10:38:43     07-08-2019
სომხეთის პრემიერი: 2050 წლამდე სომხეთის მოსახლეობა 5 მილიონამდე უნდა გაიზარდოს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წარადგინა სომხეთის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც მოიცავს 2050 წლამდე პერიოდს.
"2050 წლამდე სომხეთის მოსახლეობა მინიმუმ 5 მლნ-მდე უნდა გაიზარდოს, უნდა შეიქმნას 1,5 მლნ სამუშაო ადგილი, აღმოიფხვრას სიღარიბე, ვაქციოთ სომხეთი ინდუსტრიულ ქვეყნად, გავზარდოთ მშპ 15-ჯერ, უნდა შევქმნათ მინიმუმ 5 ტექნოლოგიური კომპანია, რომლის ღირებულება 10 მლრდ დოლარზე მეტი იქნება და 10 ათასი სტარტაპი.
საშუალო ხელფასი უნდა გაიზარდოს 7-ჯერ და სომხეთის არმია უნდა შევიდეს მსოფლიოს 20 ყველაზე ძლიერ არმიათა შორის", - განაცხადა ფაშინიანმა თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტის მთავარ მოედანზე მრავალათასიანი მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
ნიკოლ ფაშინიანი სიტყვით გამოსვლისას მოკლე კომენტარით შემოიფარგლა მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით.
"ალბათ, იკითხავენ, თუ განვითარების გეგმაში რატომ არ არის ნახსენები არცახი [ყარაბაღი]. პასუხი ძალიან მარტივია, რადგანაც არცახი არის სომხეთი და ამას ალტერნატივა არ აქვს", - თქვა ფაშინიანმა.
0