11:21:15     04-12-2019
მაია ცქიტიშვილი: აგრესიას ოპოზიციური ძალები თესავენ

„აგრესიას ჩვენი ოპოზიციური ძალები თესავენ, თუმცა ეს არ ამართლებს „ქართული ოცნების“, თუ ცალკეული მაჟორიტარის მხარდამჭერებს, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში შედიან ოპოზიციის წარმომადგენლებთან“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ცქიტიშვილის თქმით, მისთვის ნებისმიერი დაპირისპირება მიუღებელია. მან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„რაიმე სახით დაპირისპირება მიუღებელია, ეს დაპირისპირება ვისგანაც არ უნდა გამომდინარეობდეს, ან მით უმეტეს ფიზიკური ძალის გამოყენება და ისეთი ტიპის აქციები, რომელიც ძალადობის ელემენტებს შეიცავს. სამწუხაროდ, ეს პროცესი იმ რადიკალურმა ოპოზიციამ დაიწყო, რომელსაც ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ეს მეთოდები აქვს და წლების განმავლობაში ამ მეთოდებით გვემუქრება. როდესაც ოპოზიცია მიდის ამა თუ იმ ოფისთან, დეპუტატთან და მას ხვდება იქაც მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, არის ბუნებრივი გამოძახილი იმ აგრესიისა, რომელსაც ჩვენი ოპოზიციური ძალები თესავენ. თუმცა, ამასთან ერთად, არ ამართლებს „ქართული ოცნების“, თუ ცალკეული მაჟორიტარის მხარდამჭერებს, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში შედიან ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი ქუჩიდან პარლამენტში და მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს, რაც არაერთხელ გაგვიცხადებია, გაგვიკეთებია და მოგვიწოდებია.
ჩვენს ამომრჩეველს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს მოვუწოდებ, თავი შევიკავოთ ნებისმიერი სახის ძალადობისგან და მათ შორის იმ ემოციური პასუხისგან, რომელიც შეიძლება აგრესიულ ქმედებებზე მიდიოდეს. ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, ამ საქმეს ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ, მეტი თმენის ვალდებულება გვაქვს. აქედან გამომდინარე, არ უნდა მოხდეს პროვოკაციაში ჩაბმა ან პროვოცირების გამოხატვა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
0