11:48:26     05-07-2011
კონსტანტინე გამსახურდიას "ვოლტ უიტმან"
ამა წლის 1 ივნისს პრესა.გე-ს მკითხველს შევთავაზეთ "ზვიად გამსახურდიას "მე - უოლტ უიტმანი, კოსმოსი", შესანიშნავი ესე, რომელიც შEსანიშნავად წარმოუდგენს ადამიანს პოეტ უოლტ უიტმანის ბუნებას. მეორე დღეს მკითხველს შევთავაზეთ: "უოლტ უიტმანის - "ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!" და სხვა ლექსები". თუმცა, უიტმანზე საუბარი კიდევ საჭიროა, მე მგონი. ჯერ ერთი, როგორც ამერიკული, ჩვენთვის ნაკლებად ნაცნობი კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით, ასევე, ამერიკული პოეზიისადმი, "ამერიკული სულისა" და კონკრეტულად უოლტ უიტმანის შემოქმედებისადმი ქართველი მოაზროვნეების დამოკიდებულების უკეთ შესაცნობად.
დღეს ამერიკული და ქართული ლიტერატურის დიდი წარმომადგენლების გახსენება გამოგვივა ერთდროულად. ამერიკული პოეზია, "ამერიკის სული" ძალიან კარგად ესმოდათ ქართველებს. ჯერ კიდევ 1930 წელს კონსტანტინე გამსახურდია წერს ესეს უოლტ უიტმანზე ("ვოლტ უიტმან"). იგი თარგმნიდა კიდეც მის ნაწარმოებებს. "განუზომელია უიტმანის პოეზიის უნივერსალური მნიშვნელობა" წერს წინამდებარე ესეში კონსტანტინე გამსახურდია.
დიახ, დღეს ორ საქმეს ერთად ვაკეთებთ, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ უოლტ უიტმანს, ვეცნობით მის მამოძრავებელ იდეებს, მის მისწრაფებას, მის ცხოვრებისეულ კრედოს, მისი პოეზიის თავისებურებას და მოკლე მიმოხილვას, მის ადგილს XX საუკუნისა და შემდეგდროინდელი მსოფლიოს ცხოვრებაში და ამას ვაკეთებთ ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ლიტერატორისმცოდნის, კონსტანტინე გამსახურდიას შესანიშნავი ესეს მეშვეობით.
პარალელურად ვიხსენებთ მართლაც რა დიდი მოაზროვნე ყოფილა კონსტანტინე გამსახურდია, ასე კარგად გათვალა, ჯერ კიდევ 1930 წელს ახალი პოეზიის, დეკადანსიდან და პესიმიზმიდან სიცოცხლის დამამკვიდრებელი შემოქმედებისაკენ აღმავლობა, დემოკრატიის განვითარების, მშვიდობის მოყვარეობის, ნამდვილი ინტერნაციონალიზმის დამკვიდრება და განვითარება, ყოველ შემთხვევაში ამის ცდები მაინც.
დღეს, კიდევ ერთხელ და იქნებ ახლიდანაც, სხვაგვარად შევხედავთ ჩვენს დიდ მწერალს, რომელიც იმ ავბედით დროს ბედავს და ახალი და მომავალი რეალობების შესახებ გველაპარაკება, დღევანდელ და მომავალ თაობებს, პროლეტარიატის დიქტატურის სასტიკი რეჟიმიდან.
როგორც უოლტ უიტმანი უკვდავია ამერიკაში და მთელ მსოფლიოში, ისე კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები (ამ შემთხვევაში, როგორც ლიტერატურის მსახურები) უკვდავები იქნებიან საქართველოში მარად... და როდესაც საქართველოს უკეთ გაიცნობს ამერიკა და მთელი მსოფლიო, მათი სახელები (ამ შემთხვევაში, როგორც ლიტერატურის მსახურებისა), იქაც გავრცელდება.
უოლტ უიტმანი კი ჩვენს გულებში შემოდის სწორედ იმ დიდი სალიტერატურო ტრადიციის წყალობით, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ამაში კი თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიებმა თავისი ესეისტიკით და თარგმანებით.
დღეს წავიკითხოთ კონსტანტინე გამსახურდიას "ვოლტ უიტმან" და დავტკბეთ უოლტ უიტმანისა და კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებით.
