საქართველო ოტია იოსელიანს გამოეთხოვა საქართველო ოტია იოსელიანს გამოეთხოვა />


  10:57:31     19-07-2011

საქართველო ოტია იოსელიანს გამოეთხოვა

a8207.jpg

საქართველო ცნობილ მწერალს და პატრიოტს, ოტია იოსელიანს გამოეთხოვა. ამიერიდან მისი ბიოგრაფები აღნიშნავენ, რომ ოტია იოსელიანი გამოასვენეს გელათის საკათედრო ტაძრიდან და დაკრძალეს წყალტუბოში, საკუთარ ეზოში.

სულ ახლახანს, პრესა.გე-მ პუბლიკაცია მიუძღვნა ბატონ ოტიას დაბადების დღეს, 16 ივნისს. იქვე გამოვაქვეყნეთ მისი ბრძნული გამონათქვამები, რომლებიც ყველა ჭკუათმყოფელ კაცს გამოადგება. სამწუხაროდ, ერთი თვის მერე მისი გარდაცვალების შესახებ ცნობის გამოქვეყნება მოგვიწია...

წავიდა ჩვენგან კოლორიტული ქართველი, სამშობლოზე და თავის ხალხზე შეყვარებული, პირში მთქმელი კაცი...

სანამ ცოცხალი იყო ოტია იოსელიანი, მისი სახლ-კარი ლიტერატურისა და ტრადიციის  მოყვარულთათვის საინტერესო მოსახილველი იყო, სადაც მკითხველთა წარმოდგენით ლიტერატურული გმირები, ნოველებისა და ზღაპრების პერსონაჟები ცხოვრობდნენ, მწერალთან ერთად.

წყალტუბოში ოტია იოსელიანის ოდა-სახლი თავად მწერლისვე აგებული ყოფილა. მეორე სართული დათმობილი ჰქონდა ლიტერატურული სალონისათვის, სადაც მთელი საქართველოდან სტუმრობდნენ მწერლები, ხელოვნების წარმომადგენლები, მკითხველები.

დღეიდან, ოტია იოსელიანის სახლი სახლ-მუზეუმია, სადაც მკითხველთა ფანტაზიისათვის მრავალი საინტერესო ექსპონატია გამოფენილი: მწერლის წიგნები, ხალხური რეწვის საგნები, ქართველი კაცისათვის საყვარელი, ტრადიციული ნივთები... ამიერიდან ბევრი მოყვარული ლიტერატურისა მიაკითხავს მის საფლავს და შთაგონებული კიდევ უფრო დიდი ინტერესით ჩაუჯდება იოსელიანისა თუ სხვა მწერლების შემოქმედებას.

პირადად ვიცი, ყველაზე მეტად ის მოსწონდა, თუ მის ნაწარმოებს წაიკითხავდი. ეს ერჩივნა ინტერვიუებს, სურათის გადაღებას თუ სხვა...

ახლა მოკლედ გავიხსენოთ მისი შემოქმედება:

დაიბადა 1930 წლის 16 ივნისს, სოფელ გვიშტიბში.  959-61 წლებში დაამთავრა საკავშირო მწერალთა კავშირის უმაღლესი ლიტერატურული კურსები მოსკოვში.

1957 წელს გამოსცა პირველი საბავშო მოთხრობების წიგნი - “კარის მეზობლები“. 1960 წელს - საბავშვო სათავგადასავლო წიგნი „უთაური ბიჭის თავგადასავალი“. 1961 წელს გამოაქვეყნა რომანი „ვარსკვლავთცვენა“. იმავე წელს მისი პიესა „ადამიანი იბადება ერთხელ“ დაიდგა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

1972 წელს საბჭოთა გამოსცა რომანი „ტყვეთა ტყვე“. 1973 წელს „ნაკადულმა" გამოსცა „დაჩის ზღაპრები“. 1981-82 წლებში რჩეული ორტომეული. 1989-91 წლებში ისევ ორტომეული. 1999 წელს გამოიცა 55 არაკი.

მისი ნაწარმოებები თარგმნილია: სომხურად, აზერბაიჯანულად, რუსულად, უკრაინულად, ბელორუსულად, ჩეხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად, პოლონურად, მოლდავურად, ესპანურად, ინგლისურად, ბენგალურად, ჰინდისა და ურდუს ენებზე, სპარსულად, არაბულად, ფრანგულად, გერმანულად, ჰოლანდიურად, ჩინურად, იაპონურად...

ავტორია ოცამდე პიესისა, რომელთაგან: „ადამიანი იბადება ერთხელ“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, „ურემი გადაბრუნდა“ და სხვა დაიდგა საქართველოსა და საზღვარგარეთის თეატრებში.

ავტორია ფილმების სცენარების: „ჩქარი მატარებლიდან“, „ლევანა“, „თეთრი ქალიშვილი“, „აკაციის ყვავილობა“, „ცეცხლთან თამაში“, „ბოშას კოცნა“, „მალე გაზაფხული მოვა“, „ჩემი ქალაქის ვარსკვლავი“;  მულტფილმების სცენარების: “კიბერნეტიკა და სიყვარული“, „დაჩის ზღაპრები“. 

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

0

ავტორი: