12:15:05     06-11-2019
სალომე ზურაბიშვილი: ახალი წესის შემუშავებამდე, რომელიმე შეწყალებაზე ფიქრი რთულია

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ახალი წესის შემუშავებამდე, რომელიმე მსჯავრდებულის შეწყალების საკითხის განხილვა რთულია, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განცხადებით, შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება ახლო მომავალში გამოიცემა.
„შეწყალებას რაც ეხება, ერთი, გამოვედი ინიციატივით, რომ კონსულტაციები ჩატარებულიყო. ჩატარდა კონსულტაციები, გითხარით, რომ ვამზადებ ახალ ბრძანებულებას, რომელიც ახლო მომავალში გამოვა, ახალი წესებით. გასაგებია ისიც, რომ სანამ წესები არ არის, რომელიმე შეწყალებაზე ფიქრი და განხილვა რთულია. ამიტომ, უნდა დაველოდოთ წესებს, ბრძანებულებას, რომელიც როგორც კი გამოვა, ხელს მოვაწერ და თქვენც გაეცნობით. შემდეგ შევუდგებით იმ საკითხს, რასაც ჰქვია შეწყალება. აქაც ცოტა არ იყოს, მიკვირს, რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი ერთ ადამიანზე. ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, ახალგაზრდები ელოდებიან, რა იქნება ამ კუთხით. მემგონი, არ არის სამართლიანი, მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაინტერესებული. როცა იქნება აღნიშნული წესები, გეტყვით და გაეცნობით“, – გნაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახთან კონსულტაციები არ ჰქონია.
საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.
0