13:05:48     13-07-2011
14 ივლისს, ვაჟა-ფშაველას დაბადების დღის აღსანიშნავად მთაწმინდაზე მისი თაყვანისმცემლები იკრიბებიან
ხვალ, 14 ივლისს 12 საათზე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ვაჟა-ფშაველას თაყვანისმცემლები იკრიბებიან მისი დაბადების 150 წლის იუბილის აღსანიშნავად.
როგორც პრესა.გე-სთვის გახდა ცნობილი, ორგანიზატორებმა მიმართეს საპატრიარქოს, საზოგადოებრიობას, სხვადასხვა ორგანიზაციებს, მას-მედიას, რომ დიდი ვაჟა-ფშაველას დაბადების 150 წლისთავი ქვეყანამ აღნიშნოს ზეიმით, როგორც ეკადრება დიდ გენიოსს.
მკითხველს ვთავაზობთ გავიხსენოთ ვაჟას რამდენიმე ლექსი.
გული გავგზავნე ქვეყნადა
გული გავგზავნე ქვეყნადა
სალაღოდ, სანავარდოდა.
სულ უტიფარი და ნორჩი,
ვინ იცის, საით დარბოდა!
დაბრუნდა, ჩემთან მოვიდა,
შევხედე, ვეღარ ვიცანი:
ათიათასი წყლული სჭირს -
ტანჯვა-ვაების ნიშანი.
დამდნარა, ნალევს მთვარეს ჰგავ,
სულს ჰლევდა, თითქოს კვდებოდა.
ვეკითხებოდი, ხმას არ მცემს,
ცრემლის მორევში დნებოდა.
ვაებად ქმნილსა მოლხენის
აღარაფერი სცხებოდა.
ვასუსუვ-ვანუგეშებდი,
არ მისმენს, არა სცხრებოდა.
თვითეულს შეკითხვაზედა
ცრემლი ზღვად გადმოჰსკდებოდა.
გავიგე, რადაც სტიროდა
და რისათვისაც ბნდებოდა:
ქვეყნის ავ-კარგის გაცნობას
თურმე თან ცრემლი ჰხლებოდა.
ის კი არ არი ბიჭობა
(სიმღერა)
ის კი არ არი ბიჭობა,
რო გამაგრებდენ, ჰმაგრობდე;
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
თავისთავადა ჰვარგობდე.
არც ის მგონია ბიჭობა,
ვისაც ერევი, არჩობდე;
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
რომ სხვის დამრჩვალსა სწამლობდე.
მითხარ, ვის უთქვამ ბიჭობად,
დამჩაგვრელებსა სწყალობდე?
აბა, ბიჭობა ის არი,
დაჩაგრულთათვის სწვალობდე.
არცრა ბიჭობა ეგ არი,
მაძღარი ჰმღერდე, ჰგალობდე,
თავი მოგქონდეს სხვებზედა
და ამის გამო გვძარობდე.
მგოსნობას არვის აცლიდე,
მუდამ ჰკვეხდე და სცხარობდე.
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
მშიერ-მწყურვალიც ჰგალობდე.
დამსეტყვე, ცაო
(სიმღერა)
დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,
აქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გაუტეხელი,
მოუღალავი მკლავითა.
რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შავეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლევინებ
მოზღვავებულის ავითა!..
განა მარტო ვარ ამქვეყნად,
სხვაც მრავალია ჩემფერა,
ვისაც არავინ არ სწყალობს,
წყევლას უბარებს ტერტერა.
ის ვიცი, მითი ვნუგეშობ,
გულიც მან გამიერთფერა.
ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ,
ხან შავაბიჯებ სერ-სერა;
დავუკრავ მჭვარტლიანს ჩონგურს
ათასჯერ, განა ერთხელა;
და ზედ დავმღერებ იმასვე,
რასაც დღესნამდე ვმღეროდი...
მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი
გულ-მკერდზე დაიწეროდი!
ბარო, წარბნი და წამწამნი
იმ სიტყვით დაიკეროდი!..
ისევ მტერი ვარ იმისა,
ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, -
იგივე მიყვარს, იგივე,
ვისაც ამ სოფლად ვრჩეობდი.
სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს, -
კეთილსა ვყვანდე ზიარად;
ვერ მივცემ მტერსა მამულსა
საჯიჯგნად, დასაზიანად...
ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, -
ჯერ ისევა ვარ ფხიანად.