ვოლტ უიტმან
ვოლტ უიტმანი უცხო სტუმარია არა მარტო ქართულ პოეზიაში, თვით ევროპაშიაც. ევროპა დღემდის ორ დიდ ამერიკელს იცნობდა კარგად: ედგარ პოს - პოეტს, ნოველისტს, რალფ ვალდო ემერსონს - ფილოსოფოსს, კარლაილის დიდ მოწაფეს.
ისინი, ვინც ამერიკაში ევროპის დიდ მეტოქეს ჰხედავენ, გულმოდგინედ ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ამერიკას თუმცა ცივილიზაცია და ტექნიკა მოეპოვება, მაგრამ სული და კულტურა არა აქვს და არც მერმისში ექნებაო. ეს დიდი უტრადიციო პოეტი დღეს გაცილებით მეტ გავლენას ახდენს კულტურულ ადამიანობის ფანტაზიაზე, მის პოეტურ ემოციებზე, ვიდრე ვერჰარნი, არნო ჰოლცი, ან კიდევ სხვა რომელიმე თანამედროვე ევროპელი პოეტი, ე. წ. დემოკრატიული ბანაკიდან. ვოლტ უიტმანს მრავალი მიმდევარი ჰყავს დღესაც გერმანიასა, საფრანგეთსა და ინგლისში. მისი ზეგავლენა დღითი-დღე იზრდება ევროპაში.
მსოფლიო ომიდან სრულიად ახალი ციკლი იწყება მსოფლიო ისტორიაში. ყოველ დიდ პოლიტიკურ კატასტროფას დიდი სულიერი გარდატეხა მოჰყოლია მუდამ. ომამდის დასავლეთის პოეზიის სანიშნოები იყო: დეკადენტობა, ესთეტიციზმი და პესიმიზმი.
შოპენჰაუერის და ჰარტმანის პესიმისტური სულიერი განწყობილება, მსოფლიო გლოვა ჰქროდა გასული საუკუნის პოეზიის ალამდარების: ჰუგო ჰოფმანსტალის, სტეფან გეორგეს, სტეფან მალარმეს, რაინერ მარია რილკეს, ვერლენის, დ’ანუნციოს, იენს-პეტერ იაკობსენის ქმნილებებში. 1914-1918 წლების სისხლისღვრამ კვლავ მოაწყურა კაცობრიობას ოპტიმისტური, ჯანსაღი ჩანგის ჟღერა. და სწორედ ამით აიხსნება ის დიდი ინტერესი, რომელსაც თანამედროვე დასავლეთი უიტმანის მიმართ იჩენს.
ვოლტ უიტმანი - მოულოდნელობის პოეტია.
პოეტი ახალი, ძლიერი მომავლისა.
იგი უარყოფს ტრადიციულ პოეტურ ფორმებს, სწერს ისე, როგორც მის ნიაღვარივით თავნება ბუნებას მოეპრიანება.
მწერლობაში უპირველესი საკითხია - სტილი, რადგან სტილია მეტყველი ადამიანის ანი და ჰოე.
უიტმანის სტილიც ისევე თავისებურია, როგორც მისი იდეები.
* * *
ევროპის მოთენთილ, დეკადენტურ, ძველი კულტურით დატვირთულ პოეზიასთან შედარებით, უიტმანის სიმღერა ამერიკის ვრცელ პამპასებიდან მოვარდნილი ველურის ძახილია. რიჟრაჟს უყივის სულითა და ხორცით ძლიერი მიწიერი შვენებით აღტყინებული პოეტი, ადამიანების, ცხოველების, მცენარეების წიაღში ყოფნით გახარებული ენთუზიასტი.
უიტმანი მღერის მიწის მარადიულ შვენებაზე, მღერის სიკვდილსა და სიყვარულზე, დიდი ქალაქის ელექტროს აისებზე. პოეტი ურბანისტი - მაინც რუსსოსებური მიამიტი ბუნების მოსიყვარულე. მისთვის უცხოა ლეოპარდის ან ნოვალისის მსოფლიო პესიმიზმი, ბოდლერის ან ვერლენის ნერვიული ჰიპოხონდრია, სტეფან გეორგეს ან დ’ანუნციოს "რჩეულთა პოეზია".
წამიერება როგორც ერთი რგოლი უკუნეთის უსარულო გარსში და უიტმანს არ უნდა ეს წამიც დაჰკარგოს. ამიტომაც მის პოეტურ მეტყველებას არ ემჩნევა ის გადაჭარბებული სიმჭევრე, გადამეტებული "ხელოვნურობა", ყალბი რიტორიკა, რომელსაც დაკვირვებული თვალი ადვილად ამჩნევს თანამედროვე ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთის პოეზიაში.
