12:24:47     10-12-2019
„აქციების დაშლისას სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს“ - სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით 2019 წელი შეაჯამა

20 ივნისის აქცია, მოსამართლეთა შერჩევა, პრეზიდენტის შეწყალებები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა - სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა.
ომბუდსმენის ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვას ეხებოდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი 20-21 ივნისის აქციების დაშლის შეფასება იყო.
ნინო ლომჯარიამ ყურადღება აქციების დაშლისას ძალის არათანაზომიერად გამოყენებასა და სამართალდამცველთა მიერ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაზე გაამახვილა.
„მოცემულ შემთხვევაში გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები გამოყენებული ძალის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ასევე, რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების აშკარა შემთხვევები.
ცალკე ყურადღებას იმსახურებს მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტები, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათი დაცულობის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან.
18 და 26 ნოემბერს მშვიდობიანი აქციები, ასევე ძალის გამოყენებით დაშალეს. მართალია, მოცემულ შემთხვევებში წინა შემთხვევებთან განსხვავებით, შედარებით მსუბუქი საშუალებების გამოყენებით დაშალეს, თუმცა აქაც ჩნდება კითხვები მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების თანაზომიერებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა დღეს ნინო ლომჯარიამ.
2019 წელს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს კვლავ, კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა წარმოადგენდა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმწვავეს პრობლემად რჩება გადაადგილების თავისუფლება, ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა და ბორდერიზაციის პროცესი.
განცხადებაში ასევე საუბარია უმცირესობების უფლებებზე, შრომის უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვის სისტემასა და ქალთა მიმართ ძალადობაზე.
0