12:30:54     20-07-2011
დიდმა ბრიტანეთმა იარაღის ექსპორტი შეამცირა
სამხედრო ექსპორტის მოცულობამ დიდ ბრიტანეთში, 2010 წლის მონაცემებით, ექვსი მილიარდი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. 2009 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მილიარდი დოლარით შემცირდა, თუმცა, მსოფლიო ბაზარზე დიდი ბრიტანეთის შეიარაღება 18–დან 22 პროცენტამდე გაიზარდა.
მსოფლიო პრობლემების კვლევის სტოკჰოლმის ინსტიტუტის მონაცემებით, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის მსოფლიოს მსხვილი ექსპორტიორების რეიტინგში, დიდ ბრიტანეთს, წინა წლის მსგავსად, მეხუთე ადგილი უკავია. პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება, 8,6 მილიარდი დოლარით, მეორეზე რუსეთი – 6,04 მილიარდით, მესამეზე – გერმანია 2,3 მილიარდი დოლარით, ხოლო მეოთხეზე – ჩინეთი, 1,4 მილიარდით.
2011 წლის ივნისში, დიდმა ბრიტანეთმა წარუდგინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ანგარიში, კერძოდ, სამხედრო პროდუქციის უცხოეთისათვის მიწოდების შესახებ ცნობა. დოკუმენტის თანახმად, 2010 წელს, დიდმა ბრიტანეთმა ექსპორტზე გაიტანა სამი ძირითადი სამხედრო ტანკი, 19 ჯავშანმანქანა, 14 ვერტმფრენი და 53 სხვადასხვა ტიპის რაკეტა. გარდა ამისა, ასევე რამდენიმე ათასი რევოლვერი, პისტოლეტი, სნაიპერული შაშხანა, ავტომატი და ტყვიამფრქვევი.
0