22:28:09     27-05-2019
ვინ შოულობს მილიონებს ოკაცეს, მარტვილის კანიონის, სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმის ბილეთების ბიზნესით?
შპს გურუ - ეს ის კომპანიაა, რომელმაც 2019 წლის მაისიდან, ოკაცეს, მარტვილის კანიონებზე, სათაფლიის ნაკრძალში, პრომეთეს, ნავენახევის მღვიმეებსა და კინჩხის ჩანჩქერზე მისასვლელი ბილეთების გაყიდვა დაიწყო და ფასიც გააძვირა - 15 პროცენტით.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს გურუს დირექტორი ირაკლი კიკორიაა. დამფუძნებლები კი, თეიმურაზ მაქაცარია და გიორგი ცომაია, რომლებიც პარალელურად რუსეთის მოქალაქეები არიან.
[I=2]კანიონებისა და მღვიმეების სანახავად საჭირო ბილეთებისა და ნავების გაქირავებით მიღებული შემოსავლის ჯამი, წლიურად 20 მილიონ ლარამდეა, რომლის მოგების დიდი ნაწილიც, როგორც ჩანს, კომპანიის დამფუძნებლებსა და ჩინოვნიკებზე უნდა განაწილდეს.
პრესა.ჯის აცნობეს რომ ამ ბიზნესს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი, ოთარ დანელია ლობირებს, რომელსაც მრავალი მცდელობის მიუხედავად ვერ დავუკავშირდით.
ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და გვემალება, მისი გარემოცვა კი ირწმუნება რომ “ბატონ ოთარი ზედმიწევნით კეთილსინდისიერი პიროვნებაა და ბიზნესი საერთოდ არ აქვს”.
თუმცა, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ტენდერში გამარჯვებულად რუსეთის მოქალაქეების კუთვნილი კომპანია გურუ გამოაცხადა, ვიზიტორები და გიდები ფასების მომატებასა და კორუფციულ გარიგებაზე ალაპარაკდნენ.
"ახალი კომპანია ყიდის ბილეთებს. როგორც კი გამოჩნდა, პირველი რაც გააკეთა, ფასები გაზარდა.
არც სერვისი, არც ხარისხი, პირდაპირ ფასები ანუ მოგება გაიზარდა", - ამბობს წყალტუბოელი კერძო გიდი, რომელიც წლებია უკვე თავს უცხოელი ვიზიტორების დახმარებით ირჩენს.
[I=4]2019 წლის მაისიდან, შპს გურუს დირექტორის გადაწყვეტილებით, ოკაცეს, მარტვილის კანიონის, სათაფლიის ნაკრძალის, კინჩხის ჩანჩქერის, პრომეთესა და ნავენახევის მღვიმის ბილეთები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოიმატა ნავით გასეირნების ფასმაც.
შპს გურუ (საიდენტიფიკაციო კოდი: 402051603). დირექტორი ირაკლი კიკორია. დამფუძნებლები: თეიმურაზ მაქაცარია (50%) და გიორგი ცომაია (50%) - რუსეთი.
ფასები:
მარტვილის კანიონი: უცხოელი - 17.25, საქართველოს მოქალაქე - 10.35 ლარი.
სათაფლია: უცხოელი 17.25, საქართველოს მოქალაქე - 8 ლარი.
ოკაცე: უცხოელი - 17.25, საქართველოს მოქალაქე - 9.20.
კინჩხას ჩანჩქერი: უცხოელი - 17.25, საქართველოს მოქალაქე - 10.35 ლარი.
პრომეთეს მღვიმე: უცხოელი - 23, საქართველოს მოქალაქე - 11.50.
"ჩინოვნიკი და კერძო ბიზნესი მოგებაზე ზრუნავს. ჩინოვნიკის მიზანია გაურიგდეს კერძო ბიზნესს და სარგებელი ნახოს.
ბიზნესმენის მიზანია თავიდან აიცილოს პრობლემები და ამის სანაცვლოდ ჩინოვნიკს გადაუხადოს.
ორივე კმაყოფილია. კორუფცია ყვავის, თუმცა, მოქალაქეები ზარალდებიან. მათი კორუფციული გარიგებებით სერვისი უარესდება და მასზე ხელმისაწვდომობა რთულდება უსახსრობის გამო", - გვიყვება მარტვილელი ახალგაზრდა, რომელიც წუხს რომ მუნიციპალიტეტში არსებული კლანები ტურიზმის განვითარებას აფერხებენ.
"ყველაფერი თავად უნდათ. ეპარქია, მერია და მაჟორიტარი ერთამენთში ვერ იყოფენ ულუფებს. ხალხი კი თავს მიტოვებულად გრძნობს. გასაქანს არ გვაძლევენ".
დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტისათვის აუცილებელი ბილეთის ფასის ზრდას ადასტურებს დაცული ტერიტორიების სააგენტოც.
უწყებაში, ფასების ზრდას შპს გურუს მხრიდან გაღებული ხარჯით და სერვისების გაუმჯობესებით ამართლებენ. სერვისების დახვეწაზე საუბრობენ კომპანია გურუშიც.
[I=3]"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ 3 მაისიდან სატესტო რეჟიმში გაეშვება დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების რეალიზება ელექტრონული გზით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვიზიტორთა მომსახურების ხარისხს.
ბილეთების რეალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის, ფინანსური მონიტორინგისა და ვიზიტორთა შესვლის კონტროლის უზრუნველყოფას ახორციელებს კომპანია „გურუ.ჯი“.
კომპანიამ ვიზიტორთა ცენტრებში მოაწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დამონტაჟდა გამშვები ტურნიკეტები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, ბილეთის საბეჭდი აპარატები, ასევე სალაროსთან ლოდინის რეჟიმის განტვირთვის მიზნით, ბილეთის ყიდვის სწრაფი აპარატები.
ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვის გამო, გაიზარდა ბილეთის ღირებულება და დაემატა საკომისიო მომსახურების გადასახადი", - წერია სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თუმცა, სხვაგვარად ფიქრობენ პრომეთეს მღვიმისა და მარტვილის კანიონის თანამშრომლები. ისინი კორუფციულ გარიგეგებსა და ჩინოვნიკების კერძო ინტერესებზე მიუთითებენ - "ჩვენს ხარჯზე შოულობენ ძალიან დიდ ფულს - მილიონებზეა საუბარი".
სტატისტიკა
2018 წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვიზიტორთა 52% ქართველია, ხოლო 48% - უცხოელი.
საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, პოლონეთიდან, ემირატებიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან ესტუმრა.
2018 წლის ცხრა თვის მონაცემებით: ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია:
პრომეთეს მღვიმე;
მარტვილის კანიონი;
ყაზბეგის ეროვნული პარკი;
ოკაცეს კანიონი და თბილსის ეროვნული პარკი.
0