18:28:13     21-05-2019
სენაკის საკრებულოში, ზაზა ნაჭყებია ოპოზიციონერ წევრს, ბორის სოსელიას ფიზიკურად გაუსწორდა

სენაკის საკრებულოში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლით დასრულდა.
„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ზაზა ნაჭყებია საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს ბორის სოსელიას ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
დაშავებული დეპუტატის მტკიცებით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ კოლეგებს უთხრა, რომ არჩევნები სამეგრელოში დემოკრატიულად ჩატარდა და არჩეული მერისთვის გამარჯვება უნდა მოელოცათ. ოპოზიციის წარმომადგენელმა კი შუალედურ არჩევნებს ძალადობრივი უწოდა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.
„მივულოცოთო გამარჯვებულებსო, დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნებიო. ამის შემდეგ მე ვთქვი, რომ არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარებულა, ამას არ ერქვა დემოკრატია და ეს იყო ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების მიტაცება მეთქი. ამას მოჰყვა შელაპარაკება, სიტყვიერი, ის იქვე ჩაცხრა, მაგრამ საკრებულოს სხდომის დამთავრებისთანავე მოულოდნელად მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა,“ - განაცხადა ბორის სოსელიამ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლით მიმდინარეობს.
0