ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკუთრა ძმას 7 ხელშეკრულება გაუფორმა და საბიუჯეტო თანხებს მის კომპანიას ურიცხავს - ნეპოტიზმი და კორუფცია ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკუთრა ძმას 7 ხელშეკრულება გაუფორმა და საბიუჯეტო თანხებს მის კომპანიას ურიცხავს - ნეპოტიზმი და კორუფცია />


  13:36:42     06-07-2020

ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკუთრა ძმას 7 ხელშეკრულება გაუფორმა და საბიუჯეტო თანხებს მის კომპანიას ურიცხავს - ნეპოტიზმი და კორუფცია

a94579.jpg

ექსკლუზივი: პრესა.ჯიმ ნეპოტიზმისა და შესაძლო კორუფციის ფაქტები მოიპოვა. კერძოდ: მოვიძიეთ 7 ხელშეკრულება, რომლიდანაც ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი, კობა ლურსმანაშვილი საბიუჯეტო თანხებს თავისივე ძმის, ზურა ლურსმანაშვილის კომპანიაში რიცხავს... 

მეტიც: ირკვევა, რომ ბიზნესი დეპუტატის ძმამ უკანონოდ დაიწყო, რასაც ასევე ადასტურებს ჩვენ მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტიც. 

ხელშეკრულებები... 

[I=2]„ერთი მხრივ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, კობა ლურსმანაშვილის ბიურო (შემდგომში შემსყიდველი), წარმოდგენილი მისი ხელმძღვანელის, ჟანა ნემსაძის სახით და მეორე მხრივ, ინდ. მეწარმე ზურაბ ლურსმანაშვილი (შემდგომში მიმწოდებელი), გამარტივებული შესყიდვის წესით დებენ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას შემდეგზე...“ - ასე იწყება რამდენიმე ათეული ხელშეკრულება, რომლის წყალობითაც დეპუტატის ბიუროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები დეპუტატის ძმის კომპანიაში ილექება...

ჯამში, „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა საკუთარ ძმას, ათეულობით ათასი ლარი გადაურიცხა მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე ხარაგაულში სხვა კომპანია არ არსებობს, რომელიც ანალოგიურ მომსახურებას გაწევს. 

„პრესა.ჯი“-მ ძმებ ლურსმანაშვილებს შორის გაფორმებული 7 ასეთი ხელშეკრულება მოიძია, რაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა თუ როგორ იყენებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საბიუჯეტო სახსრებს საოჯახო ბიზნესისა და ძმის გასამდიდრებლად. 

[I=3]დეპუტატ ლურსმანაშვილსა და მის ძმას შორის ხელშეკრულებები გაფორმებულია, როგორც 2018 წელს, ისე მიმდინარე წელსაც. 

ხელშეკრულებების საგანია: საპოხი მასალების შესყიდვა, ტექნიკური მომსახურება, ავტომობილისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება... 

დარღვევები...

დეპუტატ კობა ლურსმანაშვილის ძმამ, ზურა ლურსმანაშვილმა ბიზნესი სახელმწიფოს დახმარებით დაიწყო და მას 15 ათასი ლარი გამოუყვეს. 

თუმცა, ზურაბ ლურსმანაშვილმა იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც ახლა მისი ბიზნესი მდებარეობს, მშენებლობა უკანონოდ დაიწყო. 

კერძოდ: ჩვენ ასევე მოვიპოვეთ წერილი, საიდანაც ჩანს რომ დეპუტატის ძმამ მშენებლობა ისე დაასრულა, რომ მას არანაირი პრობლემა არ შექმნია. 

[I=4]„2019 წლის მომართვის პასუხად გაცნობებთ რომ დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩა ნომერ 92-ში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული შენობა აშენებულია უნებართვოდ...“ - ეს არის ამონარიდი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტიდან, რომელიც მან ხარაგაულის მუნიცილალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ძალა ერთობაშია“-ს თავმჯდომარეს, თორნიკე ავალიშვილს 2019 წლის 7 ნოემბერს გაუგზავნა.

თუმცა, მიუხედავად იმისა რომ ზურაბ ლურსმანაშვილი, შეიძლება ითქვას რომ უკანონო ბიზნესს აწარმოებს, რასაც ფაქტობრივად, ხარაგაულის მერიც ადასტურებს ამ წერილით, მისი დეპუტატი ძმა მაინც შეუფერხებლად რიცხავს საბიუჯეტო თანხებს  ოჯახურ ბიზნესში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ხარაგაულის მერიამ დეპუტატის ძმაზე, პრესტიჟულ ადგილას, იჯარით გასცა 917 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის წლიური გადასახადი სულ რაღაც 822 ლარია - თვეში 68 ლარი და 50 თეთრია.

