პეტრარკას გარდაცვალებისა და დაბადების დღეები (და ორი ლექსი) პეტრარკას გარდაცვალებისა და დაბადების დღეები (და ორი ლექსი) />


  10:54:51     19-07-2011

პეტრარკას გარდაცვალებისა და დაბადების დღეები (და ორი ლექსი)

a8206.jpg

1374 წლის 19 ივლისს გარდაიცვალა დიდი ფრანჩესკო პეტრარკა (Francesco Petrarca). მეორე დღეს, 20 ივლისს ის 70 წლისა ხდებოდა (დაიბადა 1304 წელს).

პეტრარკას სახელი მისი გარდაცვალების მერე პოეზიის მოყვარულთა და პოეტების ბაგეებს არ მოსცილებია. პეტრარკას პოეზიით აღფრთოვანებულები ლექსებს უძღვნიდნენ მას ან მისი სონეტების მსგავსის დაწერას ცდილობდნენ, ან უბრალოდ პოეზიის სახედ, პოეზიის მამად წარმოიდგენდნენ, დაფნისგვირგვინოსან მეფეს პოეზიისას. თანაც მთელ მსოფლიოში.

როგორც ვთქვით, პეტრარკა დაიბადა 1304 წლის 20 ივლისს, არეცოში, ტოსკანაში, იტალიაში. მამამისი, ფლორენციელი ნოტარიუსი, დანტესთან ერთად გამოდევნილი იყო ფლორენციიდან პოლიტიკური მოტივით. კარგა ხანი ოჯახი ტოსკანას სხვადასხვა დაბაში ცხოვრობდა. მერე, როცა პატარა ფრანჩესკო 9 წლის იყო, ოჯახი ავენიონში გადავიდა, პროვანსში (საფრანგეთი).

ფრანჩესკო შევიდა იქაურ სკოლაში, შეისწავლა ლათინური ენა და რომაული ლიტერატურა. იმ დროს პოპულარული იყო პროვანსული ენა და ბევრი იტალიელი პროვანსულადაც კი წერდა ლექსებს. მამის სურვილით ფრანჩესკო შეისწავლიდა სამართალს, ჯერ მონპელიეში, საფრანგეთში, მერე ბოლონიაში, ჩრდილოეთ იტალიაში, თუმცა კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებებით უფრო იყო გატაცებული.
1326 წელს მამა გარდაეცვალა. როგორც ამბობენ, მამისაგან მხოლოდ ვერგილიუსის ხელნაწერები დარჩა მემკვიდრეობად და ფრანჩესკო იძულებული შეიქმნა არა იურისტი, არამედ ღვთისმსახური გამხდარიყო, რათა თავი ერჩინა. მოღვაწეობდა ავინიონში.

ამ დროს ე. წ. „ავინიონის ტყვეობის“ ხანა იყო. მოგეხსენებათ, 1309 წლიდან 1378 წლამდე, 72 წლის მანძილზე, პაპის რეზიდენცია რომიდან გადატანილი იყო ავინიონში. პოეტი დაუახლოვდა კოლონების წარჩინებულ ოჯახს, რომელთაც დიდი გავლენა ჰქონდათ. სტეფანო კოლონა მისი მეგობარი იყო.

1327 წელს პეტრარკამ პირველად იხილა თავისი მიუწვდომელი სიყვარული და მუზა - ლაურა. განმარტოვდა ვოკლოუზში, პროვანსში.

კოლონების მეგობრობითა და თავისი ნაწარმოებების პოპულარობის შედეგად მიიღო სინეკური, რაც ნიშნავს, რომ მიიღო თანამდებობა ეკლესიაში, მრევლის გარეშე, ანუ გარკვეული შემოსავალი. მისი პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მიიღო წინადადებები პარიზიდან, ნეაპოლიდან და რომიდან, რათა დაეგვირგვინებინათ დაფნის გვირგვინით. პეტრარკამ რომი აირჩია, სადაც საზეიმოდ დაადგეს დაფნის გვირგვინი.

