10:51:11     16-07-2011
F-35 - სერიულ წარმოებისკენ მიმავალ გზაზე
ამერიკულმა კომპანია Lockheed Martin-მა, საკუთარი პროექტის მიხედვით შექმნილი მეხუთე თაობის თვითმფრინავის გამოცდის მორიგ ციკლს შეუდგა. აირამრეკლ ფართან მიმდინარე გამოცდაში, მონაწილეობას, საგემბანო ბაზირების გამანადგურებელი F-35C Lightning II ღებულობს. ექსპერიმენტების მიზანს, ავიამზიდის გემბანიდან აფრენისას, თვითმფრინავის ძრავას მიერ წარმოქმნილი რეაქტიული ჭავლის, ავიამზიდების საგემბანო აღჭურვილობაზე მოქმედების შესწავლა წარმოადგენს. ცდები, ავიამზიდის გემბანის სახმელეთო იმიტატორზე მიმდინარეობს.
თავად აირამრეკლი ფარი ავიამზიდზე მხოლოდ ერთ მიზანს, თვითმფრინავის სტარტის წინ, მისი საქშენიდან გამოსული გავარვარებული რეაქტიული ჭავლის მიმართულების შეცვლას ემსახურება. რითაც მინიმუმამდე მცირდება გემბანზე მყოფი სხვა თვითმფრინავების დაზიანების ან საგემბანო მომსახურე ტექნიკური პერსონალის ტრავმირების ალბათობა. გამოცდების მსვლელობისას, თვითმფრინავ F-35C-ის ძრავა ყველა, მათ შორის ასაფრენ რეჟიმზეც იმუშავებს.
გასული წლის ბოლოს, გავრცელდა ცნობები, რომ ავიამზიდებზე F-35B-ს გამოყენების შემთხვევაში, ამერიკელი სამხედროები, შესაძლოა გარკვეულ პრობლემებს წააწყდნენ. ამ თვითმფრინავს ვერტიკალური აფრენა-დაფრენის შესაძლებლობა გააჩნია. შესაბამისად, გემბანიდან აფრენის ან დაფრენის შემთხვევაში, რეაქტიული ჭავლი გემბანისკენ იქნება მიმართული. გავარვარებულმა აირებმა კი მისი საფარი შეიძლება დააზიანოს. მსგავს პრობლემებს ამერიკელი საზღვაო ქვეითები MV-22-ის ტიპის კონვერტოპლანების ექსლუატაციის საწყის ეტაპზე წააწყდნენ. მაშინ გამოსავალი დამატებითი დამცავი ეკრანების გამოყენებაში მოინახა. მაგრამ F-35B-ს შემთხვევაში, მას გაცილებით ძლიერი ძრავა გააჩნია. შესაბამისად საქშენიდან გამოსულ რეაქტიულ ჭავლს უფრო მაღალი ტემპერატურა ექნება.
თავად თვითმფრინავი პროგრამა JSF-ის (Joint Strike Fighter - ერთიანი დამრტყმელი გამანადგურებელი) ფარგლებში შეიქმნა. პროექტს საფუძველი, 1980-იანი წლების ბოლოს ჩაეყარა და მთავარ მოთხოვნას თვითმფრინავის ვერტიკალური და შემოკლებული აფრენა-დაფრენის შესაძლებლობა წარმოადგენდა. ეს მოთხოვნა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ავიამზიდების გემბანებზე Harrier-ის ტიპის თვითმფრინავების ჩანაცვლების სურვილით იყო განპირობებული.
პროგრამის პრიორიტეტად ეკონომიკური ფაქტორები დასახელდა. ეს უნდა ყოფილიყო ექსპლუატაციაში მარტივი, შედარებით იაფი თვითმფრინავი, რომელიც კონკრეტულ წერტილში თანამედროვე უზუსტესი იარაღის მიტანას შეძლებდა.
1996 წელს, პროექტის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობის სურვილი, ფირმებმა Boeing და Lockheed Martin გამოთქვეს. პირველი ფირმის პროექტს X-32 წარმოადგენდა, მეორესი კი - X-35. ფინალისტად სწორედ ეს უკანასკნელი დასახელდა. თავად თვითმფრინავი კი, პირველად 2006 წლის 15 დეკემბერს აფრინდა. პროექტს მხარი არა მხოლოდ აშშ-მ, არამედ დიდმა ბრიტანეთმაც დაუჭირა. თუმცა კომპანიას წინ დიდი მუშაობა ელოდა - X-35 მხოლოდ სადემონსტრაციო თვითმფრინავი იყო და სერიულ დონემდე ის ჯერ კიდევ შორის იყო. თვითმფრინავის დაპროექტება, ერთდროულად სამ ვარიანტში დაიწყო:
F-35A - ტრადიციული აფრენა-დაფრენის ვარიანტი აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის;
F-35B - შემოკლებული (იგივე ვერტიკალური) აფრენა-დაფრენის ვარიანტი აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსისთვის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის და სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის;
F-35C - ტრადიციული აფრენა-დაფრენის საგემბანო ვარიანტი აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის.
სამივე ვარიანტის შემთხვევაში, ისინი 70-90 %-ით არიან უნიფიცირებულნი, რაც საგრძნობლად ამცირებს მათი დამზადების ღირებულებას. თუმცა, ამავე დროს მოდიფიკაციიდან გამომდინარე, თვითმფრინავებს განსხვავებული მახასიათებლები, შესაძლებლობები და გაბარიტები გააჩნიათ.
სამივე მათგანზე ერთი და იგივე, ფირმა Pratt & Whitney-ის მიერ წარმოებული F135-ის ტიპის ტურბორეაქტიული ძრავაა გამოყენებული. თუმცა თვითმფრინავის მოდიფიკაციიდან გამომდინარე ძრავასაც მცირე განსხვავებები აქვს (F-35A - F135-PW-100, F-35B - F135-PW-600, F-35C - F135-PW-400). ვარიანტზე F-35B-ზე კომბინირებული ძალური დანადგარია გამოყენებული. მფრინავის კაბინის უკან ფიზელაჟში ვერტიკალურად ძლიერი ვენტილატორია დაყენებული, რომელიც ბრუნვაში ლილვის საშუალებით ძირითად ძრავას მოჰყავს. აფრენის წინ ფიუზელაჟის ზედა და ქვედა ზედაპირზე, ვენტილატორის ფუნქციონირებისთვის სპეციალური ლუქები იხსნება. ძირითადი ძრავას საქშენსაც მბრუნავი კონსტრუქცია გააჩნია და მას ქვევით 900-ით მობრუნება შეუძლია.
თვითმფრინავი მეხუთე თაობის პრინციპებითაა შექმნილი და უდაოდ მის ყველაზე ძლიერ მხარეს, საბორტო რადიოელექტრონული კომპლექსი წარმოადგენს. F-35-ს დღეისთვის ყველაზე სრულყოფილი და თანამედროვე კაბინა აქვს. მთელ მოწყობილობათა დაფას, თხევადკრისტალური ფერადი პანორამული დისპლეი იკავებს. თვითმფრინავის კიდევ ერთ განსაკუთრებულობა - საქარე მინის ინდიკატორის არარსებობაა. სამაგიეროდ მფრინავს ახალი თაობის ჩაფხუტი ექნება, რომელიც მას ამ ინდიკატორის მაგივრობას გაუწევს. ომპიუტერის მიერ სინთეზირებული გამოსახულება ჩაფხუტის მინაზე აისახება. მისი გამოყენება ღამის პირობებშიც შეეძლება.
მაღალი ტექნოლოგიების მიუხედავად, F-35-ის მთავარ პრობლემად მისი დიდი ღირებულება იქცა. 2006 წელს აშშ-ს სათვალავმა პალატამ, გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც პროექტის საერო ღიებულების ფასი 38 მილიარდ დილარამდე გაიზრდება, ერთი თვითმფრინავის ღირებულება კი შესაბამისად 122 მილიონ დოლარამდე. ამ განცხადებას ნამდვილი ჯაჭვური რეაქცია მოყვა და თვითმფრინავის მწარმოებლები, რიგითი ამერიკელი მოქალაქეების გადასახადების გაფლანგვაში დაადანაშაულეს. 2009 წლის 31 აგვისტოს, აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა, F-35-ის პროექტის მხარდამჭერი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "ჩვენ როგორც ნაციას არ ჰგვაქვს უფლება არ ვიყოლიოთ ასეთი თვითმფრინავი".
მაგრამ სულ რამოდენიმე დღის წინ, გავრცელდა ცნობა, რომ პირველი სერიული თვითმფრინავების ფასი ჯამში 770 მილიონით გაიზრდება. წვრილსერიული წარმოების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ს თავდაცვის უწყება სამივე მოდიფიკაციის 31 თვითმფრინავის შეძენას გეგმავდა. პროცესი სამ ეტაპად უნდა შესრულებულიყო. პირველის ფარგლებში ორის, მეორეს - 12-ის, მესამე ეტაპის ფარგლებში კი შესაბამისად 17 თვითმფრინავის შესყიდვა უნდა მომხდარიყო. საინტერესო ის, არის რომ თვითმფრინავების ფასი, დამკვეთთან კონტრაქტის გამორმების შემდეგ გაიზარდა. ამერიკელმა სამხედროებმა უკვე მოასწრეს ამ მხრივ საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვა. იძულებულნი იყვნენ მხოლოდ ამით შემოფარგლულიყვნენ და თვითმფრიანვების შესყიდვაზე დამატებითი თანხები გამოეყოთ, რადგან მწარმოებელ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, თვითმფრინავის ღირებულების გაზრდის შემთხვევაში, დამატებითი თანხის გადახდა უპირობოთ უნდა მომხდარიყო.
ფასის ზრდა, თვითმფრინავის პლანერის მოდერნიზაციით არის განპირობებული. მწარმოებლებმა ვადაში ჩასატევად და გეგმის ჩაგდების თავიდან ასაცილებლად, პროექტზე მომუშავე პერსონალი დამატებითი სამუშაო საათებით დატვირთეს. რა თქმა უნდა დამატებითად უხელფასოდ არავინ იმუშავებდა და Lockheed Martin-იც იძულებული იყო ხალხისთვის გადაეხადა.
თუმცა, ამერიკელი სამხედროების განცხადებით, მომავალში მსგავსი შემთხვევების განმეორების შემთხვევაში, თვითმფრინავების გაზრდილი ღირებულების კომპენსირება მწარმოებლებს საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ.
0