Зубр - უნივერსალური სადესანტო ხომალდი, ბატალიონით ბორტზე Зубр - უნივერსალური სადესანტო ხომალდი, ბატალიონით ბორტზე />


  23:33:48     11-07-2011

Зубр - უნივერსალური სადესანტო ხომალდი, ბატალიონით ბორტზე

a7969.jpg

გასული საუკუნის ომებსა და მასშტაბურ სამხედრო კონფლიქტებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ უმეტეს შემთხვევაში, საზღვაო დესანტს ამ საქმიანობაში მნიშვნელოვანი როლი უკავია. განსაკუთრებით ინტენსიურ ხასიათს საზღვაო დესანტირება, მეორე მსოფლიო ომის დროს, წყნარ ოკეანეში ატარებდა, სადაც იაპონელებისგან ათეულობით კუნძულის გასაწმენდად, ამერიკელები ყველაზე ხშირად სწორედ საზღვაო-სადესანტო ოპერაციებს მიმართავდნენ. 

მაგრამ, როგორც წესი, საზღვაო-სადესანტო საშუალებების უმეტეს ნაწილს ერთი საერთო ნაკლი გააჩნიათ - სვლის დაბალი სიჩქარე. ამის მთავარი მიზეზი კორპუსის მოუხერხებელ  ფორმაში მდგომარეობს, რაც ცხვირა ნაწილში განლაგებული აპარალით არის განპირობებული. ამის გამო, იზრდება სანაპირო ზოლამდე მისასვლელად საჭირო დრო და შესაბამისად, ხომალდის განადგურების ალბათობა. 

საზღვაო სადესანტო საშუალებების გაუმჯობესების ძიებაში, ინჟინრებმა საკმაოდ ორიგინალურ მეთოდს მიაკვლიეს. იდეა ხომალდის ფსკერის ქვეშ ჰაერის დაჭირხვნაში მდგომარეობდა. ანუ ხომალდის ქვეშ ჰაერის ბალიში იქმნებოდა. ამ ეფექტის შესანარჩუნებას კი პერიმეტრზე დამაგრებული რბილი შემომზღუდავი “კაბა” უზრუნველყოფდა. ამის წყალობით, წყლის ზედაპირსა და ხომალდის ფსკერს შორის გაზრდილი კლირენსი ტალღებისა და წინააღმდეგობის ეფექტური გადალახვის საშუალებას იძლეოდა. ამ ყველაფერთან ერთად, “კაბის” გამოყენებით, ხომალდს ხმელეთზეც შეეძლო ამოსვლა. სწორედ ასე გაჩნდა ჰაერბალიშიანი სადესანტო ხომალდები. 

საბჭოთა კავშირში ამ ტიპის ხომალდებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს. 1986 წელს, მაშინდელ ლენინგრადში არსებულმა საკონსტრუქტორო ბიურო Алмаз-მა, მსოფლიოში ყველაზე დიდ, 12322 პროექტის მიხედვით შექმნილ ჰაერბალიშიან  სადესანტო ხომალდ Зубр-ზე დაასრულა მუშაობა. იმავე წელს, მისი პროტოტიპი МДК-95 წყალში ჩაუშვეს და სახელმწიფო გამოცდების შემდეგ, 1988 წელს, ის შეიარაღებაშიც მიიღეს. 

ყველა წინამორბედისგან განსხვავებით, Зубр-ი გაცილებით სოლიდურად გამოიყურება - მისი სიგრძე 57.3 მ-ს, სიგანე კი 25.6 მ-ს შეადგენს. სრული ტონაჟი კი 555 000 კგ-ს უტოლდება. ამხელა მასის მქონე ხომალდის გადასაადგილებლად, ინჟინრებმა მასზე 10 000 ცხ.ძ-ის სიმძლავრის სამი აირტურბინული ძრავა დააყენეს. მათ მოძრაობაში სამი 5.5 მ-ის დიამეტრის მქონე ოთხნიჩბიანი ხრახნი მოყავთ. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ხომალდის გადაადგილებას. კიდევ ორ 10 000 ცხ.ძ-იან აირტურბინული ძრავა საჰაერო ბალიშის წარმოსაქმნელად კი 2.5მ-ის დიამეტრის ოთხი ვენტილატორს ატრიალებს. Зубр-ის ცურვის მაქსიმალური სიჩქარე 60 კვანძია, რაც 112 კმ/სთ-ის ტოლია. მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობისას, ხომალდის ცურვის სიშორე 300 საზღვაო მილია, ავტონომიურობა კი ხუთ დღე-ღამეს შეადგენს. Зубр-ის ეკიპაჟი 27 ადამიანს ითვლის.  

ხომალდს საკმაოდ ძლიერი შეიარაღება გააჩნია. ორი АК-630-ის ტიპის ექვსლულიანი სწრაფმსროლი 30მ-იანი ქვემეხის გამოყენება, როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო სამიზნეების წინააღმდეგ შეიძლება. ამ დანადგარის სროლის ტემპი წუთში 10 000 გასროლას აღწევს. ამ ხომალდის გამოყენების კონცეფცია, მის გამოყენებას მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული სანაპირო ზოლზე დესანტირებასაც ითვალისწინებს. შესაბამისად, საზღვაო ქვეითების გადმოსხმის წინ, ნაპირის „დასამუშავებლად“ ხომალდზე, ორი 22 ლულიანი 140მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი МС-227-ია დაყენებული. მისი მოქმედების მაქსიმალური მანძილი 4 500 მ-ია და ის როგორც მსხვრევად-ფუგასურს, ასევე ცეცხლგამჩენ ჭურვებს მოიხმარს. ჰაერსაწინააღმგედო საშუალებების სახით კი, Зубр-ს ოთხი გაოთხმაგებული Игла-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გააჩნია. 

შეიარაღებაზე გაცილებით მეტად შთამბეჭდავია ხომალდის სადესანტო შესაძლებლობები. სასარგებლო დატვირთვის სახით, მას ბორტზე მაქსიმუმ 150 ტ-ის მიღება შეუძლია. თუმცა დატვირთვის რეალიზირება სხვადასხვა კომპლექტაციაში ხდება. ხომალდს ბორტზე სამი ტანკის, ან 10 ჯავშანტრანსპორტიორის (ჯამური წონა 131 ტ-მდე), ან რვა ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანის (115 ტ-მდე) ან ამდენივე მცურავი ტანკის მიღება შეუძლია. რაც შეეხება ცოცხალ ძალას, 140 სრულად ეკიპირებული ჯარისკაცის განთავსება ოთხ ნაკვეთურში ხდება. იმ შემთხვევაში, თუ სადესანტო ოპერაცია მხოლოდ ცოცხალი ძალის გამოყენებას ითვალისწინებს, მაშინ ტექნიკის ნაცვლად, დამატებითად, 366 კაცის მიღება შეიძლება. ამგვარად, ხომალდს მოწინააღმდეგის ნაპირზე 506 კაცის გადასხმა შეუძლია. 

სხვათა შორის, Зубр-ს საქართველოს ნაპირებთანაც მოუწია ყოფნა. 1993 წლის სექტემბერში, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის ბორის ელცინისა და თავდაცვის მინისტრ პაველ გრაჩოვთან შეთანხმებით და ედუარდ ბალტინის ბრძანებით, შავი ზღვის ფლოტის ერთი Зубр-ი ღამით სევასტოპოლიდან გამოდის და გეზს აფხაზეთისკენ იღებს. ხომალდის ბორტზე საზღვაო ქვეითთა ასეული იმყოფება. მათ ამოცანას, ნებისმიერ ფასად, ბლოკირებული სოხუმიდან საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გამოყვანა წარმოადგენს. თუ როგორ დასრულდა ეს ოპერაცია, ამის შესახებ კარგადაა მოთხრობილი თვითონ ედუარდ ბალტინის ამ ინტერვიუში.

1990-იანი წლების დასაწყისისთვის, საბჭოთა ბალტიისა და შავი ზღვის სამხედრო ფლოტებში, Зубр-ის კლასის რვა ხომალდი ირიცხებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შავი ზღვის ფლოტის გამოყოფისას, სამი ხომალდი („კრამატორსკი“, „გორლოვკა“, „არტემოვსკი“) უკრაინას გადაეცა. კიდევ ორი Зубр-ის ნახევრად დასრულებულ მდგომარეობაში ფეოდოსიის ქარხანაში იყო. შემდგომში უკრაინამ მოახერხა ერთ-ერთი მათგანის დასრულება („დონეცკი“) და 1993 წელს, ის უკრაინის ფლოტის შემადგენლობაში შევიდა. 

2000 წელს, მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰაერბალიშიანი სადესანტო ხომალდებით, საბერძნეთი დაინტერესდა. საბერძნეთს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი ხეშეკრულება გაფორმდა. კონტრაქტის თანახმად, საბერძნეთი Зубр-ის კლასის ოთხ სადესანტო ხომალდს შეიძენდა. ამავე დროს რუსეთსა და უკრაინასაც ორ-ორი ხომალდის გაყიდვის უფლება ჰქონდათ. რუსეთისთვის გაფორმებული შეკვეთის ღირებულებამ 101, უკრაინისთვის კი - 97 მილიონი დოლარი შეადგინა. 

დღეისთვის მწყობრში დარჩენილი Зубр-ების სურათი ასე გამოიყურება: რუსეთი - „ევგენი კოჩეშოვი“ (770) და „მარდოვია“ (782), უკრაინა - „დონეცკი“ (U-420) და „არტემიევსკი“ (U-424), საბერძნეთი -„კეფალენია“(L180), „იტაკი“ (L181), „კერკერა“ (L182) და „ზაკინტოს“(L183). 

რამდენიმე ხნის წინ, ამ ტიპის ხომალდებთან დაკავშირებით, რუსეთ-უკრაინას შორის მორიგი სკანდალი აგორდა. „როსობორონექსპორტმა“ უკრაინას ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევაში დასდო ბრალი. ჯერ კიდევ 2009 წელს, უკრაინამ და ჩინეთმა, ახალ სამხედრო ხელშეკრულების გაფორმებაზე დაიწყეს მოლაპარაკება. მომავალი კონტრაქტი, რომელიც 350 მილიონ დოლარად შეფასდა, ჩინეთისთვის ოთხი Зубр-ის მიყიდვას ითვალისწინებს. აქედან ორ ხომალდს თავად უკრაინა ააგებს. კიდევ ორი კი უკვე ჩინეთში, უკრაინელი სპეციალისტების დახმარებით აიგება. 

თავის დროზე, ამ ტიპის ხომალდის სერიული წარმოება მაშინდელი ლენინგრადისა და ფეოდოსიაში მდებარე გემთმშენბელ ქარხანა „მორეში“ ხდებოდა. შესაბამისად, უკრაინელებს გააჩნიათ შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია. მაგრამ თავად საკონსტურქტორო ბიურო, რომლის პირმშოც არის Зубр-ი, პეტერბურგში მდებარეობს. რუსეთის პროტესტი სავსებით გასაგებია. უკვე წლებია, ჩინეთს მსოფლიო ბაზარზე რუსული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის არალიცენზირებული ასლები გააქვს.  

თუ ჩინურ-უკრაინული შეთანხმება შედგება, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც უკრაინა საბჭოთა პერიოდში შექმნილ ტექნოლოგიებს ჩინეთს მიაწვდის. თავისი საგემბანო გამანადგურებელი ჟ-15 ჩინეთმა უკრაინისგან შეძენილი Т-10К-3-ის ბაზაზე შექმნა. ეს უკანასკნელი კი საბჭოური საგემბანო გამანადგურებელ Су-33-ის პროტოტიპი გახლდათ. თავად პირველი ჩინური ავიამზიდი „შან ლანიც“ - ყოფილი „ვარიაგი“ ჩინელებმა უკრაინაში 1998 წელს იყიდეს.

0

ავტორი: