“გენერალური” დემარში ანუ „ნეტავ სად მიდიან რუსი გენერლები?..“ “გენერალური” დემარში ანუ „ნეტავ სად მიდიან რუსი გენერლები?..“ />


  10:32:33     06-07-2011

“გენერალური” დემარში ანუ „ნეტავ სად მიდიან რუსი გენერლები?..“

a7759.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სკანდალი მწიფდება. პოლიტიკა, რომელსაც გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა ატარებს, ახალგაზრდა პერსპექტიული გენერლებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. პრობლემის დეტალები არ კონკრეტდება. სამხედროები ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის სამუშაო მაგიდაზე ერთდროულად რამდენიმე გავლენიანი სამხედრო პირის განცხადება უკვე დაიდო. მათ თანამდებობების დატოვება სურთ.

როგორც “ნეზავისიმაია გაზეტა” სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით იუწყება, დაკავებული თანამდებობებიდან წასვლა ითხოვენ: მთავარი ოპერატიული სამსახურის ხელმძღვანელი, გენშტაბის უფროსის მოადგილე გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი ტრეტიაკი, სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელის პირველი  მოადგილე გენერალ-ლეიტენანტი სერგეი სკოკოვი, გენშტაბის რადიოელექტრონული ბრძოლის სამსახურის უფროსი გენერალ-მაიორი ოლეგ ივანოვი და კიდევ სხვები.

ეს ის პირები არიან, რომლებიც რუსეთში ახალგაზრდა, პერსპექტიულ კადრებად მოიაზრებიან. მათი ასაკი 50-ს არ აღემატება. გავლილი აქვთ კარგი სამხედრო სკოლა ქვედა საფეხურიდან დაწყებული, გაერთიანებული ჯარების ხელმძღვანელობის ჩათვლით. გენერლებს აქვთ საბრძოლო და საშტაბო გამოცდილება და მათზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. სხვათა შორის, როგორც გამოცემა იუწყება, ეს ადამიანები პრეზიდენტ მედვედევის საკადრო-სარეზერვო სიაში უმაღლესი თანამდებობებისათვის მოიაზრებოდნენ.

როგორც აღვნიშნეთ, თავად სამხედროები წასვლის მიზეზებზე არ საუბრობენ, თუმცა ფაქტი, რომ ისინი არმიისათვის საკვანძო პოსტებს ტოვებენ, დასაფიქრებელია. მაგალითად, მთავარი ოპერატიული სამსახური, რომელიც  რუსეთის არმიის ტვინად აღიქმება. ამბობენ, რომ გენშტაბი სწორედ ამ სამსახურით მართავს მთელს შეიარაღებულ ძალებს.

რა თქმა უნდა, საკვანძო პოსტია სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის ხელმძღვანელობა. სწორედ ეს სამსახურია მთავარი საბრძოლო მომზადებისათვის. სხვათა შორის, შტაბის ხელმძღვანელს სულ ცოტა ხის წინ დაავალეს, არმიაში, საბრძოლო მოქმედებებისას სეტეცენტრიული მეთოდის გამოყენება დანერგოს. ასეთი სისტემების შემუშავება პრეზიდენტის დონეზე ხდება და მას ადმინისტაცია აკონტროლებს. ანუ სკოკოვი, რომელიც ახლა პოსტს ტოვებს, პრეზიდენტის დონეზე ასული და მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო და მაშ, რა მოხდა ასე უცებ?

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანონიმი ოფიცერი ყვება, არმიაში მიაჩნიათ, რომ ისინი, ვინც გადადგომის შესახებ დაწერეს განცხადებები, არ ეთანხმებიან გენშტაბის ხელმძღვანელის, არმიის გენერლის ნიკოლაი მაკაროვის ნაბიჯებს რეფორმირების კუთხით. წყარო უარყოფს მედიაში გავრცელებულ აზრს, რომ არმიაში არსებულ ყველა ნაკლოვანებაში დამნაშავე მინისტრი ანატოლი სერდიუკოვია. პირიქით, მისი თქმით, „ის კარგი მენეჯერი აღმოჩნდა. მაკაროვის ხელმძღვანელობით კი არმია რაღაც დაუსრულებელი ექსპერიმენტების ხანაშია, რაღაც პროექტებით ცხოვრობენ, უდოკუმენტოდ და უწესდებოდ, რაც სამხედროების მოქმედების რეგლამენტირებისათვის აუცილებელია.“

და რაც მთავარია, ოფიცერი ამბობს, რომ ”ჩვენი ჯარების “ფანტასტიკური” საბრძოლო მზადყოფნა, როგორც გენშტბის უფროსი ამბობს ხოლმე, ფიქციაა.”

წყარო დარწმუნებულია, რომ გენერლების სკანდალს აუცილებლად მოჰყვება პოლიტიკური გაგრძელება. რადგან საქმე იმ პოსტებს ეხება, რომელზეც დანიშვნა-გაშვებას პრეზიდენტი წყვეტს. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამინისტროს წარმომადგენელს ნიკოლაი  პანკოვს “გაბრაზებულ” გენერლებთან შეხვედრა და საკითხის განხილვა არა „მაკაროვის პოზიციებიდან, არამედ სახელმწიფო ინტერსებიდან გამომდინარე“ დაევალა.

0

ავტორი: