ზაზა ჰერელის (სუყაშვილის) რამდენიმე ლექსი (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან) ზაზა ჰერელის (სუყაშვილის) რამდენიმე ლექსი (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან) />


  12:39:45     18-07-2011

ზაზა ჰერელის (სუყაშვილის) რამდენიმე ლექსი (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან)

a8177.jpg

ვაგრძელებთ ჩვენი თანამედროვე  პოეტების ნაწარმოებების ბეჭდვას. დღეს გაგაცნობთ ახალგაზრდა კაცს, ზაზა სუყაშვილს, რომელიც წარმოშობით ჰერეთიდანაა და ამიტომ ლიტერატურულ ფსევდონიმად ჰერელი დაირქვა.

„ სანატრელია! მენატრება სოფლის მთა-ველი, / შორიდან მესმის მშობლიური კუთხის ნანინა. / ქვეყნად გამჩენო, დაკარგული ყველა მტკაველი / ნეტავი, პეშვით სამშობლოში მომატანინა!“ - წერს ახალგაზრდა ჰერელი პოეტი.

 აი რას გვიამბობს ზაზა საკუთარი თავის შესახებ:

„დავიბადე 1992 წლის 26 თებერვალს დედა-სამშობლოდან მოწყვეტილ ჰერეთში. დედაჩემია ის ადამიანი, რომელმაც მაზიარა ქართულ პოეზიას და საფუძველი მომიმზადა, რომ დამეწყო წერა. მასწავლიდა როგორც საყმაწვილო, ასევე პატრიოტულ ლირიკას, რამაც საბოლოოდ თავი იჩინა ჩემს შემოქმედებაში.

პირველი ლექსი, სათაურით "ალაზანი" დავწერე შვიდი წლის ასაკში, როცა გადავცურე მდინარე ალაზანი. 14-15 წლის ასაკიდან ვიწყებ წერას სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, როგორიცაა სამშობლო, ენა, ადამიანობა...

საოცარად კარგი ბავშვობის წლები გავატარე ჰერეთში, რაც მეხმარება, რომ კარგად ავსახო ჰერეთის ბუნება და მისი მდგომარეობა. ჰერეთის სიყვარულმა 19 წლის ასაკში მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ ფსევდონიმად ამერჩია "ჰერელი", რომელიც ორმაგად საამაყოა ჩემთვის!“

დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ ზაზა ჰერელის რამდენიმე ლექსს. 
 
შემოდგომა ჰერეთში (I)

ყვავმა დაამსხვრია კაკლის ნაჭუჭები
და მზე ამოვიდა მსხვილი ლებნებიდან.
იქვე ტანშიშველი დგანან ალუჩები,
გრძელი ტოტები კი ზეცას ებმებიან.

ეზოს შუაგულში სკდება ბროწეული,
ბუდე აივანზე დარჩა უმერცხლებოდ...
მზე კი გაგანია რთველში მოწვეული,
იქვე ჩამომჯდარა... მისდევს ურემს თედო.

ძველი მარნის გულში სქელი ქვევრებია,
ღვინო დოქებიდან ძლივსღა იყურება.
ვენახს პატარები ცეკვით ევლებიან,
სავსე მტევნები კი ეშხით იწურება!

ვაზი დაჩოქილა მუხლზე მოლასავით,
მთვრალი დიონისე მოდის სოფლისაკენ,
შინდი შეკონილა ფიჩხის კონასავით,
მოვა, გაიტაცებს ქარი თონისაკენ.

ბინდმა გამოაცხო წვრილი ლავაშები,
მთიდან მეზობელმა შოთიც მოაწოდა.
სტუმრებს გაატანეს თხილი და ვაშლები,
თავი შემოდგომამ ყველას მოაწონა.

ხვალ მზე გაიღვიძებს დილით, ნაბახუსევს,
ვენახს ნისლიანი თვალით გადახედავს
და რომ ვერ იხილავს გულით ნანატრ ყურძენს,
წავა სხვა სოფლისკენ, ვაზებს გადათელავს.

შემოდგომა ჰერეთში (II)

ფოთლის ქარიშხალთან შემოკვდომა,
მტევნის გამოწურვა საწნახელში...
დარდით მიაცილებს შემოდგომას
ქარი მოოქროვილ სასახლეში.

ბუდე, ამოწნული აივანთან
ობლად, უმერცხლებოდ შერჩენილა.
სადღაც ტაროები გაიფანტა...
ბეღელს ბეღურები შეჩვევიან.

ბიჭი შემთვრალია მაჭრისაგან...
გოგო - მაჭარივით ფერწითელა,
ამბავს ელოდება მაყრისაგან,
როგორც დაღვინებას რქაწითელა.

ბებომ გამოაცხო მახარები,
მერე დაგვირიგა შვილიშვილებს.
ბებო... გახსოვს, როგორ მახარებდი,
როცა მე ვითვლიდი იმ წიწილებს?!

თითქოს ყელაფერი მეორდება,
როცა ფოთოლს უწევს შემოხმობა...
დილით, განთიადზე ბებო დგება,
ლოცვით დააპურებს შემოდგომას!

შემოდგომა ჰერეთში (III საყმაწვილო)
 
ქურმუხის წყალს ჩამოჰყვება
სიმღერები ჰერული -
მატიანეს გვერდებიდან
ჩუმად ამოხეული.
მკლავმაგარი პაპის ხელი
დამჩნევია ლელიანს,
დახუნძლული ვაზები კი -
ჭიგოს შემოხვევიან,
ქანაობენ, ირწევიან
ჩაშაქრული მტევნები...
ღვინო ცრემლად იწურება,
ვერ იტევენ ქვევრები!
„არაწითი ღვინეს დავლევ”-
ღიღინებენ ჰერები,
სუფრას პური არ აკლია,
არც მუხრუკას ღერები,
თუმცა ყველას ტანჯავს დარდი,
ფიქრს ვერავინ იშორებს
სამშობლოზე... გულს უმძიმებთ
საქართველოს სიშორე!
და გუგულის ბარტყებივით
სხედან უცხო ბუდეში
და აკლიათ მშობლიური
ალერსი და ნუგეში.
ჰერი ჰერობს და ქართველობს!
არ სჭირდება მტკიცება,
რომ ბედკრული „საქართველო
ჰერეთიდან იწყება!”

ალაზნის მიღმა... საქართველოში!

რამდენჯერ ცრემლით დაუწყია თვალის გახელა,
თუმცა ძარღვებში დარდმა გენი ჯერ ვერ ჩახუთა!
ძნელია, როცა საინგილო ჰქვია სახელად
და ვერ იბრუნებს ისტორიულ ჰერეთს - საკუთარს...
დროის დინებამ ამოხია მატიანედან,
თათარმა დააკაბადონა, როგორც წიგნაკი.
-იცით? -იწყება საქართველო სწორედ აქედან,
ჰოდა ვალია, გავუფრთხილდეთ! ამის მიღმა კი
წყალს წაუღია უდაბნო და მთები - ხრიოკი!
მინდა სოფელში ბერიკაცი დიილიგს* ბარავდეს,
მერე ბოსტნიდან (საღამო ხანს) პაპა იობის
მეზობლის ბავშვი საზამთროს და კიტრებს პარავდეს.
ღამით კი ლოცვით მიდიოდეს ბებო ხატებთან
და უფალს მშვიდად გათენებას ეხვეწებოდეს...
და ცხელი ცრემლი, ნაოჭიან, ფერმკრთალ ღაწვებთან
დაგუბებული, ჟონავდეს და მეწვეთებოდეს!
სანატრელია! მენატრება სოფლის მთა-ველი,
შორიდან მესმის მშობლიური კუთხის ნანინა.
ქვეყნად გამჩენო, დაკარგული ყველა მტკაველი
ნეტავი, პეშვით სამშობლოში მომატანინა!
...
ჭრილობებს სულზე ჩუმი ლოცვით გაიმთელებენ,
დაუბრუნდება ბაირაღი ჰერელ მედროშეს...
იქართველებენ!.. ძველებურად იქართველებენ
ალაზნის მიღმა... გასხვისებულ საქართველოში!

21 ივნ. 2011 წ.

* დიილიგი - საკარმიდამო ნაკვეთი (ამ სიტყვაში მეორე ინ-ის ნაცვლად უნდა იყოს იოტა, მაგრამ ჩვენ მისი გამოყენების საშუალება არ გვქონდა და ამიტომ შევცვალეთ. - გ. მ.)

0

ავტორი: