"ომის ღმერთი" XXI-ე საუკუნეში "ომის ღმერთი" XXI-ე საუკუნეში /> "/> " />


  13:29:43     05-07-2011

"ომის ღმერთი" XXI-ე საუკუნეში

a7745.jpg

მიუხედავად იმისა, რომ არტილერიის შექმნიდან არაერთი საუკუნე გავიდა, თანამედროვე არმიის შეიარაღებულ ძალებში მას კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მეორე მსოფლიო ომმა არტილერიის ევოლუციაში საკუთარი წვლილი შეიტანა. მკვეთრად გაიზარდა ნაღმსატყორცნებისა და ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხების როლი. თვითმავალი არტილერია კი დივიზიის შეუცვლელი ნაწილი გახდა.

არტილერიის პოპულარობა მათ წინაშე დასახული იმ ამოცანების მრავალფეროვნებამ განაპირობა, რომლის გადაწყვეტაც მას აკისრია, იქნება ეს მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის, ცოცხალი ძალის, საფორტიფიკაციო ნაგებობების, მართვის პუნქტების განადგურება, გადამღობი ცეცხლის გახსნა, რადიოხარვეზების დაყენება და დისტანციური დანაღმვაც კი.

არტილერიის მახასიათებლებს სწრაფსროლა, სროლის მანძილი და სიბურჯღლე განსაზღვრავენ. თუმცა, ამ კრიტერიუმებისადმი მოთხოვნები, არაერთხელ შეცვლილა. მაგალითად 1970-იან წლებში, 105-155 მმ-იანი ჰაუბიცებისთვის სროლის მაქსიმალური მანძილი 25 კმ-ით განისაზღვრებოდა. თუმცა, სულ რაღაც 10 წლის შემდეგ, სამხედროებმა არტილერიის სროლის მანძილის გაზრდა მოითხოვეს. იმ პერიოდში ყველაზე მარტივი გამოსავალი თავად ქვემეხების ლულების დაგრძელება და ჭურვის აეროდინამიკის გაუმჯობესება იყო. მაგალითად, 1980-იან წლებში, აშშ-ში შექმნილი ERFB-ის ტიპის ჭურვი, მხოლოდ აეროდინამიკის გაუმჯობესების გზით, 12-15 %-ით უფრო შორს მიფრინავდა.

თითქმის იმავე პერიდოდში, ქვეყნებმა არტილერიის ერთიან კალიბრზე დაიწყეს გადასვლა. 1960-70-იან წლებში როგორც აშშ-ს ასევე საბჭოთა კავშირის შეიარაღებაზე 3-4 სხვადასხვა კალიბრის სადივიზონო ქვემეხები და ჰაუბიცები იყო. შესაბამისად, ისინი სხვადასხვა ჭურვებს საჭიროებდნენ. ომის პერიოდში კი, ამ ფაქტორს შეიძლება დამღუპველად ემოქმედა. აშშ-ში ჭურვების უნიფიკაციის მიზნით, ერთიან კალიბრად 155 მმ აირჩიეს. საბჭოთა კავშირში კი - 152 მმ. ამგვარი კალიბრით შექმნილ პირველ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს Мста-С წარმოადგენდა, რომელიც შეიარაღებაში 1989 წელს მიიღეს. მას საკმაოდ მრავალფეროვანი ჭურვების არსენალი გააჩნდა. სტანდარტული მსხვრევად-ფუგასური ჭურვების შემთხვევაში, სროლის მანძილი 13.4-დან 24.7 კმ-მდე ვარირებდა. აქტიურ-რეაქტიულის შემთხვევაში, ის მაქსიმალურ 28.9 კმ-ზე მიფრინავდა. ამ დანადგარისთვის კასეტური ჭურვებიც შექმნეს. 3О23-ის შემთხვევაში, მას 40 მსხვრევად-კუმულაციური საბრძოლო ელემენტი მიაქვს.

გასული საუკუნის 60-იან წლებში, ატლანტიკის ორივე მხარეს მყოფი სუპერსახელმწიფოები, მასშტაბური საბრძოლო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. თანაც მასიური განადგურების იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აქცენტი მობილურ არტილერიაზე კეთდებოდა. მაშინ ბევრს ეგონა, რომ საბრძოლო ქვედანაყოფების ნებისმიერ დონეზე არტილერია მობილური იქნება, მისაბმელი ქვემეხები კი ისტორიის ნაწილი გახდებოდა. მაგრამ ყველა ტიპს დადებითთან ერთად უარყოფითი მხარეებიც აქვს.

თვითმავალის პლუსები აშკარაა - მაღალი მობილურობა და პირადი შემადგენლობის დაცვა ტყვიებისა და ნამსხვერევებისგან. თანამედროვე თვითმავალი საარტილერიო დანადგარების უმეტესობას კოშკურული ტიპის დანადგარი აქვს, რაც აზიმუტის მიხედვით, ცეცხლის ტრაექტორიის სწრაფი ცვლილების საშუალებას იძლევა. თანამედროვე თვითმავალი საარტილერიო დანადგარების უმეტესობა, მასიდან გამომდინარე, მუხლუხოვან შასიზე ბაზირდება. მაგრამ გაცილებით მობილური და ადვილად მოსავლელი თვლიანი შასია. ამ ტიპის ყველაზე ნათელი წარმომადგენელი ჩეხური 152 მმ-იანი "დანაა", რომელიც ქართული არმიის შეიარაღებაშიც არის. მსგავსი დანადგარი ფრანგებსაც აქვს - "ცეზარი" (შასი 6x6). სამარშოდან საბრძოლო რეჟიმში გადასვლის, დამიზნების, დატენვის, გასროლის, სამიზნიის კოორდინატების მითითების პროცესების ავტომატიზირება, დანადგარს სულ რაღაც 1 წთ-ში 4-5 გასროლის განასხორციელებასა და პოზიციიდან მოხსნის საშუალებას აძლევს.

