16:47:24     25-03-2019
დაიწყებს თუ არა, პროკურატურა გამოძიებას ღარიბაშვილის, ჭიკაიძისა და მღებრიშვილის წინააღმდეგ?

პრემიერმა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დანაშაულის სტატისტიკას აყალბებდა.
მამუკა ბახტაძემ ფაქტობრივად, პირდაპირ მძიმე დანაშაულში ამხილა „ქართული ოცნების“ შს მინისტრები, როდესაც განაცხადა, რომ დანაშაულის 54 პროცენტიანი ზრდა არა კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებით, არამედ, დანაშაულის სტატისტიკის ზუსტი აღრიცხვით იყო გამოწვეული.
თუ მამუკა ბახტაძეს დავუჯერებთ, გამოდის, რომ პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება შს ყველა იმ მინისტრის წინააღმდეგ, რომელიც 2012 წლიდან დღემდე, დანაშაულს, სტატისტიკის გაკეთილშობილების მიზნით არ არეგისტრირებდა. ხოლო მისი გახსნის მაჩვენებელს ხელოვნურად ბერავდა.
ზოგადად, დანაშაულმა ზრდა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ე.წ. საყოველთაო ამნისტიის შემდეგ დაიწყო, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ციხიდან გამოუშვა ტერორისტები, მოძალადეები, მკვლელები, ყაჩაღები და სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები. მათ ნაწილს კი, პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიაკერა.
მაშინ, იმ დროინდელმა შს მინისტრმა ღარიბაშვილმა, სტატისტიკის გაყალბებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 60 პროცენტამდე აიყვანა. როგორც ჩანს, შევარდნაძის დროინდელი სიმამრის რეკომენდაციით, რომელსაც მსგავსი გამოცდილება კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსად მუშაობისას დაუგროვდა.
ღარიბაშვილის მიერ დანერგილი მანკიერი ტრადიციის მიხედვით, დანაშაულის სტატისტიკის გაყალბება წარმატებით განაგრძეს ჭიკაიძემ და მღებრიშვილმაც.
ისინი, წლიურად, ყველაზე ცოტა 15 ათას დანაშაულს არ არეგისტრირებდნენ, რაც იმას ნიშნავს რომ სისხლის სამართლის დანაშაული საშუალოდ 15 ათასჯერ ჩაიდინა მან, ვინც დანაშაულის სტატისტიკა გააყალბა.
2017 წლის შემდეგ, დანაშაულის გაყალბების ტრადიცია ოდნავ შეიცვალა, თუმცა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის თქმით, დანაშაულის სტატისტიკა დღესაც წარმატებით ყალბდება.
მეტიც: „პრესა.ჯიმ“ მოიპოვა 2019 წლის იანვარში რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკა.
ვინაიდან თავად პრემიერი ბახტაძე აღიარებს, რომ 2012 წლიდან 2017 წლამდე დანაშაულის აღრიცხვიანობა ყალბი იყო და არსებულ რეალობას არ ასახავდა, 2019 წლის იანვარში რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკა 2012 წლის იგივე პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობას შევადარეთ.
აღმოჩნდა, რომ რომ დანაშაული, რუსეთის მოქალაქე გახარიას „ზუსტი აღრიცხვიანობის“ დროსაც კი, მკვეთრად გაზრდილია.
მაგალითად: 2012 წლის იანვარში რეგისტრირებული იყო 3601 დანაშაული.
2019 წლის იანვარში კი, რეგისტრირებულია 5774 დანაშაული.
გამოდის, რომ დანაშაულის რაოდენობა 60 პროცენტით არის გაზრდილი.
მეტიც: 2012 წლის იანვარში 1081 ქურდობა დარეგისტრირდა.
2019 წლის იგივე პერიოდში კი, 1974, ანუ ქურდობა თითქმის გაორმაგდა.
კიდევ უფრო მეტი: 2012 წელს რეგისტრირებულია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული 252 შემთხვევა.
2019 წლის იანვარში კი - 275.
2012 წლის იანვარში დარეგისტრირდა 358 სატრანსპორტო დანაშაული.
2019 წლის იანვარში 433 სატრანსპორტო დანაშაული.
2012 წლის იანვარში რეგისტრირებული იყო ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული 439 შემთხვევა.