შემდეგ პრობლემები შეექმნა. მას მოსწონდა რომის ძველი რესპუბლიკა, ეს მის მეგობრებს არ აწყობდათ, ახალი პაპი კი ვერგილიუსით მისი გატაცების გამო არ სწყალობდა.

გადავიდა მილანში, ვისკონტების სამფლობელოში, სადაც ასრულებდა სხვადასხვა დიპლომატიურ მისიას. 1361 წელს მილანი დატოვა და გადასახლდა ვენეციაში, სადაც ცხოვრობდა მისი ქორწინების გარეშე შობილი ქალიშვილი ქმართან ერთად.

სოცოცხლის ბოლო წლები გაატარა პადუაში, ფრანჩესკო და კარარას კარზე (მაშინ იტალია ხომ მრავალ სამთავრო-სათავადოდ იყო დაქუცმაცებული).

როგორც ვთქვით, დიდი პეტრარკა, რომელსაც ჰუმანიზმის ფუძემდებლადაც მიიჩნევენ,  გარდაიცვალა თავისი 70 წლისთავის წინა დღეს. 1374 წლის 19 ივლისის დილას ის იპოვეს  საწერ მაგიდასთან.

დღეს, პეტრარკას გარდაცვალებისა და დაბედების დღის აღსანიშნავად, მკითხველს ვთავაზობთ წავიკითხოთ მისი ორი ლექსი (სონეტი).
* * *
(იტალიურიდან თარგმნა თეონა ბაღდავაძემ)
ნეტარი სული ნაზად ბრუნავს, ნაზად ციმციმებს,
მზეზე ნათელი, ნაკადულზე წყნარი და სუფთა,
აცოცხლებს სიტყვებს, ათრობს სურვილს და მიაქვს სულთან
თრთოლვა, რომელიც ვერ იქნა და ვერ მოვიცილე.

მე გიჭვრეტ წმინდას! შორს ქვითინი, ჭმუნვა, სიცივე,
მფეთქავ ბალახთა და იათა შორის რომ გსურდა
გასეირნება, ვით ანგელოსს, გიმზერდი მუდამ
და არა ვით ქალს, ო, ღვთაებრივ ძილით იძინე.

შენ დაუბრუნე მიწას ვალი, რომელმაც გშობა,
ზეცას-უხრწნელი მშვენება და ნათელი წმინდა,
მოგელამუნა ანგელოსი სანატრელ სტუმარს,

შენს სულთან ერთად განეტევა მიწიდან ტრფობა
და სათნოება, ჩამოიქცა მნათობი ციდან,
გატკბა სიკვდილი, გრილ წყვდიადში შევცურეთ ჩუმად.

* * *
(იტალიურიდან თარგმნა თამაზ ბაძაღუამ)
ათასწლეულად მეჩვენება დღე მისევდილი,
დედამიწაზე დავრჩი ოდეს უქალბატონოდ,
სხვა გზით მიმიხმობს, სურს სიცოცხლე უქმად დავტოვო
და ციერისკენ გავლივლივდე ნაცრისფერ დილით.

ვეღარ მაცდუნებს მიწა, თეთრი ქალის მკერდით,
რომ ჩამჩურჩულებს: საკუთარ თავს ებრძვი რატომო,
ცრუა სოფელი, მოაყივნებს კაცთ საგვარისტომოს,
მე კი ნათელში მსურს ვიხილო მისი მერდინი.

არ მეშინია წერამწერლის უგონო რისხვის,
მძიმე ტკივილით დალეწილი ვიგონებ უფლის
წამებულ სახეს: ვგრძნობ, თმენა და დუმილი მიხსნის,

შევყურებ სიკვდილს, წყვდიადივით მრუმეს და უგბილს,
რომელმაც დონნას გაუყინა ძარღვებში სისხლი,
ვერ კი დაბინდა მისი სათნო და წყნარი შუბლი.

0

ავტორი: