარაუდოდ, "ჯერ სცემეს და მერე ჩამოკიდეს."
ახლობლები ამბობენ, რომ ბაკურ სორდიას მეგობარი ქალი ჰყავდა და მასთან ბავშვიც ეყოლა, რაც ოჯახური კონფლიქტის მიზეზი გახდა.
0