12:47:58     08-07-2011
არტურ ლაისტის დაბადების დღე
1852 წლის 8 ივლისს ბრესლაუში დაიბადა ცნობილი გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი და მთარგმნელი არტურ ლაისტი (Arthur Leist).
დაამთავრა ბრესლაუს უნივერსიტეტი.
ძალიან იყო დაინტერესებული ქართველი ხალხის ისტორიითა და კულტურით. 1881 წელს იტალიში მოგზაურობის დროს გაიცნო გერმანელი მწერალი, მთარგმნელი, დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე, პედაგოგი, მოგზაური და ეთნოგრაფი ფრიდრიხ ბოდენშტედტი (1819-1892 წწ.). ბოდენშტედტი გატაცებული იყო აღმოსავლური და კავკასიური კულტურით. ის ერთ დროს ტფილისის გიმნაზიაში ასწავლიდა. მისი რჩევით არტურ ლაისტმა გადაწყვიტა შეესწავლა ქართული ენა.
არტურ ლაისტი დაუკავშირდა ნიკო ნიკოლაძეს, აკაკი წერეთელს, დავით ერისთავს, იონა მეუნარგიას და სხვებს. 1882 წელს პოლონურ პრესაში გამოქვეყნდა მისი წერილი: ”ქართველებისა და სომხების ლტოლვა განათლებისაკენ”, შემდეგ, 1883 წელს გერმანულ პრესაში გამოქვეყნდა მისი წერილი “მივიწყებული ლიტერატურა”.
არტურ ლაისტი საქართველოში პირველად ილია ჭავჭავაძის მოწვევით ჩამოვიდა. 1884 წლის 1 ივნისს ტფილისის რკინიგხის სადგურზე სტუმარს დახვდნენ გამოჩენილი ქართველები. თბილმა და ემოციურმა შეხვედრამ არტურ ლაისტს გული აუჩუყა და მან ქართულად წარმოსთქვა: "მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები."
ქართული პრესა და მთელი ქართული საზოგადოება დაინტერესებული იყო გერმანელი სტუმრის ჩამოსვლით.
დაახლოებით ერთი თვე იყო საქართველოში ლაისტი, დაათვალიერებინეს ჩვენი ღირსშესანიშნაობები და სამუშაოდ შეგროვებული მასალებით დატვირთული და აღელვებული გაემგზავრა ევროპაში. 1885 წელს ლაიფციგში გამოვიდა მისი წიგნი “საქართველო, ბუნება, ადათ-წესები და მოსახლეობა”.
თბილისში პირველი ჩამოსვლისას გაეცნო "ვეფხისტყაოსანს" და გადაწყვიტა მისი თარგმნა გერმანულად. ამ მიზნით 1885 წელს კვლავ ჩამოვიდა საქართველოში ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლის, აკაკი წერეთლისა და დავით ერისთავის დახმარებით თარგმნა "ვეფხისტყაოსანი" (გამოქვეყნდა დრეზდენსა და ლაიფციგში).
ეს იყო უკვდავი ქართული პოემის პირველი ევროპული თარგმანი. საოცარია, რომ ზოგიერთი დღევანდელი ქართველი ვერ წვდება "ვეფხისტყაოსნის" არსს, როცა ამას მშვენივრად ახერხებდა გერმანელი არტურ ლაისტი. თუმცა სად ლაისტის განათლება და პოეტური გრძნობები და სად იმ ზოგიერთების "მოდური ცოდნა" და "შემოქმედებითი ემოციები".
გარდა ამისა, არტურ ლაისტმა თარგმნა გერმანულ ენაზე და გამოსცა ქართული პოეზიის ანთოლოგია. საქართველოში ყოფნისას ხვდებოდა ქართულ საზოგადოებას, ესწრებოდა ქართულ წარმოდგენებს, თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიასთან". ოთხი წელი იყო საქართველოში და უზარმაზარი სამუშაო შეასრულა. 1889 წელს გაემგზავრა გერმანიაში.
1892 წელს იტალიაში, ავსტრიაში და თურქეთში მოგზაურობიდან დაბრუნდა თბილისში და სამუდამოდ საქართველოში დასახლდა. თბილისშივე იქორწინა აქაურ გერმანელ ქალზე მარია ბაიტლინგერზე. აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
1904 წელს დრეზდენში გამოიცა მისი წიგნი: “ქართველი ხალხი”, რომელიც მრავალ ევროპულ ენაზე ითარგმნა, ამას მოჰყვა წიგნები: “ქართველი პოეტები”, “საქართველო”.
არტურ ლაისტმა 1906 წელს თბილისში დაარსა გერმანული გაზეთი “კავკასიშე პოსტი” (Kaukasische Post). წერდა მოთხრობებს ("ქეთევანი", "ვარო", "ვარიპანიძიაანთ ნინო“), დაწერა ავტობიოგრაფიული ხასიათის თხზულებანი “რუდოლფ ბოლტის სამოგზაურო ცხოვრება” (1897), "მოგზაურის დღიურები" (1909).
1918 წელს არტურ ლაისტი მიიწვიეს ახლადდაარსებული თბილისის უნივერსიტეტში გერმანული ენის ლექტორად.
არტურ ლაისტი სისტემატურად იწვევდა ევროპიდან სპეციალისტებს, საზღვარგარეთ სასწავლებლად მიმავალ ქართველ ახალგაზრდობას კი სარეკომენდაციო წერილებს ატანდა.
1922 ქართულმა საზოგადოებამ მას საქართველოში მოღვაწეობის 40 წლის იუბილე გადაუხადა.
1923 და 1927 წლებში არტურ ლაისტმა ორ წიგნად გამოსცა თხზულებათა კრებული “საქართველოს გული”.
არტურ ლაისტი გარდაიცვალა 1927 წლის 22 მარტს, 75 წლის ასაკში, ფილტვების ანთებით.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
0