11:41:31     20-07-2011
ლასლო მოჰოი–ნადი – უნგრელი კონსტრუქტივიტისტი
ლასლო მოჰოი-ნადი, უნგრელი მხატვარი და ფოტოგრაფი, ბაუჰაუზის სკოლის პროფესორი, 1846 წელს დაიბადა. მხატვარზე გავლენა კონსტრუქტივიზმმა იქონია. პოპულარიზაციას უწევდა ხელოვნებაში ტექნოლოგიისა და მრეწველობის ინტეგრაციას.
დაიბადა სახელით ლასლო ვაისცი, ებრაულ-უნგრული წარმოშობის ოჯახში. გერმანულ-ებრაული სახელი ბიძის უნგრულ გვარზე შეიცვალა. მოგვიანებით, გვარს ფსევდონიმი დაუმატა, იმ ქალაქის სახელი, სადაც გაიზარდა. ბუდაპეშტში იურისპრუდენციის სწავლის შემდეგ, პირველ მსოფლიო ომში იქნა გაწვეული. 1919 წელს, ვენაში პირველად აღმოაჩინა კონსტრუქტივიზმი კაზიმირ მალევიჩის, ნაუმ გაბოსა და ელ ლისიცკის ნამუშევართა გამოფენაზე.
1923 წელს, მან შეცვალა იოჰანეს იტენი ბაუჰაუზის საწყისი კურსის მასწავლებლის ადგილზე. ეს მომენტი გახდა სკოლაში ექსპრესიონისტული გადახრების დასასრული და დასაბამი დიზაინისა და ინდუსტრიის ინტეგრაციის ორიგინალური მცდელობისა. ბაუჰაუზი ცნობილი იყო მრავალმხრივი მიმართულებით და მოჰოლი-ნადიც გამონაკლისი არ ყოფილა. მისი კარიერის განმავლობაში ის იხვეწება და ინოვატორი ხდება ფოტოგრაფიაში, ტიპოგრაფიაში, ქანდაკებაში, მხატვრობასა და ინდუსტრიულ დიზაინში. მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ფოტოგრაფია იყო. მას ეკუთვნის ტერმინი „ახალი ხედვა“. მხატვარს სწამდა, რომ ფოტოგრაფიას შეეძლო შეექმნა გარე სამყაროს ხედვის ახალი გზა, რაც მიუწვდომელი იყო ადამიანის თვალისთვის. ხელოვნებასა და სწავლებაში მისი თეორიები შეჯამებულია წიგნში „ახალი ხედვა, მატერიალურიდან არქიტექტურამდე“.
1928 წელს, ბაუჰაუზიდან წასვლის შემდეგ, ბერლინში გადადის და ექსპერიმენტულ თეატრებთან თანამშრომლობს (მათ შორის პისკატორის პოლიტთეატრი). 1934 წელს, ნაცისტების ცენზურით შევიწროებული, ჯერ ამსტერდამში გადადის, 1935 წელს, ლონდონში, ხოლო 1937 წელს, აშშ-ში. ნაცისტურ გერმანიაში მისი ნამუშევრები 1937 წელს პროპაგანდისტულ გამოფენაზე „დეგენერატიული ხელოვნება“ გამოფინეს. ჩიკაგოში მოჰოი-ნადი ახალ ბაუჰაუზს შეუერთდა, თუმცა სკოლამ ფინანსური მხარდაჭერა ერთ წელიწადში დაკარგა და დაიხურა. მოჰოი-ნადი ადგილობრივი მეწარმის მხარდაჭერით საკუთარ დიზაინის სკოლას ქმნის, რომელსაც 1939 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. 1944 წლიდან, ეს სკოლა დიზაინის ინსტიტუტად გარდაიქმნა. მოჰოი-ნადი 1946 წელს, გარდაიცვალა ჩიკაგოში ლეიკემიისგან. მის სახელს ატარებს ბუდაპეშტის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტი. მისი ნამუშევრების მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟამად გამოფენილია კორკორანის ხელოვნების გალერეაში ვაშინგტონში.
0