00:04:10     15-11-2019
ენმ: 17 ნოემბერს ჩატარდება საერთო სახალხო შეკრება, რომელიც უმოკლეს ვადებში დაასრულებს ივანიშვილის ხელისუფლებას

17 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ჩატარდება საერთო სახალხო შეკრება, რომელიც უმოკლეს ვადებში დაასრულებს ივანიშვილის ხელისუფლებას და სათავეს დაუდებს საქართველოში დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს ოლიგარქმა ბ. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გათელა ფეხქვეშ საქართველოს რეპუტაცია და საქართველოს მოქალაქის ღირსება.
სწორედ ამიტომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ვერთიანდებით ივანიშვილის დანაშაულებრივი მმართველობის წინააღმდეგ – „ყველა მინუს ერთი!“.
ჩვენ ვაცხადებთ:
1. ივანიშვილი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას. მისი საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც თავის თავს მთავრობას უწოდებს, უნდა გადადგეს, და კორუმპირებული ცესკო ჩაანაცვლოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაკომპლექტებულმა საარჩევნო კომისიამ.
2. საქართველოში უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დროებითი მთავრობისა და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
17 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ჩატარდება საერთო სახალხო შეკრება, რომელიც უმოკლეს ვადებში დაასრულებს ივანიშვილის ხელისუფლებას და სათავეს დაუდებს საქართველოში დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბებას.
ამისთვის ჩვენ მივმართავთ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პროტესტისა და წინააღმდეგობების მეთოდებს“, – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში, რომელიც პარტიის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
0