11:24:41     18-07-2011
პარიზელები, უეცრად დაწყებულმა საარტილერიო დაბომბვამ გამოაღვიძა...
1917 წლის 23 მარტის დილას, პარიზელები უეცრად დაწყებულმა საარტილერიო დაბომბვამ გამოაღვიძა. ფრონტი ქალაქისგან საკმაო მანძილით იყო დაშორებული. ამიტომაც, შეტევა ყველასთვის მოულოდნელი იყო. იმ დღეს პარიზის მისადგომებთან განლაგებულმა გერმანელების სამმა ქვემეხმა, საფრანგეთის დედაქალაქს 21 ჭურვი ესროლა. ამათგან 18, უშუალოდ პარიზში ჩამოვარდა. ფრანგებმა სამიდან ერთი ქვემეხის მწობრიდან გამოყვანა მალევე შეძლეს. დარჩენილი ორი კი, პარიზის დაბომბვას თვეზე მეტი განაგრძობდნენ.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად, შტაბების ხელმძღვანელობასა და მაღალჩინოსან სამხედროებს გარკვეულ წილად არტილერია უყურადღებოდ ჰყავდათ დატოვებული. მართალია მოწინააღმდეგე მხარეების შეიარაღებაში სხვადასხვა ტიპის ასეულობით ქვემეხი იყო. მაგრამ მათი სროლის მაქსიმალური დისტანცია, როგორც წესი 16-20 კმ-ს არ აღემატებოდა. თუმცა ფრონტის ხაზის მიღმა, მართვისა და მომარაგების პუნქტების და საწყობების მსგავსი საინტერესო სამიზნეები მრავლად იყო. ამავე დროს, საზღვაო ფლოტში სრულიად განსხვავებული ვითარება სუფევდა.
იმ პერიოდისთვის, მსხვილი სახომალდო არტილერიის კალიბრი 305-381 მმ-ის ფარგლებში ვარირებდა და სროლის მანძილიც 35-40 კმ-ით განისაზღვრებოდა. ამიტომაც დროებითი ალტერნატივის სახით სახომალდო არტილერიის გადმოტანა ხმელეთზე დაიწყეს. სწორედ მაშინ არტილერიის ენთუზიასტებს, საარტილერიო ჭურვის 100 კმ-ზე სროლის იდეის ხორცშესხმის საშუალება მიეცათ. გერმანიაში, მსგავსი ამბიციოზური პროექტის განხორციელებას "კრუპის" ფირმა შეუდგა.
რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყო, მათ შესძლეს პროექტის ხორცშესხმა. თუმცა მათი ქმნილება მოკრძალებული ზომებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. მისი სრული წონა 256 ტ-ს შეადგენდა, საიდანაც 138 ტ ლულაზე მოდიოდა. 210 მმ-ის კალიბრის ქვემეხიდან გამოსული ჭურვის სიჩქარე 1600 მ/წმ-ს აღწევდა. რაც ბგერის ხუთი სიჩქარის ექვივალენტურია. "კოლოსალს" (ასე შეარქვეს ამ ხვემეხს) ჭურვის სროლა მაქსიმალურ 130 კმ-ის დისტანციაზე შეეძლო. ამ მანძილის დაფარვას ჭურვი 3 წთ-ს ანდომებდა.
44 დღის განმავლობაში, "პარიზის ქვემეხმა" ("კოლოსალის" მეორე სახელი), საფრანგეთის დედაქალაქს 303 ჭურვი ესროლა, საიდანაც 183 უშუალოდ ქალაქში ჩამოვარდა. საარტილერიო დარტყმებს, 256 ადამიანი შეეწირა. კიდევ 620 დაიჭრა.
გერმანელების გამოგონება გადამდები აღმოჩნდა. უკვე 1918 წლისთვის ფრანგებმა გერმანელების საპასუხოდ, საკუთარი 210 მმ-ის კალიბრის ქვემეხი შექმნეს. მისი 108 კგ-იანი ჭურვი 115 კმ-ზე მიფრინავდა. დანადგარი 24 ღერძიან სარკინიგზო პლატფორმაზე დაამონტაჟეს. ეს პერიოდი სარკინიგზო არტილერიის რენესანსის ხანად ითვლება. იმ პერიოდში ასეთი ძლიერი ქვემეხების ოპტიმალური მანევრირების საშუალებას მხოლოდ რკინიგზა იძლეოდა. მაგრამ ფრანგებებს ერთი იაღლიში მოუვიდათ - არავის უფიქრია, რომ ამხელა მასას ვერ ერთი სარკინიგზო ხიდი ვერ გაუძლებდა.
საქმეს არც ბრიტანელები ჩამორჩნენ, რომლებმაც ევროპის კონტინენტზე მყოფი სამიზნეების დაბომბვა პირდაპირ კუნძულებიდან მოისურვეს. ამ მიზნით მათ 203 მმ-იანი ქვემეხი შექმნეს, რომლის 109 კგ-იანი ჭურვი 110-120 კმ-ზე მიფრინავდა.
მადა ჭამაში მოდისო და 1920 წლისთვის ფრანგებმა ახალ 200 მმ-იან ქვემეხზე დაიწყეს მუშაობა, რომელსაც ჭურვი წარმოუდგენელ 200 კმ-იან დისტანციაზე უნდა ესროლა. ამ შემთხვევაში ქვემეხის მცირე სიბურჟღლის გამო, მისი გამოყენება ფართობზე გაშლილ სამიზნეების წინააღმდეგ იგეგმებოდა. ამავე დროს სუპერ არტილერიის მოწინააღმდეგების მტკიცებით, იმავე ამოცანას ავიაციაც შეასრულებდა. არტილერიის მომხრეებს კი საკუთარი არგუმენტები ჰქონდათ - ავიაციას არ შეეძლო მოქმედება ღამით და ცუდი ამინდის დროს. გარდა ამისა, დამიზნების და ბალისტიკური ტრაექტორიების გათვლის თანამედროვე მეთოდები, მათ დამატებით იმედს აძლევდა.
1930-იანი წლების ბოლოსთვის, ნაცისტურ გერმანიაში სუპერ არტილერიას კონკურენტის სახით ბალისტიკური რაკეტები გამოუჩნდნენ. 1937 წლიდან ვერნერ ფონ-ბრაუნი AA4-ის ტიპის რაკეტაზე მუშაობდა, რომელიც შემდგომ "ფაუ-2"-ის სახელით გახდა ცნობილი.
მეორე მსოფლიო ომისას, საჰაერო დაბომბვების გზით ინგლისის დაპყრობის გეგმის ჩაშლის შემდეგ, გერმანელებს ახალი იდეა მოუვიდათ. სანამ პენემიუნდეში ფონ-ბრაუნი რაკეტებზე მუშაობდა, ოკუპირებული საფრანგეთის ტერიტორიიდან ბრიტანეთს არტილერია ამუშავებდა. 1937-1940-იან წლებში, "კრუპის" ქარხანამ ორი 210 მმ-იანი სარკინიგზო საარტილერიო პლატფორმა შექმნა. მისი 250 კგ-იანი მსხვრევადი ჭურვი 115 კმ-ზე მიფრინავდა. ლულის რესურსი 90 გასროლას შეადგენდა. ვალში არც ინგლისელები დარჩენილან და გერმანელებს საპასუხო ჭურვებს ორი 356 მმ-იანი სტაციონარული საზღვაო ქვემეხი უგზავნიდა. ერთს "ვინი" ერქვა, მეორეს კი "პუჰი".
1936 წლისთვის, "კრუპის" ფირმამ ახალ ზელმძლავრ ქვემეხის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. გეგმის მიხედვით, მისი გამოყენება საფრანგეთის საზღვარზე არსებული მაჟენოს თავდაცვითი ხაზის წინააღმდეგ უნდა მომხდარიყო. ქვემეხის ჭურვს 1 მმ-ის სისქის მეტალის ჯავშნისა და 7 მმ-ის სისქის ბეტონის გარღვევა უნდა შესძლებოდა. 807 მმ-იანი "დორას" შექმნას 5 წელის დასჭირდა. ამასობაში კი მაჟინოს ხაზი, ისევე როგორც ბელგიასა და ჩეხოსლოვაკიაში არსებული საფოტიფიკაციო ნაგებობები უკვე გერმანელების ხელთ იყო.
ამიტომაც, 1942 წლის დეკემბერში, "დორა" მე–11-ე არმიის განკარგულებაში გადასცეს და ყირიმში გააგზავნეს. აქ მის მთავარ მიზანს, გერმანელების თავის ტკივილის - 305 მმ-იანი საბჭოური სანაპირო ბატარეების განადგურება წარმოადგენდა. "დორას" ჭურვი 4800 კგ-ს იწონიდა. თავად 1350 ტ-იანი ქვემეხის პოზიციის მომხაზებასა და აწყობას საშუალოდ ერთი თვე სჭირდებოდა. მისი გათვლა 500 კაცს შეადგენდა. მაგრამ დაცვისა და სატრანსპორტო ბატალიონების, ჭურვებით დატვირთული ორი სარკინიგზო შემადგენლობის, საველე პურის საცხობისა და კომენდატურის გათვალიწინებით, ხალხის რაოდენობა 1400 კაცს აღწევდა. "დორას" გადაადგილებას, ორი დიზელის ლოკომოტივი უზრუნველყოფდა.
5-დან 17 ივნისის ჩათვლით, "დორამ" სევასტოპოლს 48 ჭურვი ესროლა. ერთი გასროლის განხორციელებას, საშუალოდ 30-45 წთ უნდოდა. მისი ეფექტურობის შესახებ დავა დღემდე მიდის, თუმცა ყველა ეთანხმება აზრს, რომ დანადგარის ზომებსა და ღირებულებას ისინი არ შეესაბამებოდნენ. შემდგომ გერმანელებმა მეორე ანალოგიური სუპერ ქვემეხი - "გუსრავი" შექმნეს.
სუპერ არტილერიის პროექტებმა აქტუალობა არც ომის დასრულების შემდეგ დაკარგა. 1946 წელს, საბჭოთა კავშირში, სარკინიგზო პლატფორმაზე დამონტაჟებული 562 მმ-იანი ქვემეხის შექმნის იდეა განიხილებოდა. სხვათა შორის, პროექტზე დატყვევებული გერმანელი სპეციალისტები მუშაობდნენ. მაგრამ მაშინ არენაზე რაკეტები გამოდიოდნენ. მათი უპირატესობა კი არტილერიასთან შედარებით აშკარა იყო.
1990 წლის 22 მარტს ბრიუსელში საარტილერიო ტექნიკის ცნობილი სპეციალისტი პფოსესორი ჯონ ბიული მოკლეს. თავის დროზე, ის "ნატოს" წევრ ქვეყნების საველე არტილერიის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე მუშაობდა. თუმცა, სხვადასხვა დროს აქტიურად თანამშრომლობდა ჩინეთთან, ისრაელსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან. მის მკვლელობაში ზოგი "მოსადს", ზოგი კი ირანელ სპეცსამსახურებს სდებს ბრალს. ნებისმიერ შემთხვევაში, მას "დიდი ბაბილონის" პროექტის ავტორად მიიჩნევენ.
მიჩნეულია, რომ ირან-ერაყის ომის დასრულებამდე, სადამ ჰუსეინმა ბიულს სუპერ–ქვემეხის შექმნა დაავალა. რომლის საშუალებით, ის ირანისა და ისრაელის დაბომბვას შესძლებდა. მისი კალიბრი, 1000 მმ უნდა ყოფილიყო, სროლის მანძილი კი 1000 კმ-მდე. 1991 წელს, სპარსეთის ყურეში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ერაყელებმა გაეროს ინსპექტორებს იმ ნაგებობის ფრაგმენტები აჩვენეს, რომელსაც "დიდი ბაბილონი" ეწოდებოდა. შემდგომ ისინი გაანადგურეს და ჰუსეინის სუპერქვემეხის ისტორიაც ამაზე დასრულდა.
0