პაოლო იაშვილის რამდენიმე სონეტი პაოლო იაშვილის რამდენიმე სონეტი />


  12:03:22     06-07-2011

პაოლო იაშვილის რამდენიმე სონეტი

a7776.jpg

სონეტის პრობლემას მოვუძღვენით პუბლიკაცია ამა წლის 15 ივნისს ("სონეტი და ვალერიან გაფრინდაშვილის "სონეტის პრობლემა"). სადაც მოყვანილი იყო სონეტის განმარტება, შემდეგ მკითხველს შევახსენეთ, რომ სონეტის შესახებ ბოლო ხანს თამარ ბარბაქაძემ გამოსცა წიგნი "სონეტი საქართველოში". ვთქვით, რომ სონეტის თაობაზე კვლევა პერიოდულად მიმდინარეობდა საქართველოში XX საუკუნის დამდეგიდან. ბოლოს გამოვაქვეყნეთ-გავიხსენეთ ვალერიან გაფრინდაშვილის ესე "სონეტის პრობლემა" (იხ. აღნიშნული პუბლიკაცია).

მეორე დღესვე, 16 ივნისს, პრესა.გე-ს მკითხველებისთვის გავიხსენეთ-გამოვაქვეყნეთ ვალერიან გაფრინდაშვილის რამდენიმე სონეტი.

პაოლო იაშვილიც შესანიშნავ სონეტებს ქმნიდა. დღეს გვინდა ჩვენს მკითხველს შევახსენოთ პაოლოს რამდენიმე სონეტი. უნდა ითქვას, რომ სონეტი ჩვენმა პოეტებმა მაღალ ხარისხში აიყვანეს, შეიძლება ითქვას - გააქართულეს.

დღეს ვაქვეყნებთ იმ სონეტებს, რომელთაც სათაურად სონეტი აქვთ: "სონეტი ელის", "ფერადი სონეტი" ("დარიანული ციკლიდან") და "სონეტი". პაოლო იაშვილის სხვა სონეტებს ("ვალერიან გაფრინდაშვილისადმი", "ავტოპორტრეტი" და სხვა) შემდეგში გავიხსენებთ.

სონეტი ელლის              

სონეტით მინდა ჩემი გრძნობა შენდამი, ელლი
შენს სულს გადავცე... მაგონდება სოფელი შორი;
ერთმანეთს შევხვდით; ყვავილებით ხარობდა ველი.
იყავი ნაზი, ისე როგორც ტყის ნიამორი.

მე შემიყვარდი...…და მიყვარხარ... და მარად გელი.
მე მინდა შენი სიახლოვე, შენი ამბორი,
შენთვის ვოცნებობ მე სონეტით მადიდებელი,
და შენით, ელლი, ანთებული მზის თანასწორი.

ყვავილებია ჩემს გარშემო!.. მაისი მინდა...…
ჩემო ბაღებო, აყვავილდით, იმხიარულეთ!
გაზაფხულის დღე, შემხვედრის დღე ხომ დაგვიბრუნდა?..

იცხოვრეთ ყველამ სიხალისით და სიყვარულით,
და ამ ბუნების მე მანამდე ვარ გადამკიდე,
სანამ იმედი დამპიდრება, რომ გნახავ კიდევ!
(1915)

ფერადი სონეტი              

მომდურავ თავადს მე ვიგონებ ნაზი ზმანებით,
წაიღო კოცნა და ნაწილი ჩემი პერანგის;
ყველას გიყვარდათ, - სიყვარული მეც დამანებეთ -
მე მოვიტანე ელვარება ფერადი ჰანგის.

და ჩემ ცელქ ფეხებს ენატრება რკალი უზანგის,
არავის კოცნას არ ვიგონებ მე დანანებით;
მე გამეხარდა გაღიმება ბავშვური ზანგის,
ყვითელ ქაირში რომ ვაჭრობდა მკრთალ ბანანებით.

ერთხელ ვიხილე და ვეღარ ვთქვი თამამი ,,არა”.
და მომეწონა რომ მფარავდა მე ოქროს ბადე...
და მიხარია ბნელ თვალებით რომ დავიბადე,

რომ ბედში ვცხოვრობ და ტრფობისთვის მაინც არ კმარა...
თეთრი თავადის დაბრუნება მე თრთოლვით ვცადე,
ავტირდი ჩუმად, როცა რაში ტყეს მოეფარა.
(1916)

სონეტი

მე ვკითხავ ვინმეს: ჩემს სონეტებს რად არ აფასებ?"
მერმე უეცრად თამარ მეფე - ჩემი დობილი,
ვთხოვ მოკრძალებით - შესვას ჩემი შესანდობელი
და თავს დავიხრჩობ ბნელი ღამით ძველ დარაბაზე.

თუ იმ დღეებში ლხინს გამართავს სადმე დარბაზი,
ჩემზე საუბარს გზა ექნება იქ დათმობილი,
ვახშამი, ყავა, მადლობა და ავტომობილი,
მშიერი ფიქრი სახვალიო დროს ტარებაზე.

მაგრამ მე დავწვავ სურნელოვან ლექსთა თაბახებს,
რომ არ დაარსდეს გაზეთებში ძეგლისთვის ფონდი.
და მთქნარების დროს ნუღარავინ დაიტრაბახებს,

რომ მე ვუყვარდი და შემთხვევით კვლავ მოვაგონდი.
მე მაგინებდნენ, მაგრამ ვიცი ქებაც ბევრს სურდა
და უკაცრავად, თან წამომყვა იმათი ხურდა.
(1918)

0

ავტორი: