17:50:37     23-04-2019
ასეულობით მილიონი, რომელსაც ივანიშვილების ოჯახი ოფშორის გამოყენებით გურიაში ფარულად შოულობს - თეთრი ოქროს ნაკადები ღარიბი რეგიონიდან, ღარიბი ხალხის ხარჯზე

ივანიშვილის ოჯახური კლანის კიდევ ერთი ფარული ბიზნესი. ოლიგარქის ოჯახი, გურიის ღარიბ რეგიონში ყველა სახელმწიფო რესურსის გამოყენებით ასეულობით მილიონს შოულობს.
ბენტონიტის ბიზნესი - ეს თეთრი ოქრო და უძვირესი პროდუქტია, რომელზეც მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნილება ყოველწლიურად იზრდება.
ბენტონიტი - ეს არის ნედლეული, რომელიც ღვინის, მანქანათმშენებლობის, დინამიტის, საპნის, საფეიქრო და ნავთობის წარმოებაში გამოიყენება.
ივანიშვილის ოჯახი, კონკრეტულად კი, ბიძინა და მისი ძმები, ადიკო და ალექსანდრე ივანიშვილები, ამ ბიზნესიდან ათობით მილიონს შოულობენ იქ, სადაც ხალხს ლუკმა-პური ენატრება. ერთერთ ყველაზე ღარიბ რეგიონში - გურიაში.
ფაქტობრივი გარემოებები
[I=2]60 მილიონი წლის წინ, წყალქვეშა ვულკანების ფერფლის ზღვის წყლის პირობებში დალექვის შედეგად წარმოიშვა თიხა, რომელიც გურიაში, მთისპირის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
საბადო ჰიდროთერმული წარმოშობისაა და ორი უბნისაგან შედგება - ციხისუბნის და ვანისქედის უბნები.
ციხისუბნის საბადო პირველად 1930 წელს შეისწავლეს. უფრო დეტალურად კი, 1947-48 წლებში გამოიკვლიეს. ხოლო დამატებითი კვლევა 1952 წელს ჩატარდა.
მონაცემების მიხედვით: საბადოს ზედა ნაწილში განლაგებულია თიხა სახელწოდებით „ასკანგლინი“, ქვედა ნაწილში კი „ასკანგელი“.
ასკნაგლინის მრეწველობაში გამოყენებისთვის საჭიროა მისი დამუშავება. დამუშავებულ ასკანგლინს „ასკანიტს“ უწოდებენ. ასკანიტი ნავთობის გადამუშავების ტექნლოგიურ პროცესშიც გამოიყენება.
„ასკანგელის“ თვისებაა დიდი რაოდენობით წყლის შეწოვა, ის ბუნებრივ კოლოიდს წარმოადგენს.
ასკანგელი ასევე გამოიყენება ნავთობის ჭაბურღილების ბურღვის სამუშაოთა დაჩქარებისა და გაიაფებისთვის.
ასკანგელი გამოიყენება მანქანათმშენებლობაშიც.
ასკანგელი გამოიყენება კერამიკულ წარმოებაში, საპნისა და საფეიქრო მრეწველობაში, ღვინისა და ძმრის საწმენდად, დინამიტის წარმოებაში.
კვლევების მიხედვით, გურიის რეგიონში ბენტონიტის 25 მილიონიანი ტონის მარაგებია. ერთი ტონა ნედლი ბენტონიტის ფასი კი - 80 დოლარზე მეტია, რაც იმას ნიშნავს რომ ივანიშვილების ოჯახი და მისი პარტნიორები, ღარიბი რეგიონიდან ჯამში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ნედლეულს მოიპოვებენ მაშინ, როდესაც ირგვლივ სიღარიბე მეფობს.
კომპანიები
გურიის რეგიონში ბენტონიტის მოპოვების ლიცენზიას ორი კომპანია ფლობს. ესენი არიან: მთისპირი 2010 და ასკანგელ ჯგუფი.
[I=3]საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანია მთისპირი 2010, თენგიზ შარაშიძეს (5 პროცენტი), დავით შარაშიძეს (60 პროცენტი) და ნინო ჩხეიძეს (35 პროცენტი) ეკუთვნით.
კომპანია ასკანგელ ჯგუფს კი: თენგიზ შარაშიძე (10 პროცენტი), ალექსანდრე ჩხეიძე (10 პროცენტი), ოფშორული SERTORA LIMITED (60 პროცენტი) და გოჩა ჩხაიძე (20 პროცენტი) ფლობენ.
აღსანიშნავია რომ: ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2016 წლის მაისში, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გაასხვისა სოფელ გაღმა დვაბზუში, ყოფილი მე-7 ავტოსაწარმოს (ე.წ. „ჭიხვარიების გარაჟის“) ტერიტორიაზე 30 ათას 294 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა.
საინტერესო დეტალი: „მთისპირ 2010“-ში წილებს ოფიციალურად ფლობდნენ ივანიშვილებთან დაახლოვებული ვეფხია ღლონტი და ოლიგარქის ნათესავი, ვინმე პეტრე ივანიშვილი (5-5 პროცენტი).
თუმცა, 2015 წელს, ღლონტმა და ნათესავმა პეტრემ, ძვირადღირებული წილები უფასოდ გაასხვისეს.
ივანიშვილები კი, ბენტონიტის ბიზნესს ოფშორიდან ანუ SERTORA LIMITED-ის მეშვეობით აკონტროლებენ. ეს კომპანია ხომ ასკანგელ ჯგუფის 60 პროცენტის მფლობელია.
ივანიშვილები ასევე აკონტროლებენ სპირტის ფალსიფიცირებულ ბიზნესსაც, სადაც მათი პარტნიორი ასკანგელ ჯგუფის მეწილე, გოჩა ჩხაიძეა, რომელიც ღვინოს კოპანია ასკანელი ძმების ერთერთი დამფუძნებელიცაა.
პრესა.ჯი თეთრი ოქროს დიდი და გაუმჭვირვალე ბიზნესის დეტალების გასარკვევად, ოლიგარქის ერთერთ ძმას, ადიკო ივანიშვილს დაუკავშირდა.
ადიკო ივანიშვილმა ცხადია ყველაფერი უარყო და დაიჩივლა რომ მას ჟურნალისტები ტვინს ურევენ.
პრესა.ჯი: ბენტონიტის ბიზნესიდან გახვედით თუ ისევ ფლობთ წილს? ამბობენ რომ ღიად აღარ ერევით...
- არ მაქვს არანაირი წილი არსად.
- არ მონაწილეობთ ამ ბიზნესში?
- არა, არა.
- თქვენი მძღოლი და ნათესავი ხომ ფლობდნენ მთისპირი 2010-ში წილებს?
- არ მყოლია მძღოლი და ნათესავი, რას ამბობთ კაცო.
- არასოდეს გქონიათ ბენტონიტის ბიზნესთან შეხება?
- არ მქონია არაფერი შეხება მაგათთან მე, არ ვიცნობ მანდ არავის, ვინ ხართ თქვენ... თუ ძმა ხარ დამანებეთ ამ ჟურნალისტებმა თავი რა. ტვინს ნუ მირევთ“.
[I=4]ჩვენ ბენტონიტის ბიზნესის ერთერთ მეწილესთან, თენგიზ შარაშიძესთანაც ვცადეთ დაკავშირება.
ის ჯერ ზარებს არ პასუხობდა, შემდეგ მოგვწერა რომ შეხვედრაზეა, ხოლო როცა კითხვები გავუგზავნეთ, „გავიდა მომსახურების ზონიდან“.
სამაგიეროდ, მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გვიყვებიან რომ ბიზნესი, რომელიც გურიაში ყველაზე მომგებიანია, ივანიშვილებს ეკუთვნით, თუმცა, მას სხვადასხვა გზების საშუალებით და ფარულად აკონტროლებენ.
ბენტონიტის ბიზნესზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, დავით მჟავანაძეც.
დავით მჟავანაძე ამბობს რომ ამ მომენტისათვის, კონკრეტულად, ადიკო ივანიშვილი ბენტონიტის ბიზნესში ღიად აღარ ერევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ივანიშვილებს ამ ბიზნესში ინტერესები არ აქვთ.
პრესა.ჯი: ივანიშვილების ინტერესების შესახებ თუ გსმენიათ ბენტონიტის საბადოებში?
დავით მჟავანაძე: კი, თუმცა, ადიკო ივანიშვილი ახლა მაგ საქმეს ჩამოაშორეს. ის საქმეში ძალიან უხეშად ერეოდა.
დღეს, ადიკო ივანიშვილს არავინ არაფერს აღარ ეკითხება, მას ბიძინა ივანიშვილმა ხელფასის სახით დღეში 1000 ლარი დაუნიშნა.
ამჯერად, ბიძინა ივანიშვილის ეზოში რა სამუშაობიც ხორციელდება, ეზოსთან დგას ადიკო ივანიშვილი და თითო მანქანას ხუთ ლარს ართმევს.
[I=5]ამ დონზე დაეცა ბატონი ადიკო, თუმცა, იყო დრო, როდესაც ის უხეშად ერეოდა ყველა საქმეში.
მაგალითად, სამმართველოს თანამშრომლების დანიშვნიდან დაწყებული, სხვებით დამთავრებული.
მას ბიძინამ ყველაფერში მონაწილეობა აუკრძალა, რადგან ბევრჯერ გაუფუჭა საქმე. მაგალითად, როდესაც ბიძინამ სპილენძის კაბელები ჩამოიტანა, ადიკომ გამოწვა და ჯართში ჩააბარა ისინი.
ერთადერთი გავლენა, რაც დღეს მას აქვს, ბიძინას დენდრო-პარკში რომ ხეები შედის, თითო მანქანიდან ხუთ ლარს იღებს.
ეს იმ 1000 ლარის გარდა ხდება, რასაც ყოვედღიურად უხდის ბიძინა მას, ურეკში მდებარე „ციცინათელას“ გამწვანებისათვის.
- სანამ იყო ამ ბიზნესში ადიკო ივანიშვილი, რა კავშირები ჰქონდა მას?
- ადიკო ივანიშვილი ძალიან უხეშად ერეოდა ამ და სხვა ბიზნესებში.
- რა კორუფციული სქემებია ამ ბიზნესში, გაქვთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია?
- სავარაუდოდ, აქ ის კომპანიაა, რომელსაც უხარისხო სამშენებლო მასალები შემოჰქონდა...
რაც შეეხება დანარჩენ ბიზნესებს, ოზურგეთში ძირითადად ილა კეჭაყმაძისა და სამმართველოს უფროსის, კახა მურადაშვილის ინტერესები იკვეთება, რომელთაც ადგილობრივ კრიმინალებთან ერთად გადანაწილებული აქვთ სფეროები.
ამ კრიმინალებს კი, ხელისუფლება არჩევნების დროს იყენებს“.
ბენტონიტის საბადოებსა და მოგებას ახლა ბიძინა ივანიშვილის მეორე ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი ოფშორის გავლით მეთვალყურეობს, რომელიც ღვინისა და ფალსიფიცირებული სპირტის ბიზნესსაც განაგებს კომპნია ბოლეროსთან და ასკანელ ძმებთან ერთად.
ხოლო 2012 წლიდან დღემდე, ოლიგარქმა ივანიშვილმა, იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვები სიღარიბისგან გამოწვეული დეპრესიით თვითმკვლელობას მიმართავენ და ჯართის შეგროვებისას იღუპებიან, სხვადასხვა მაქინაციებით 20 მილიარდ ლარამდე გამოიმუშავა - ხალხის ხარჯზე.
P.S: ბენტონიტის ბიზნესზე, საინტერესო მასალა აქვს მომზადებული აიფაქტს. იხილეთ სტატია.
0