12:05:43     23-07-2011
ღია კარის დღე - „Agile Spirit 2011“
დღეს ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე სწავლების „Agile Spirit 2011” ღია კარის დღე გაიხსნა.
აშშ-ს საზღვაო ქვეითების და საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთობლივ სწავლება “Aგილე შპირიტ 2011” 18 ივლისს დაიწყო.
სწავლების მიზანია სამშვიდობო ოპერაციების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და აშშ-ს და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.
საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა - “ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ძალიან მყარი და მჭიდროა, დაფუძნებულია საერთო ინტერესებზე. ეს წვრთნები თავდაცვის სფეროში ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის გაგრძელებაა. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითები ქართველ სამხედროებთან ერთად წვრთნებს გადიან, უზიარებენ მათ სხვადასხვა ტიპის მისიებში მიღებულ გამოცდილებას, რომელსაც ქართველი სამხედროები მომავალში ავღანეთში გამოიყენებენ”.
საველე სწავლება „Agile Spirit 2011“ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მიმდინარეობს. სცენარი მაქსიმაურად მიახლოებულია რეალობასთან - ინციდენტები მოდელირებულია მიმდინარე კონფლიქტის (ავღანეთი) შესაბამისად.
წვრთნები ერთობლივად იმართება. ქართველი და ამერიკელი სამხედროები კონვოის, კორდონის, ჩხრეკის ოპერაციებს ატარებენ. ისინი, ასევე, ტერორისტებისგან შენობების გაწმენდაში, ამბოხებულთა დაკავება - გაუნებელყოფაში ვარჯიშობენ.
თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ერთობლივი სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა “ქართველი სამხედროების მონაწილეობა ასეთ წვრთნებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წვრთნების ძირითადი მიზანი არის თავისთავად იმ ბატალიონების ბრძოლისუნარიანობის ამაღლება, რომლებიც მასში მონაწილეობენ. ამ შემთხვევაში, წვრთნებში თანაბარი შესაძლებლობებით ერთდროულად მუშაობენ როგორც ამერიკელი, ისე ქართველი სამხედროები. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ასეთი ვარჯიშებისა და წვრთნების შემდეგ ვღებულობთ მაღალი ხარისხის საბრძოლო ქვედანაყოფებს”.
სწავლება მასშტაბური ხასიათისაა. მასში მონაწილეობას იღებს რუმინეთში, კონსტანტაში ბაზირებული შავი ზღვის მე-11 როტაციული ძალების 350 საზღვაო ქვეითი, ბესემერის გარეთ ბაზირებული ანტი-ტერორისტული ბატალიონი და საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 450 სამხედრო მოსამსახურე.
სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-3 ოპერატიული დაგეგმის დეპარტამენტის, ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ზურაბ თომაური, ხოლო ამერიკის მხრიდან, შავი ზღვის მე-11 როტაციული ძალების მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ნელსონ ს. კარდელა ხელმძღვანელობენ.
ერთობლივი სწავლება „Agile Spirit 2011“ 1 აგვისტოს დასრულდება.
mod.gov.ge
0