12:24:05     09-12-2019
„ვილოცებ, რომ საპენსიო რეფორმა წარმატებით გაგრძელდეს“ - სურგულაძე თანამდებობას ტოვებს

საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს, აღნიშნული გადაწყვეტილება ლევან სურგულაძემ საზოგადოებას ცოტა ხნის წინ გააცნო.
„სამეთვალყურეო საბჭოს მივმართე თხოვნით, ვინაიდან საპენსიო სააგენტო ფუნქციონირებს გამართულად, ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე 16 იანვრიდან დამეტოვებინა ჩემი თანამდებობა. ეს იყო დაახლოებით, ერთი კვირის წინ. სამეთვალყურეო საბჭო კანონის თანახმად, ამ განცხადებას განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, თუ სამეთვალყურეო საბჭო მიიჩნევს, რომ მე რაღაცა პერიოდი უნდა დავრჩე თანამდებობაზე, არც ეს იქნება პრობლემა. რა თქმა უნდა, რეფორმის უპრეცედენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამას მე დავეთანხმები", - თქვა სურგულაძემ.
კითხვაზე, ხომ არ შეარყევს საპენსიო რეფორმის მიმართ ნდობას მისი თანამდებობიდან წასვლა, სურგულაძემ უპასუხა:
„რეფორმასთან დაკავშირებით თავიდან ისმოდა კითხვები. ჩვენმა სააგენტომ იმუშავა ძალიან ბევრი და კარგად და დღეს ეს ნეგატივი ასე თუ ისე არის ნიველირებული. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა დატოვა საპენსიო სქემა, ვიდრე ვინმე ელოდა. შესაბამისად, ეს ნდობა ჩვენ გარკვეულწილად მოვიპოვეთ. რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით და ის გაგრძელდება წარმატებით, მე დარწმუნებული ვარ ამაში, მე ამის შესახებ ვილოცებ ყოველთვის. მე ვიქნები მორალურად ჩემი გუნდის გვერდით მორალურად”,- აღნიშნა მან.
სურგულაძე აღნიშნულ პოსტზე 2018 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა.
როგორც ლევან სურგულაძე აცხადებს, მან სამეთვალყურეო საბჭოს გადადგომის მოთხოვნით უკვე მიმართა. სამეთვალყურეო საბჭოს, ლევან სურგულაძის განცხადების დასაკმაყოფილებლად ვადა 16 იანვრამდე აქვს.
0