13:56:42     19-07-2011
აშშ–მ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის სურვილი
ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო, პერიოდულად, სხვადასხვა მიმართულებებით, ერთობლივ სამხედრო სწავლებებს სისტემატურად ატარებენ. ეს, ერთხელ კიდევ ამტკიცებს აშშ–ს ქართულ ჯართან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს. გარდა იმისა, ასეთ სწავლებებსა და გამოცდილების გაზიარებას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი არმიის მომზადების ზოგადი დონის ამაღლებისათვის.
აშშ–სა და საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნების საკმაოდ გამოცდილება დაუგროვდათ. „პრესა.ჯი“ ცოტა ხნის წინ წერდა, რომ ივნისში ამერიკელ სამხედროებთან ერთად, ოთხდღიანი კომბინირებული სწავლება გაიმართა, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების დროს, ყველა მხარის მიერ ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად. სწორედ ამასთან დაკავშირებით, სტუმრობდა საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი მარკ ჰერტლინგი. გაერთიანებული სწავლება „შეარდ ჰორაიზონ 2011“, ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრში, 20–24 ივნისს გაიმართა. ქართველ სამხედროებთან ერთად, წვრთნაში, ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის ეროვნული გვარდიის 20 ჯარისკაციც მონაწილეობდა.
მნიშვნელოვანი იყო 2010 წლის შემოდგომაზე ბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდის „გონსალესის“ შემოსვლაც. სწორედ „გონსალესზე გაიმართა ამერიკელებისა და ქართველების ერთობლივი სწავლება. მეზღვაურებმა ექსტრემალურ სიტუაციებში მოქმედებების, გემის დაზიანებისა და ხანძრის ლოკალიზების დროს გასატარებელი ღონისძიებები აჩვენეს. სწორედ მაშინ გაჟღერდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, სანაპირო დაცვის კუთვნილი საპატრულო მცურავი საშუალებების მოდერნიზებისა და შეკეთებისთვის საქართველოს ორ მილიონ დოლარს გამოუყოფდა.
ამჯერად, საქართველოში ამერიკელი საზღვაო ქვეითები იმყოფებიან და საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად ერთობლივ სწავლება „Agile Spirit“ 2011–ში მონაწილეობენ. „Agile Spirit“ აშშ-ს საზღვაო ქვეითების კორპუსის პროგრამას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ავღანეთში დისლოცირებისათვის საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალების მხარდასაჭერად ამზადებს.სწავლება, ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე 18 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება.
როგორც თავდაცვის სამინიტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, წვრთნებში მონაწილეობენ რუმინეთში, კონსტანტაში ბაზირებული შავი ზღვის მე-11 როტაციული ძალების 350 საზღვაო ქვეითი, ბესემერის გარეთ ბაზირებული ანტი-ტერორისტული ბატალიონი და საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 450 სამხედრო.
“ჩვენი საზღვაო ქვეითები მოწადინებულნი არიან გაიარონ წვრთნები საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად, რათა განამტკიცონ უკვე არსებული მტკიცე პარტნიორობა ჩვენ ორ ქვეყანას შორის. ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ქართველ ხალხს ასეთი მნიშვნელოვანი წვრთნების მასპინძლობისათვის და იმ წვლილისათვის, რომელიც მათ შეაქვთ რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოებაში.” - განაცხადა შავი ზღვის მე-11 როტაციული ძალების მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა ნელსონ ს. კარდელამ.
შავი ზღვის მე-11 როტაციული ძალები არის საზღვაო ქვეითების როტაციული განლაგება შავი ზღვის, ბალკანეთის და კავკასიის რეგიონებში. ისინი მუშაობენ პარტნიორ და მოკავშირე ქვეყნებთან, რათა დაეხმარონ მათ სამხედრო უნარიანობის შექმნაში, დაამყარონ და შეინარჩუნონ სტაბილურობა რეგიონში და შეინარჩუნონ ხანგრძლივი პარტნიორობა აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყანასთან.
როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიგი კალანდაძემ აღნიშნა, ქართული მხარე მოხარულია, რომ წვრთნას მასპინძლობს, რადგან ორივე ქვეყნის სამხედროებს ერთად უწევთ მუშაობა ერთობლივი წვრთნები. კალანდაძე იმედს გამოთქვამს, რომ სწავლების ყველა მონაწილე დასახულ ამოცანას თავს წარმატებით გაართმევს.
აღნიშნული სწავლების ძირითადი მიზანია სამხედრო დანაყოფებს შორის შესაძლებლობებისა და უნარების გაზიარება, ამბოხებულთა წინააღმდეგ ბრძოლასა და სამშვიდობო ოპერაციებში მიღებული გამოცდილების გაზიარება და ურთიერთგაძლიერება.
0