16:16:38     11-07-2011
რუსული, ამერიკული და ქართული სამხედრო პოლიცია
შეიარაღებულ ძალებში, სამხედრო პოლიციის შექმნის აუცილებლობაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეთაურობა, უკვე დიდი ხანია საუბრობს, მოყოლებული გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან, მაგრამ საუბრის იქით საქმე არ წასულა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დისკუსია გასული წლის ოქტომბერშიც გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო პოლიციის შექმნა 2012 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სიტყვას საქმე არ მოჰყოლია, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, საქმეს რეალური პირი უჩანს.
რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი სერდიუკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის სამხედრო პოლიცია 2011 წელს შეიქმნება. მინისტრის განცახდებით, ამ ორგანოს გენერალ–ლეიტენანტ სერგეი სუროვკინს ჩააბარებენ, რომელიც მანამდე გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი იყო. ამჟამად კი ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის პოსტზეა.
„უახლოეს მომავლში მზად ვარ ხელი მოვაწერო შესაბამის დოკუმენტს. ზუსტად გეუბნებით, რომ რუსული სამხედრო პოლიცია წელს შეიქმნება. აღნიშნულ მიმართულებას სუროვკინი უხელძღვანელებს. სამხედრო პოლიციის შექმნის იდეა 2010 წელს შემუშავდა. მაგრამ მთელი რიგი ტექნიკური პრობლემის გამო, პროცესი შევაჩერეთ. ახლა ყველა ეს პრობლემა მოხსნილია,“ – განაცხადა მინისტრმა.
სამხედრო პოლიციის მოვალეობაში შევა გარნიზონებსა და ქალაქებში პატრულირება, სამხედრო ობიექტებისა და ტვირთის თვალ–ყურის დევნება და დაცვა, „დედოვშინასთან“ ბრძოლა და ა.შ. მის განკარგულებაში გადავა სამხედრო კომენდატურა და ჰაუპტვახტები. ამჟამად არმიაში წესრიგს ნაწილების მეთურობა და სამხედრო პატრული იცავს. წინასწარი ინფორმაციით, სამხედრო პოლიციაში 20 ათასი კაცი იმსახურებს. რიცხოვნობის ზუსტი ციფრი პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებით განისაზღვრება. სავარაუდოდ, სამხედრო პოლიცია იურიდიული განათლების მქონე სამხედრო პირებით დაკომპლექტდება.
სამხედრო პოლიციას ბევრი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში განსაკუთრებული ადგილი უკავია. როგორც მოგახსენეთ, რუსეთშიც იგი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოლიციის კორპუსი არმიის რიგებში 1942 წლიდან ირიცხება. მის მოვალეობაში შედის კანონის დაცვის, დისციპლინარული დარღვევების სამხედრო ტრანსპორტის კონტროლი და მისი მოძრაობის რეგულირება, სამხედრო მოსამსახურეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამხედრო ტყვეების ბანაკების კონტროლი. დახმარების აღმოჩენა საბრძოლო დანაყოფებისათვის მოწინააღმდეგის საჰაერო დესანტის განადგურებისას.
კორეასთან ომის დროს, 1950–1953 წლებში, ამ ვალდებულებებს ემატებოდა ბრძოლა სპეკულაციასთან ამერიკულ არმიაში. ვიეტნამთან ომისას სამხედრო პოლიციას საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოძრაობის რეგულირება, კოლონების დაცვა, სატრანსპორტო მაგისტრალებისა და ხიდების კონტროლი, მოწინააღმდეგის ინფორმაციის გაცვლის იატაკქვეშა პუნქტების აღმოჩენა და ლიკვიდაცია, თავდაცვით ბრძოლებში მონაწილეობის მიღებაც ევალებოდა.
ამჟამად, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოლიცია დაახლოებით 30 ათას სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. ოფიცრები განათლებას სამხედრო პოლიციის სკოლაში, შტატ ალაბამაში, ფორტ–მაკლელანში იღებენ. სამხედრო პოლიციის მეთაური სახმელეთო ძალების გენერალური ინსპექტორის მოადგილეა. აშშ–ს სამხედრო პოლიციის სტრუქტურა ცალკეულ ბრიგადებსა და ბატალიონებს წარმოადგენს.
რაც შეეხება საქართველოს, სამხედრო პოლიციის თანამშრომელი შეიძლება იყოს: სამოქალაქო პირი, სამხედრო მოსამსახურე, სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე. სამხედრო პოლიცია არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებისა და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.
სამხედრო პოლიცია თანამშრომლობს უცხო ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამხედრო პოლიცია დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამართალდამცავ და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ქართული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ერთ–ერთი ყველაზე ორგანიზებული და თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მაღალშედეგიანი სტრუქტურული ერთეულია საქართველოში. მაშინ როდესაც საქართველოს ორი დიდი რეგიონი ჯერ კიდევ ოკუპირებულია, სამხედრო პოლიციის მისია ძალიან დიდია. ე.წ. საზღვრებთან სწორედ მათ ევალებათ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და სიტუაციის კონტროლი.
0