[I=5]ეს ნეპოტიზმისა და კორუფციის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მაშინ, როდესაც იგივე დაბა ხარაგაულში ხალხს უკიდურესად უჭირს, სოციალურად დაუცველთა რიცხვი იზრდება და ათეულობით ოჯახი შიმშილობს, დეპუტატი და მისი ძმა ხალხის ფულს პირადი ბიზნეს-კეთილდღეობისათვის იყენებს, რაც კობა ლურსმანაშვილის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდანაც კარგად ჩანს. 

კერძოდ: „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის ანუ 2012 წლის შემდეგ ორი ბინა, ავტოფარეხი და მიწის ნაკვეთი იყიდა.

ჩვენ დეპუტატ კობა ლურსმანაშვილს ტელეფონით დავუკავშირდით და ვკითხეთ, რატომ გაუფორმა ხელშეკრულებები ძმას და რატომ ურიცხავს საბიუჯეტო თანხებს მის კომპანიას...

დეპუტატი ამბობს, რომ „ზუსტად არაფერი იცის“...

PRESA.GE: ბატონო კობა, მოვიპოვეთ ხელშეკრულება, რომლიდანაც ირკვევა, რომ თქვენი მაჟორიტარული ბიურო თანხებს ურიცხავს თქვენი ძმის კოპანიას, არის თუ არა, ეს ნეპოტიზმი დ კორუფცია? 

[I=6]კობა ლურსმანაშვილი: მე ზუსტად კი არაფერი ვიცი, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ მხოლოდ ისაა, რომ ხარაგაულში მომსახურება იმ ფორმის, რა ფორმითაც იღებს ბიურო, შეიძლება არ იყოს,  შეიძლება სხვა მეწარმე არ არსებობდეს მაგ მიმართულებით. 

გამომდინარე აქედან, იძულებულები არიან იმიტომ, რომ  25 კილომეტრის რადიუსში, იქ არ არსებობს არანაირი სერვისი. შეიძლება  ბიუროს ჰქონდეს გამოყენებული უფლება ზოგიერთ შემთხვევაში, თუმცა, რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში იქნება ეს და ნეპოტიზმი რა შუაშია?

- თქვენი ძმის კომპანიაზე გვაქვს საუბარი ბატონო კობა?

- შეიძლება ხდებოდეს ასეთი რამ, მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. რა შუაშია აქ ნეპოტიზმი?  მე ხომ არ ვარ ბიურო. ბიურო არის სუბიექტი, რომელიც ახორციელებს თავის უფლებამოსილებას.

- ბატონო, კობა, სხვა კომპანია არ არსებობს ხარაგაულში, რომელიც მანქანების შეკეთებაში დაგეხმარებათ? 

- შესაძლებელია არ არსებობდეს. მე როგორც მახსოვს,  წინა პერიოდებში ოფიციალურად რეგისტრირებული არცერთი ავტო-სახელოსნო არ არსებობდა და ახლა თუ რაიმემ დაიწყო ფუნქციონირება, ნამდვილად არ ვიცი. 

შემიძლია ნამდვილად გითხრათ, რომ ოფიციალურად რეგისტრირებული, გარდა მაგ კომპანიისა, რომელიც არის „ამხანაგობის“ სახით, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ნამდვილად არ არსებობდა და ეს იყო ერთადერთი. 

- თქვენმა ძმამ ეს ბიზნესი უკანონოდ დაიწყო?

- მიწის უკანონო მფლობელობის ფაქტს ნამდვილად არ დაგიდასტურებთ. ნაწილი საკუთრებაში, ნაწილი კი იჯარით აქვს აღებული.

დეპუტატი ამტკიცებს, რომ „ბოლომდე არაფერი იცის“ მისივე ბიუროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ. ლურსმანაშვილი გვიყვება, რომ თურმე ხარაგაულში სხვა მსგავსი მომსახურება არ არსებობს და ამიტომ, ბიურო იძულებულია მის ძმასთან დადოს ხელშეკრულებები. 

ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა თუ როგორ ურცხვად ატყუებს ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი საკუთარ ამომრჩეველსა და საზოგადოებას.

0

ავტორი: