12:01:12     06-07-2011
აბულყასემ ჰალათის "სიყვარული სახურავზე"
გიორგი მახობეშვილი
ბოლო ხანს ორი პუბლიკაცია მივუძღვენით სპარსულ პოეზიას. უფრო სწორად ჯერ მკითხველს ვაცნობეთ დიდი ფირდოუსის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს შესახებ, მერე კი ბელა შალვაშვილის მიერ ნათარგმნი ფირდოუსის "მეფე ხოსრევ ფარვიზიდან" ნაწყვეტები გამოვაქვეყნეთ და აღვნიშნეთ მთარგმნელის ნიჭიერება და დამსახურება.
კარგი იქნება, უფრო კარგად გავეცნოთ ირანელი კალმის ოსტატების შემოქმედებას. ჩვენ ხელახლა გვიწევს მეზობლების გაცნობა. ამ მიმართულებით დაგეგმილი მაქვს მეზობელი ხალხების ლიტერატურული ნაწარმოებების შემოთავაზება.
დაახლოებით 19 წლის წინ გარდაიცვალა ცნობილი ირანელი პოეტი, მთარგმნელი და იუმორისტი აბულყასემ ჰალათი. ჰალათი 16 წლის ასაკიდან წერდა ლექსებს. ის ფლობდა ოთხ ენას: სპარსულს, ინგლისურს, ფრანგულს და არაბულს. თარგმნილი აქვს რელიგიური ხასიათის ლიტერატურა. მისთვის დამახასიათებელი მისტიკური და მორალური ხასიათის ნაწარმოებები.
1989 წელს გამომცემლობა "მერანმა" გამოსცა თანამედროვე ირანელი მწერლების იუმორისტული და სატირული მოთხრობების კრებული, რომელიც თარგმნილია სპარსულიდან მზია ივანიშვილის მიერ. წიგნში შვიდი ავტორის ნაწარმოებებია. "მოთხრობებში გაშუქებულია შაჰის დროინდელი ირანის სოციალურ-პოლიტიკური, მორალური და კულტურული პრობლემები"... "ავტორებს ახასიათებთ ცხოველი ინტერესი "პატარა ადამიანის" ბედისადმი, რომელთა ქომაგად და დამცველად გვევლინებიან" - წერია წინასიტყვაობაში.
დღეს ჩვენ მკითხველს ვთავაზობ აბულყასემ ჰალათის მოთხრობას "სიყვარული სახურავზე". თანამედროვე ირანელი მწერლების ნაწარმოებთა გამოქვეყნებას კვლავ განვაგრძობთ.
სიყვარული სახურავზე
"შენ სახურავზე ამოხვედი,
ღიმილი მტყორცნე...
ნაზმა ზილფებმა შემბოჭა და
მომტაცა გული".
ჯავადს მობეზრდა სხვის კარზე ხეტიალი, ბანკში ოცი ათასი თუმანი დააგროვა და გადაწყვიტა სახლი ეყიდა. ამ მიზნით, მაკლერთა საზოგადოებას მიმართა.
ერთი მაკლერთაგანი შეჰპირდა, ორშაბათს, დილის ათ საათზე შემხვდი - ახლად აშენებულ, ხუთოთახიან ბინას გიჩვენებო. დათქმულ დროზე ჯავადი შეამავალთან გამოცხადდა და სახლის სანახავად წავიდნენ.
მალე ჭაბუკი დარწმუნდა, რომ სახლს ახლად აშენებულისა არაფერი ეცხო. მშენებელს საძირკველი ირიბად ამოეყვანა, შენობა უსწორმასწოროდ იდგა; ნაკლის დასაფარავად კედლები შეელესათ და კარი ხელახლა შეეღებათ.
ჯავადმა სახლი ნახვისთანავე დაიწუნა, მაგრამ მაკლერს ხათრი ვეღარ გაუტეხა, უსულგულოდ დაჰყვებოდა ოთახიდან ოთახში და ყველაფერზე თავს უქნევდა.
უცებ მაღლიდან ეზოში ღორღი ჩამოცვივდა.
ჯავადმა თავი ასწია და სახურავზე ლამაზი ქალიშვილი შენიშნა. გოგონას ვაჟის დანახვაზე ნაცვლად იმისა, რომ დაერცხვინა, არც აცივა, არც აცხელა, ხელები ბალღივით გულზე დაიკრიფა და კისკისი ატეხა.
საცოლოდ გამზადებულ ყმაწვილს გოგონას დანახვაზე გული აუჩქროლდა. ამასობაში მაკლერმა ჯავადს სახლის ყველა კუთხე-კუნჭული აჩვენა და ბოლოს ჰკითხა: - ხომ არ ისურვებდით სახურავის ნახვასო.
- ცხადია, ვნახავ, - უპასუხა ქალწულის სილამაზით მოხიბლულმა ჯავადმა. ორივენი სახურავზე ავიდნენ. გოგონა იქვე იდგა და კეკლუცობდა. მაკლერმა თვალის შეასწრო თუ არა, აბუზღუნდა:
- ქალიშვილო, სახურავზე იმიტომ ამოდიხართ, რომ ხალხს შუშები ჩაულეწოთ? ბავშვი ხომ აღარა ხართ, არ გეკადრებათ, შინ ვერ წახვალთ?!
გოგონამ უცოდველი ადამიანის სახე მიიღო და ნაზი ხმით უთხრა:
- რასა ბრძანებთ, ბატონო, შუშა როდის გავტეხე? რა ჩავიდინე ასეთი? ეს ჩემი სახლია, განა ნება არა მაქვს სახურავზე ავიდე?
მერე კეკლუცად პირი ჯავადისაკენ იბრუნა და უთხრა:
- თქვენ თვითონ განსაჯეთ, ქმერი მე არ მაწუხებს და შვილი, ოჯახურმა საქმეებმა რომ წელში გამწყვიტოს. დედა ამ ერთი თვის წინ გარდამეცვალა; მამა ყოველდღე სამუშაოდ დადის; სახლში მარტოდმარტო მტოვებს. მარტოობაში დედაზე ფიქრი არ მოსვენებას არ მაძლევს; გული მელევა. სხვა გზა არა მაქვს, გულის გადასაყოლებლად, ზოგჯერ ბანზე ამოვდივარ ხოლმე. ამით რას ვაშავებ?!
აბა, სილამაზეს წინ რა დაუდგება! ლამაზ ქალს კი დარდი უფრო აკეკლუცებს ხოლმე.
ჯავადს გულზე მოხვდა გოგონას სიტყვები; ცოდო არაა, ეს მშვენიერი არსება, მარტოდმარტო იყოს? განა ჯავადი მეგობრობას ვერ გაუწევს? რაც უფრო დიდხანს შესცქეროდა ქალიშვილს, მით უფრო მეტად იხიბლებოდა. გოგონას ის ადარებდა მწიფე ნაყოფს, რომელსაც მოწყვეტის მეტი არაფერი უნდოდა; თითქოს ხელში უვარდებოდა და სთხოვდა: მოდი მომწყვიტე და პირი ჩაიგემრიელეო.
- წავიდეთ, რაღას ვუცდით! - გამოაფხიზლა მაკლერის ხმამ; ჯავადი გოგონას მიუბრუნდა:
- გვაპატიეთ, ქალიშვილო, კადნიერება. მჯერა, რომ ამ ბატონს თქვენი შეურაცხყოფა აზრადაც არ მოსვლია. მეტად შეწუხებული ვარ დედათქვენის დაკარგვით, გულწრფელად თანაგიგრძნობთ. იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩინებულ მეზობლობას გაგიწევთ.
გოგონას სახე ვარდისფრად აელანძა და ღიმილით ჰკითხა:
- ამ სახლის ყიდვას აპირებთ, არა? სასიამოვნოა. მჯერა, თქვენს მეუღლეს ცუდ მოგობრობას არც მე გავუწევს.
- სამწუხაროდ, ცოლი ჯერ არ შემირთავს.
- საოცარია!.. მაშ იმედი უნდა ვიქონიო, ამ სახლის ჭერქვეშ რომ ქორწილს გადაიხდით, უფლავოდ არ დამტოვებთ!
- ღმერთმა ინებოს! - დაეთანხმა ჯავადი, გოგონას გამოეთხოვა და მაკლერთან ერთად ძირს ჩავიდა.
სახლიდან რომ გავიდნენ, მაკლერს სთხოვა ხვალამდე მაცალე, ხვალ გაცნობებ ნამდვილად ვაპირებ თუ არა სახლის ყიდვასო.
ჯავადი დასცილდა მაკლერს და კვლავ გოგონაზე ფიქრმა გაიტაცა. ფიქრებში წასულმა თავის მის მეზობლად წარმოიდგინა და სახლის ყველა ნაკლი ერთბაშად დაივიწყა.
მეორე დილით იმ გადაწყვეტილებით გავიდა გარეთ, რომ სახლს ხელიდან არ გაუშვებდა. ჯავადმა ფეხს აუჩქარა და საშუამავლო კანტორისაკენ წავიდა. მაკლერთან საათნახევრიანი ვაჭრობის შემდეგ თვრამეტი ათასი თუმანი გადაიხადა. იმავე დღეს გამოიტანა ბანკიდან ფული, სახლის მფლობელთან ერთად ნოტარიუსში წავიდა და ხელშეკრულება გააფორმა.
ორი დღის შემდეგ, ესე იგი პარასკევს, გახარებულმა ჯავადმა შეკრიბა თავისი ავლადიდება და ახალ ბინას მიადგა.
შაბათ დილით, ვიდრე სამუშაოზე წავიდოდა, მოახლეს დაავალა გაეგო ვის ეკუთვნოდა მეზობელი სახლი (ის, რომელშიც გოგონა ცხოვრობდა) და გამოეკითხა მისი პატრონის სახელი. შუადღისას, სამუშაოდან დაბრუნებულს, მოახლემ მოახსენა: - მივიკითხ-მოვიკითხე; იმ სახლის პატრონს იბრაჰიმხანი ჰქვიაო.
ზემოხსენებულმა იბრაჰიმმაც იმავე დილით მსახურს უხმო და სთხოვა, გამოერკვია, რა კაცი იყო მათი ახალი მეზობელი და სახელად რას ეძახდნენ.
შუადღისას შინ რომ დაბრუნდა, მსახურმა მოახსენა:
- ჩვენს ახალ მეზობელს ჯავად-აღას ეძახიანო.
მეორე დღეს ჯავადმა მოახლეს უთხრა:
- დღეს ფლავი მოხარშე ბატკნის ხორცით, ისეთი, როგორსაც ჩემი სტუმრებისათვის ხარშავ ხოლმე. შუადღისას ერთი ხონჩა იბრაჰიმ-ხანს მიართვი და უთხარი: ეს ახალმა მეზობელმა გამოგიგზავნა, ჩემს ბატონს წესად აქვს, ბინას რომ გამოიცვლის - ახლო მეზობლებს პირვალსავე დღეს ფლავი მიართვას-თქო.
თავის მხრივ იბრაჰიმმაც დაავალა მსახურს:
- ბაღში ვარდები დაკრიფე, თაიგული შეკარი და ახალ მეზობელს მიართვი: ჩემი ბატონი ახალ ბინას გილოცავს-თქო.
იმდღიდან დაწყებული ორი კვირის განმავლობაში მეზობლები მოსაკითხს უგზავნიდნენ ერთმანეთს: ყოველი სამი-ოთხი დღის შემდეგ ერთი სახლიდან თაიგული გაჰქონდათ, მეორიდან - ფლავი.
იბრაჰიმ-ხანს გულით ეწადა ჯავადის გაცნობა. თან ფიქრობდა, ახალი გადმოსულია, სანამ არ დალაგდება, ალბათ, არ ექნება სტუმრის მიღების თავიო.
მართლაც ასე იყო. ჯავადსაც სურდა იბრაჰიმის ოჯახთან დაახლოება, მაგრამ რაკი სასტუმრო ოთახი ჯერ არ ჰქონდა მოწყობილი, თავს იკავებდა. თანდათან ავეჯი შეიძინა, ბინა სურვილისამებრ მორთო და ერთ მშვენიერ დღეს იბრაჰიმი თავის ქალიშვილთან ერთად ჩაიზე მიიწვია.
საღამოთი იბრაჰიმი მოვიდა, ოღონდ გოგონა არ მოჰყოლია თან.
ერთმანეთი რომ მოიკითხეს და ცოტა წაისაუბრეს, ჯავადმა სტუმარს ჰკითხა: - თქვენი ასული რატომ არ მობრძანდაო. იბრაჰიმმა გაკვირვებით მიუგო: - მართალი გითხრათ, თქვენმა მოწვევის ბარათმა უზომოდ გამაოცა. ცოლი არა მყავს და ქალიშვილი საიდან მეყოლებაო.
ჯავადი განცვიფრდა. მაგრამ არ შეიმჩნია; რამდენიმე წუთის შემდეგ იბრაჰიმმა ჰკითხა:
- თქვენი და როგორა ბრძანდება?
ჯავადს გაეცინა:
- გაოცებული ვარ, ვისზე მეკითხებით, მე და არა მყავს.
- მაშ ვინ იყო ის ქალი, თავი თქვენს დად რომ გამაცნო?
- რომელი ქალი?
- ორი-სამი დღის წინ, ვიდრე გადმოხვიდოდით, ერთი ქალი გვეწვია: თავი თქვენს დად გაგვაცნო და გვითხრა: - ეს სახლი ჩემმა ძმამ ახლახანს შეიძინა. უეცრად კარი ჩამეკეტა. გასაღები კი შინ დამრჩაო. გვთხოვა, თქვენი სახურავიდან ჩემს სახლში გადავალ და კარს გავაღებო.
- საოცარია! - წამოიძახა ჯავადმა. - სწორედ იმ დღეს, სახლის სანახავად რომ მოვედი, ის ქალიშვილი სახურავზე იდგა და თავი თქვენს ქალიშვილად გამაცნო.
ერთხანს მეზობლები დუმდნენ და გაოცებული უცქერდნენ ერთმანეთს.
ჯავადმა სევდიანად ჩაიღიმა და ამოიოხრა. დაღონებული იბრაჰიმი წამოდგა, მასპინძელს დაემშვიდობა და გარეთ გავიდა.
იმ დღის შემდეგ მეზობლები ერთმანეთს მოსაკითხად არც თაიგულს უგზავნიდნენ და არც ფლავს.
0