2019 წლის იგივე პერიოდში ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული 540 ფაქტი.
შენიშვნა: ამაში არ შედის ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა სტატისტიკა, რაც ასევე გაზრდილია.
პრესა.ჯი: პრემიერი დანაშაულის ზრდას იმით ხსნის, რომ გახარიას დროს პოლიცია დანაშაულის სტატისტიკას აღარ მალავს, ასეა?
[I=2]დიმიტრი შაშკინი: საზოგადოების კონსესუსი შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლამდე დანაშაულის სტატისტიკა არ იმალებოდა.
„ქართული ოცნება“ უკვე 7 წელია ხელისუფლებაშია და დღეს პრემიერ-მინისტრი აღიარებს იმას, რომ თურმე მათი წინამორბედები აყალბებდნენ სტატისტიკას.
ის და შინაგან საქმეთა მინისტრი პირდაპირ საუბრობს მათ წინაბორბედთა უფლებამოსილების გადამეტებაზე და მავნებლობაზე.
რომ გადავხედოთ 2012 წლამდე გამოქვეყნებულ სტატისტიკას, ყველა მიხვდება თუ რამხელა ზრდა აღინიშნება კრიმინალის... ამის დანახვას არ სჭირდება საქართველოში ცხოვრება.
- თუ პოლიცია დანაშაულს მალავდა და არ არეგისტრირებდა, როგორ ფიქრობთ, არ უნდა დაისვას პასუხისმგებლობის საკითხი?
- სწორედ ამაშია საქმე. პრემიერ-მინისტრი საუბრობს დანაშაულზე, რომელზეც არანაირი რეაგირება არ მოუხდენია ამ ხელისუფლებას.
თუკი ასე ფიქრობენ, მაშინ რატომ არ მოხდინეს არანაირი სახის რეაგირება?
- კრიმინალი საგრძნობლად გაიზარდაო, აღნიშნეთ, თუ გაქვთ ინფორმაცია რა რაოდენობით?
- გააჩნია კრიმინალის სახეობებს, ზოგ შემთხვევაში არის 20%-იანი ზრდა, ზოგ შემთხვევაშიკი -100%-იანი.
რეალურად, ის პროცესები, რომელიც ქვეყნაში არის და რომელსაც ყველა ხედავს, ბუნებრივია, ანარეკლივით აისახება კრიმინალურ სიტუაციაზე.
ძალიან მარტიავია, ჩართეთ ტელევიზია ან გაესაუბრეთ მეზობლებს, ყველა საუბრობს გახშირებულ კრიმინალზე.
ისეთ არალოგიკურ განცხადებებს აკეთებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომელსაც ვერც კი ხსნიან.
უკვე დიდი ხანია, მათ სათქმელში ლოგიკურობის ნაპერწკალსაც კი არ დავეძებ.
- უნდა დაიწყოს თუ არა, პროკურატურამ გამოძიება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ, დანაშაულის დამალვის ფაქტებზე, რაც ფაქტობრივად, პრემიერმა დაადასტურა?
- მე განათლებით იურისტი ვარ, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ სტატისტიკის გაყალბება ეს არის სამსახურეობრივი დანაშაული, იმ ადამიანებს, რომლებმაც სტატისტიკა შეცვალეს, ანუ, დანაშაული დამალეს, ვიღაცამ ბრძანება მისცა.
აუცილებლად უნდა გაირკვეს, ვისი ბრძანება იყო ეს და ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი.
თუ პრემიერ-მინისტრს ჰგონია რომ შეუძლია წინამორბედებს ასე მარტივად დააბრალოს ამხელა დანაშაული, მას ავიწყდება რომ უკვე 7 წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია.
ჩვევაში აქვთ უკვე ყველაფრის გადაბრალება წინა ხელისუფლებაზე, რომელსაც ვერ ამტკიცებენ.
P.S: ყოველგვარი სტატისტიკა და ბიუროკრატია რომ გვერდით გადავდოთ, კრიმინალის გააქტიურებასა და დანაშაულის კატასტროფულ მატებას ყოველდღიური ქურდობები, ყაჩაღობები, მკვლელობები და სხვა მძიმე დანაშაულის ფაქტებიც ადასტურებს, რასაც მოქალაქეები საკუთარ თავზეც გრძნობენ.
0