13:32:27     21-07-2011
ლიკა ყიფშიძის „ცის ჯადოსნობა“ და სხვა (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან)
დღეს პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ ჩვენი თანამედროვე პოეტისა და პროზაიკოსის ლიკა ყიფშიძის შესახებ საუბარს და მის რამდენიმე ლექსს.
დაიბადა 1962 წლის 21 სექტემბერს თბილისში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში, კორესპონდენტად, ასევე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. გამოცემული აქვს საბავშვო წიგნი – „მარიკელას მოთხრობები, ანუ, ობოლას თავგადასავალი“. არის გამომცემლობა „პალიტრის“ მიერ გამოშვებული „ანბანის“ ტექსტის ავტორი.
დაქორწინებულია, ყავს ორი ქალიშვილი – თეონა და მარიამი, და ერთი – შვილიშვილი – ანა.
წერს 3 წლის ასაკიდან, ამბობს რომ „ჩემს პირველ „ნაბოდვარს“ დედა იწერდაო“. მადლიერია, იმ დროინდელი პიონერთა სასახლის ნორჩ შემოქმედთა სტუდიისა, სადაც მისი ლიტერატურული გემოვნება ყალიბდებოდა.
ლექსებიდან ლექსებამდე ოცწლიანი შუალედი აქვს...
“მხოლოდ მოთხრობებს და საბავშვო ზღაპრებს ვწერდი. ლექსები, არ ვიცი, რატომ, მაგრამ, მივატოვე! ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა მკითხა, ლექსებს ვერ წერო? და ისეთი ნაწყენი თვალებით შემომხედა, გული მეტკინა! ეს ბიძგი აღმოჩნდა ჩემი ახალი, პოეტური პერიოდისათვის, რომელიც, წლინახევრის წინ დაიწყო!...“
მერე თავმდაბლად დასძენს: - „თავს პოეტად არ ვთვლი, მე მხოლოდ ჩემს განცდებს ვტოვებ ლექსებად!“.
მაისი
მსხლის ხის ფოთლებზე
გაბაბთული ისხდნენ პეპლები,
განა ცოტანი,
სულ თეთრები,
თანაც ბევრ-ბევრი!
სურნელს აფრქვევდნენ
გაღეღილი იასამნები
და მაისის თვე ონავრობდა
მათი თვალებით!
ღრუბლის ნაჟური
მარგალიტად ეკიდა ბალახს,
როგორ იხდენდა, ო, ბუნება,
ამ ხალათს, ხალასს!
შენს ხელისგულში კრთოდნენ
ჩემი ხელის თითები
და ფრთხიალებნენ
დამწყვდეული, როგორც ჩიტები!
აღარ ვეძებდი სამკითხაოდ
მე საპოვნელას,
ფურისულებად ყვავილობდა
ეგ შენი მზერა!
ტრფობის ხალიჩას გვთავაზობდა
ახლა მაისი,
იქნებ სიცოცხლე ღირდა, ჩვენი,
მხოლოდ ამისთვის!
ალვებზე მთვარე
დღე ჩამეძინა...
ბევრი მეძინა...
რომ გავიღვიძე,
ფანჯრიდან ვნახე,
იმხელა მთვარე ეკიდა ალვებს,
რომ გავითვალე!
მაწვალებ! მაწვალებ! მაწვალებ!
მაწვალებ! მაწვალებ! მაწვალებ!
მისველებ ისევე წამწამებს!
და წამებს,
ამ წამებს,
წამ-წამ-ებს,
შენი მონატრება აწამებს!
მადარდებს! მადარდებს! მადარდებს!
გულს ისევ დარდები გადარევს,
და დარებს,
სადარებს,
დარ-დარებს,
ოცნება კვლავ წარსულს ადარებს!
მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!
თუმცა ვერ გავიგე ვინ მყავხარ!
მე მყავხარ,
სხვას ყავხარ,
ვის ყავხარ?
ნატვრაში და ფიქრში – იყავ! ხარ!
გადამღლის! გადამღლის! გადამღლის!
ვნება არ ისვენებს, სხეულს ღლის!
და დაღრღნის,
გულს დაღრღნის,
კვლავ დაღრღნის
ტკივილი სტიგმების და დამღის!...
მაწვალებ! მაწვალებ! მაწვალებ!
მისველებ ისევე წამწამებს!
და წამებს,
ამ წამებს,
წამ-წამ-ებს,
შენი მონატრება აწამებს!
მოგენატრები
მოგენატრები!
მოგონებას დაედება, როცა რომ ფასი,
გაგახსენდება აყვავებულ ალუბლებზე
ფუტკართა დასი!
გაგახსენდება,
ქარი როგორ ანცობს და ღელავს,
როს ვარდისფერი ბალერინების
სურნელით თვრება!
გაგახსენდება
ყვავილთ თოვა, თოვა თვალებში,
მათი ფარფატი და ჩაძირვა
შენი ვნების ოკეანეში!...
მოგენატრები!
მოგონებას დაედება, როცა რომ ფასი,
გაგახსენდება აყვავებულ ალუბლებზე
ფუტკართა დასი!
მარტისთვალება
ჩემო, თავნება!
ჩემო, თავნება!
მიდი!
იგიჟე!
მარტისთვალება!
შემოარღვიე აისს მაქმანი,
დილის სხივების ჩხირით ნაქარგი,
მერე მოქსოვე კაბა ფერადი
და აფერადდი!
და აფერადდი!
სეტყვას წაართთვი თეთრი ღილები,
როგორც ქათქათა მარგალიტები
და დააკერე გულისპირს ნაქსოვს!
ყვავილთა ნათოვლს,
ყვავილთა ნათოვლს
შემოაცალე თეთრი ფიფქები
და მერე, როცა ერთად ვიქნებით,
თავზე მაბნიე და გამახარე,
გადამაყარე!
გადამაყარე!
თმა ამიწეწე გიჟური ვნებით,
მკერდმა იწყვიტოს ეგ საკინძენი,
ო, როგორ მიყვარს, შენი ქროლება,
მარტის ოცნებავ!
მარტის ოცნებავ!
ჩემო, თავნება!
ჩემო, თავნება!
მიდი!
იგიჟე!
მარტისთვალება!
ცის ჯადოსნობა
ჯერ წვიმდა! წვიმდა!
და ცას ეკიდა
ცრემლებად ღამე,
ცრემლებად დილა!
შემდეგ შეირხა, ზეცა შეირხა...
შეწყვეტა
ცრემლის
აღარ ეღირსა!
და ჯადოსნობას მიმართა მერე,
კვერთხი აუკრა აბეზარ ცრემლებს,
თეთრ ცადმფრენებად გადააქცია,
სულ პატარებად, სულ მთლად პაწიად!
თბილისის ზეცას აუფარფატა,
სანახაობა ცაში გამართა!
მერე აქცია თეთრ დედოფლებად,
და თეთრ კაბებში მათ შემოფრენას
მოყვა ხალისი და სისპეტაკე,
რა შესძლებია ჯადოსნურ, ამ, კვერთხს!
წვეთები ცეკვად გადააქცია,
და ფანტელებად ქალაქს აფრქვია!...
ჯერ წვიმდა! წვიმდა!
და ცას ეკიდა
ცრემლებად ღამე,
ცრემლებად დილა!
შემდეგ შეირხა, ზეცა შეირხა...
ქალაქმა
თეთრი
ფრთები შეისხა!