ამ ტიპის არტილერიის ყველაზე სრულყოფილი წარმომადგენელი შვედური 155 მმ-იანი "არჩერია". 30 კმ-ის სროლის მანძილისას (40 აქტიურ-რეაქტიული ჭურვით, 60 მართვადით), მისი სწარსფროლა წუთში 8-9 გასროლას შეადგენს. თანაც ცეცხლის საწარმოებლად ყველა პროცესს ოპერატორი კაბინიდან გადმოუსვლელად, დისტანციურად ახორციელებს.

მაგრამ თვითმავალი არტილერიის შემთხვევაში, ავიაციით მისი გადატანა საკმაოდ პრობლემატურია. მთებში კი მათი გამოყენება თითქმის შეუძლებელია. თანაც ისინი ბუქსირებად არტილერიაზე გაცილებით ძვირი ღირს. ასე რომ, ბუქსირებადი არტილერიის პენსიაზე გაშვება ჯერ ნაადრევია.

თანამედროვე არტილერიის შემთხვევაში, იქნება ეს ბუქსირებადი თუ თვითმავალი, განსაკუთრებული ადგილი მუშაობის რეჟიმების კომპიუტერიზაციას უკავია. სამიზნის დაზვერვა, მონაცემების მოპოვება, ცეცხლით მართვა და მისი კორექტირება, ჭურვების შერჩევა, მეტეოპირობებისა და ბატარეის მდგომარეობის განსაზღვრა, ყველა ამ ფუნქციისა და პარამეტრის დროული მოძიება და გადამუშავება განაპირობებს არტილერიის ეფექტურობას XXI-ე საუკუნეში.

თანამედროვე არტილერიის "ინტელექტუალიზაციის" მეორე მხარეს - მაღალი სიზუსტის საარტილერიო ჭურვები წარმოადგენენ, რომლებიც ფრენის ბოლო უბანზე, სამიზნეზე თვითონ ემიზნებიან. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, არტილერიის დახვეწის მიუხედავად, ჩვეულებრივი ჭურვების ხარჯი მაინც დიდია. 155 ან 152 მმ-იანი ჰაუბიცების შემხვევაში კი, კორექტირებადი ჭურვების გამოყენება, საბრძოლო მარაგის ხარჯს 40-50-ჯერ ამცირებს. სამიზნის განადგურების დროს კი - 3-5-ჯერ. ჭურვების დამიზნება, უმეტესწილად, ლაზერული სხივით ხდება. აშშ-ში ამგვარ ჭურვს 155 მმ-იანი "კოპერჰიდი", რუსეთში კი 152 მმ-იანი "კრასნოპოლი" წარმოადგენს. კორექტირების ფუნქციის წყალობით, ამ ჭურვების გამოყენება მოძრავი სამიზნეების წინააღმდეგაც შეიძლება. "კრასნოპოლის" შემთხვევაში, სროლის მანძილი 22-25 კმ-ს შეადგენს, მაგრამ სამიზნესთან ახლოს მყოფმა ცეცხლის მაკორექტირებელმა ის ლაზერის სხივით უნდა მონიშნოს. ეს კი მის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. "კოპერჰიდის" შემთხვევაში, ჭურვის მიერ სამიზნის დასაფიქსირებლად, ამ უკანასკნელზე ლაზერული მარკერის დაჭერა მხოლოდ 15 წმ-ის განამვლობაშია საჭირო.

საკმაოდ თანამედროვე ტექნოლოგიები, თვითდამიზნებად ელემენტებიან SADARM-ის ტიპის კასეტურ ჭურვში გამოიყენება. წინასწარ განსაზღვრულ მიზნის რაიონში, ჭურვი ჩვეულებრივი ბალისტიკური ტრაექტორიით მიფრინავს. ფრენის ბოლო უბანზე კი, მისი კორპუსიდან საბრძოლო ელემენტების გადმოყრა ხდება. ყოველ ელემენტს საკუთარი პატარა ფრთები გააჩნიათ. 100-150 მ-ის სიმაღლეზე საბრძოლო ელემენტი, რომელიც სპირალისებრი ტრაექტორიით ეშვება, მის ქვეშ არსებული რელიეფის სკანირებას იწყებს. სამიზნის აღმოჩენის შემთხვევაში კი, მას ემიზნება და ანადგურებს. მსგავსი ჭურვი შვედებსაც აქვს. BONUS-ი 26 კმ-ზე მიფრინავს და ორი საბრძოლო ელემენტი აქვს. მათი დამიზნება ინფრაწითელი სისტემით ხდება.

დღეისთვის, ყველაზე სრულყოფილი მართვადი ჭურვი "ესკალიბურია". ფრენის ბოლო უბანზე, ის NAVSTAR-ის სანავიგაციო სისტემას იყენებს. მისი საბრძოლო ქობინი მოდულურია. ის შეიძლება შეიცავდეს 64 საბრძოლო ელემენტს, სტანდარტულ მსხვრევად-ფუგასურ ელემენტს, ბეტონსაწინააღმდეგო ელემენტს, ან სულაც ორ თვითდამიზნებად საბრძოლო ნაწილს.

ჭურვებისთვის, რომელთა დასამიზნებლად სამიზნის მონიშვნა ლაზერითაა საჭირო, ამ მოწყობილობის განთავსება ჯავშანტექნიკაზე, შვეულმფრენებზე ან სულაც უპილოტო საფრენ აპარატზე შეიძლება. ამგვარი საარტილერიო ცეცხლისგან დამალვა თითქმის შეუძლებელია.

0

ავტორი: