18:35:27     25-04-2019
ყვარლის მერი ირწმუნება რომ ნინი ქარსელაძის კონცერტის ჩატარება ადგილობრივებმა მოითხოვეს
ყვარლის მერი, როსტომ სესიაშვილი აცხადებს რომ ადგილობრივებმა ქართული ოცნების მხარდამჭერის, ნინი ქარსელაძის კონცერტის ორგანიზება თავად მოითხოვეს.
როსტომ სესიაშვილს ისე გამოჰყავს სიტუაცია რომ ის, უბრალოდ, იძულებული გახდა დაჰყოლოდა ადგილობრივების კატეგორიულ მოთხოვნას, ყვარელში მაინც და მაინც ნინი ქარსელაძე მიეწვია და მის კონცერტში ბიუჯეტიდან 6 ათას 249 ლარიც გამოეყო.
წარმოიდგინეთ, ყვარელმა, სადაც სიმღერის ფასი კარგად იციან, არა რომელიმე სხვა მომღერალი, არამედ, ქართული ოცნების მხარდამჭერი ნინი ქარსელაძე აირჩია, მერს რომ დავუჯეროთ - ერთგვარი კვლევის მიხედვით.
„მომღერლებს თავად ირჩევენ. კვლევას ატარებენ. მარტო ნინი ქარსელაძე კი არა, მასთან ერთად ქუჩის ბიჭებიც ჩამოდიან“, - ამბობს ყვარლის მერი სესიაშვილი.
ქარსელაძის კონცერტი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 30 აპრილს გაიმართება, რომელშიც ხალხი და არა მერი სესიაშვილი, 6 ათას 249 ლარს გადაიხდის.
0