11:35:59     14-07-2011
ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150-ე, საიუბილეო წელიწადი
1861 წლის 14 ივლისს სოფელ ჩარგალში დაიბადა ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი - ვაჟა ფშაველა.
შესაძლოა მაშინდელი 14 ივლისი ჩვენს დროში 27 ივლისს, ახალი სტილით უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ, წელს განსაკუთრებული წელია, ვაჟას დაბადების დღიდან 150 წელი გავიდა. 150 წელი, საიუბილეო თარიღია და ამიტომ გვეპატიება, თუ მისი დაბადების დღის აღსანიშნავად პუბლიკაციებს, როგორც ახალი სტილით 14 ივლისს, ასევე ძველი სტილით 14 (ანუ 27) ივლისს გამოვაქვეყნებთ.
გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველა არის განსაკუთრებული მოვლენა ჩვენი ხალხის ისტორიაში. კაცი და შემოქმედი, რომელიც, ალბათ, მთლიანად გამოხატავს ქართველი ადამიანის ბუნებას, ბუნებრიობას, მის მსოფლმხედველობას, მსოფლმიმართებას, გენიალობას... ამიტომ, მისთვის პუბლიკაციების მიძღვნა ყოველთვის შეიძლება.
ოფიციალური საიუბილეო ზეიმის გამართვა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, შემოდგომისთვის არის დაგეგმილი. მაგრამ, ვფიქრობ, ეს ცოტაა ისეთი დიდი ტალანტისათვის, როგორიც ვაჟა-ფშაველაა. ალბათ, მთელი წელიწადი უნდა მიეძღვნას მას. მთელი წელი უნდა მიმდინარეობდეს მისი იუბილის აღნიშვნა. მთავარი კი ისაა, სულ უნდა ვკითხულობდეთ და ვკითხულობდეთ მის ნაწარმოებებს.
ვაჟა-ფშაველას თაყვანისმცემლები, მწერლები, პოეტები, ლიტერატურისა და ქართული კულტურის მოყვარულები, უბრალო ადამიანები, ახალგაზრდები დღეს აპირებდნენ მთაწმინდაზე შეკრებას და ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე, მის ტალანტზე, მის კაცობაზე და მამულიშვილობაზე საუბარს.
ვაჟა უკვდავია, როგორც უკვდავია იმ მთა-ბარის მცხოვრებთა მომავალი, რომელმაც ის შვა და აჩუქა მსოფლიოს. თუმცა, მსოფლიო ჯერ ისე კარგად ვერ ჩაწვდება მის შემოქმედებას, როგორც ეს საჭიროა. მაგრამ, მოვა დრო და ქართული ენა უფრო მეტად პოპულარული გახდება მსოფლიოში, უფრო მეტი და მეტი ადამიანი შეისწავლის ქართულს და უცხოელთა შორისაც გაიზრდება ჩვენი საამაყო პოეტის თაყვანისმცემლები, კიდევ და კიდევ გამოჩნდებიან მისი შემოქმედების მთარგნელნი და კიდევ უფრო ცნობილის გახდება ვაჟა-ფშაველას სახელი.
სანამ მსოფლიო კარგად არ შეისწავლის საქართველოს ფენომენს, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო სახეა ვაჟა, მანამდე ხოგაის მინდიასეული მსოფლმიმართება, ჰუმანურობა და ბუნების ნამდვილი შვილობა, ძნელი დასამკვიდრებელი იქნება მსოფლიოში. სანამ ეს მსოფლმიმართება, ამგვარი დამოკიდებულება არ გახდება კაცობრიობისათვის კარგად ცნობილი, მანამდე დემოკრატია, თუმც ძალიან კარგია, მაინც არ იქნება დედამიწის გადასარჩენად საკმარისი, როგორც მორალური, ისე მატერიალური და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც.
ჩვენ კი უნდა მივუბრუნდეთ ვაჟას - წინ ვაჟასაკენ. ამ საქმეში კი ვაჟას პოეზიაზე უკეთესი კი რა იქნება.
წელს კიდევ არა ერთ პუბლიკაციას მივუძღვნით დიდ ნაციონალისტს და მსოფლიო მოქალაქეს - ვაჟა-ფშაველას.
* * *
ერთი რამ მინდა სათქმელად,
გულს ნისლად დაფარებული,
ციდამ ცა-ქვეყნის გამგესი
სამღერლად დაბარებული.
ვსთქვა, თუ არა ვსთქვა, რას მეტყვით,
გულისაც დავალებული?!
შორს მიდის ჩემი გონება,
ოცნება გამალებული;
გულს ბევრი უნდა ტიალსა -
ხარია ალაღებული.
ნუ მომთხოვთ, მაშინ არ ძალმიძს
მსჯელობა დალაგებული...
მაინც ბოღმა მკლავს, მაინცა
არა ვარ გალაღებული.
ნეტავ, დაგლევდი, ბუნებავ,
შენის ცოდვით და მადლითა,
ან შენ დამლევდი, რომ შენთან
მეც მემუშავა ადლითა.
ვერ სძღები სიყვარულითა,
გულო, არ იქნა არობით;
იმღერე, ისევ იმღერე,
ჟინი მოიკალ გალობით;
ეს გაზაფხულიც ჩამოდგა
ქვეყნის დამდგენის წყალობით.
(1893)
გაზაფხულს ია ამოდის
(სიმღერა)
გაზაფხულს ია ამოდის,
სთველში ირემი ჰყვირისო, -
ეს ჩემი გული ტიალი
ისევ და ისევ სტირისო.
ღამით მინახავს მთის პირად
ბუ გულსაკლავად ჰკიოდეს;
ნეტავ, თუ კიდევ სხვასაცა
ჩემებრივ გული სტკიოდეს?!
მითამ სუყველას ბოლო აქვს,
ზღვანიც-კი დაშრებიანო;
მაშ ჩემის გულის დამჭრელნი
რატომ არ გასწყდებიანო?!
(1886)
ვიცანი, ღმერთო, სამყარო
ვიცანი, ღმერთო, სამყარო, -
ეს შენი დანაბადები, -
იმისი ავლა-დიდება
და შიგ საგძალი ნადები;
მბოჭავს, არ მათავისუფლებს
გარს შემორტყმული ბარდები;
დღეს გულსაცა სწვავს, კუჭსაცა
გუშინ ნაჭამი ქადები.
რად გვინდა, ნეტავ, სიცოცხლე,
ეს ამოდენა ამბები,
თავში სიცილი, მოლხენა,
ბოლოს - ვაი და დარდები!
განგების სათამაშოდა,
გასართობად ვართ გამხდრები;
ერთია, თუნდა ჩვენ ვიყვნეთ
და თუნდა მინდვრის თაგვები:
გავერანდება ერთხელაც
ტურფად შემკული ბაღები,
ჩამოინგრევა დარბაზი
და სრა-სახლების თაღები;
ცრემლს დაუწყებენ ფრქვევასა
დღეს მოლხინარი ბალღები.
ამას ბჭობს, ვისც აბარია
განგების ბჭეთა საღები.
ასეა, ვიცით კარგადა,
ამ წუთისოფლის თვისება,
ვერაფერს ვიზამთ ომითა,
არას გვიშველის გინება,
ქრთამი და ხვეწნა-მუდარა,
ხმალ-ზარბაზნების ღირება,
დიდი ჭკვა, გამოცდილება,
ქველობის გამოჩინება.
განგების გასართობნი ვართ
ჩვენის ჭირით და ლხინითა,
ამის მეტს ვერ თუ შესძლებდა,
ღმერთმა ინება იმითა -
დაგვღალოს, ოფლი გვადინოს,
მერე გაგვაძღოს ძილითა,
რომ ბოლოს სიტკბო ვიგემოთ
გამსჭვალულებმა ჭირითა.
ალბათ, ასე სჯობს, ჩვენ ვცდებით,
ვერ ვსაზღვრავთ ჩვენის ტვინითა
იმას, რაც წარმოსდინდება
სიწმინდის ჭურჭლის პირითა!
(1903)