10:59:12     22-05-2019
თბილისში პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელსაც სახლში ჩაკეტილი ჰყავდა ცოლი და ორი შვილი და მათ მოკვლით ემუქრებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებზეც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
სამართალდამცველები შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადნენ ადგილზე. პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოქალაქე არ გამოდიოდა კავშირზე და კარს არ აღებდა. ადგილზე გამოიძახეს სამართალდამცველთა დამატებითი ჯგუფები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც საცხოვრებელ ბინაში სპეცტექნიკის გამოყენებით შეაღწიეს და ზ.ჯ. დააკავეს,"- წერია შსს-ს განცხადებაში.
დაკავებულის ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრება.
გამოძიება ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და11-პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.
0