"ვოლტ უიტმანი კოსმოსი მთელი, ვარ მანჰატტანის მძლე ნაშიერი"*.
უიტმანი უარყოფს ძველ თეორიას პოეტების ზებუნებრივი წარმოშობის შესახებ. ამავე ლექსში პოეტი აღიარებს: იგი "ამ კაცებს, ამ ქალებს არ იუკადრისებს, მაგრამ მათ შორის მაინც არა სდგას".
პოეტს ადამიანების ამხანაგად, თანატოლად მოაქვს თავი და მღერის:
"მინდა გავხადო კონტინენტი განუყოფელი,
ულამაზესი რასსა შევქმნა ამ ქვეყანაზე".
ეს ყველაფერი ამხანაგების მაგნეტური სიყვარულით. უიტმანს სწყურია ამხანაგობის დამკვიდრება კაცთა შორის. ამერიკის მდინარეების გაღმა-გამოღმა, რადგან იგი უმღერის რწმენას, თავისუფლებას, პროგრესს, ერთობას, თანადროულობას, იგივეობას. მას, როგორც ამერიკელს, არ აქვს წარსულის რომანტიზმი. იგი მარადიული პროგრესის, ადამიანური კავშირის, ახალი ორგანიზაციული კულტურის და ახალ გამოგონებათა პოეტია.
აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი, ვიწრო ზონები, თეთრი, შავი წითელი რასსები - ყველა სიყვარულით და სათნოებით აღსავსეა.
მისი "სალამი სამყაროს" შედევრია, ამ დიადი ინტერნაციონალური გრძნობით გაჟღენთილი. ეს ის იდეებია, "თავისუფლება, ძმობა, ერთობის" სახით რომ გადაისროლა ეპოქალურ ლოზუნგად საფრანგეთის რევოლუციამ.
უიტმანის დიდი ჰუმანიურობა, კაცთმოყვარეობა, ბუნების სიყვარული ოდნავ რუსსოს ბუნებისადმი უკუქცევას მოგვაგონებს, მაგრამ "ახალი ელიოზას" და "აღსარების" ავტორისაგან უიტმანი არსებითად განსხვავდება.
რუსსო უარყოფითად ექცეოდა როგორც კაპიტალისტური ცივილიზაციის გაძლიერებას დასავლეთში, ისე საერთოდ მთელ ცივილიზაციურ პროგრესს.
რუსსო უარყოფითად ექცეოდა ქალაქურ კულტურას, იგი სოფლური, პირველყოფილი მიამიტობისაკენ ეძახდა კულტურულ ადამიანობას.
უიტმანი უმღერის ამერიკის ვრცელ პრერიებს, სტეპებს, პამპასებს, პარალელურად ურბანისტული პოეზიის ტონებიც გაისმის მის პოემებში.
მას სწამდა კულტურისა და მეცნიერების, ტექნიკისა და ცივილიზაციის პროგრესი, მაგრამ ამ პროგრესს ჰუმანური განწყობილების, თანასწორობის, ძმობა-ერთობის პრინციპები უნდა ჰქონოდა სარჩულად.
უიტმანის დამოკიდებულება პროგრესული ცივილიზაციისადმი არსებითად განსხვავებულია "განათლებული ფილისტერების" ცივილიზაციური ტრაბახისაგანს.
განათლებული ფილისტერი ევროპისა და ამერიკის ცივილიზაციის ბრჭყვიალა, რეკლამურ მხარეებს ხედავს, იგი მედალის ცალ მხარეს ამჩნევს მხოლოდ. სწორედ იმას, რაც დროულია და წარმავალი. და ცივილიზაცია ამაოა, თუ ამას ჰუმანიური დედა-აზრი არ მოეპოვება. პოეტი აღიარებს, რომ ამ ინდუსტრიულ ქალაქებს, ამ კონსტიტუციებს, ამ ჰოტელებს, ამ რკინიგზებს, ამ ციხეებს, ამ ზარბაზნებს საბოლოო, მარადიული ღირებულება არა აქვს; ეს მხოლოდ დეკორაციაა და ყველაფერი კარგი და მშვენიერია "ვიდრემდის გამომწვევი ნაპერწკალი არ იელვებს".
უდიდესი ქალაქი ის არის, რომელიც დიდ ადამიანებს გაზრდის და რამდენიმე საცოდავი ქოხმახისაგან შემდგარი სოფელიც "უდიდესი ქალაქი" იქნება, თუ მან დიდი ადამიანი წარმოშვა.
უიტმანის აზრი, როგორც ვხედავთ, დიამეტრალურად დაპირისპირებულია შპენგლერისებურ ურბანიზმთან.
ოსვალდ შპენგლერმა მთელი ქვეყანა ორ შეურიგებელ ბანაკად დაჰყო: დიდი ქალაქი და მსოფლიო-პროვინცია. კულტურისა და ცივილიზაციის წინამძღვარია დიდი ქალაქი. უიტმანი რუსსოსა და შპენგლერს შორის დგას.
ამაყი, დამოუკიდებელი, ბუნების მოყვარული, თავისუფალი ადამიანი, - ეს არის უიტმანის იდეალი.
პოეტი პრერიებში დახეტიალობს და უყივის თავის თანატოლს: მზით დამწვარ, ბრგე, აღტაცებულ, თამამ, ნებისყოფით ძლიერ, მზემოკიდებულ ადამიანს, რომელიც, პრეზიდენტსაც რომ შეხვდეს, თავხედურად შეაგებებს:
"შენ ვინა ბრძანდები?" (ლექსი: პრერიებში გავლილს").
დილით ადრე ამდგარი პოეტი თავის თავს ადამს ადარებს და სიხარულით ევსება გული, რომ მისი სხეული ჯანსაღია და შეურყვნელი (ლექსი: "ვითა ადამი").
უიტმანი აღტაცებულია ადამიანის სხეულისაგან. მას უყვარს ადამიანი, ადამიტიური, ვნებიანი, "მსმელი, მჭამელი", "ვნებით მთვრალი". ამ დიდი ბუნების სასწაულით აღტაცებული; ასეთი ადამიანისათვის ქმედობის ქურაში იტანჯებოდა დედამიწა ქვინტალიონი წლების განმავლობაში. მათთვის მღერიან ცის მნათობები ეთერის უსაზღვრო, თვალუწვდენელ რეგიონებში. ამნაირი ადამიანის თავი მრავალი სასწაულის შემვლელი მანქანაა; იდეებით, აღტაცებით, სიყვარულით, გმირობით სავსე.
ეს საოცარად მოწყობილი ელასტიური სახსრები, ეს შეუცნობი და გასაოცარი სისხლის მოძრაობა. "ასეთი მამაკაცი, ასეთი დედაკაცი" განცვიფრების და სიყვარულის ღირსია.
"თქვენ თუ გინახავთ ვინმე შლეგი ამ ქვეყანაზე.
ასეთი ტანი რომ წასწყმიდა, დაამახინჯა".
მაღალი ჰუმანური გრძნობით გაჟღენთილია მისი ლექსი:
"და მესმის, ერთ დღეს
მომითხრობდა ამ ამბავს დედა..."
სრულიად უბრალო სიუჟეტი აქვს ამ ლექსს. პოეტის დედას ეწვევა წითელკანიანი ქალი. იგი მშვენიერი ეგზემპლარია ადამიანთა შორის.
ტანად ახოვანი, მდიდარი, ბრწყინვალე ნაწნავებიანი. პოეტის დედა აღტაცებულია ინდიანელი ქალით.
საღამოს იგი მიდის. პოეტის დედა ფიქრობს: სად წავიდა ის მშვენიერი?... იგონებს ტკბილად მის ტანს, მის სახეს, მის ანაგობას და მიხვრა-მოხვრას.
ჩვენთვის ეს ბუნებრივია. მაგრამ ეს სტრიქონები დაწერილია 50 წლის წინათ, ამერიკელი პოეტის მიერ, ამერიკაში, სადაც დღესაც ათასობით ტყვიამფრქვევით სცელავს წითელკანიანებს რესპუბლიკური ამერიკის ჯარი და პოლიცია... "დემოკრატიზმისა და კულტურის" სახელით.
ხორციელობის აპოლოგიაა პოემები "28 ახალგაზრდა ბანაობს", "ვიცნობდი ერთ კაცს", "ვხედავ, დედაკაცი შიშველი ცურავს". მოყვასის სიყვარულის და კაცთმოყვარეობის გრძნობით გამტფარია: "ქალაქის მიცვალებულთა სახლში".
მეძავი ქალის ცხედარს ჰხედავს პოეტი ქალაქის მიცვალებულთა სახლში. საოცარი აზრები აღეძვრის ამ განადგურებულ, "თვალებგამოღამებულ" ქალის სხეულის დანახვაზე.
ოდესღაც სიცოცხლით, ვნებით, ცოდვებით სავსე სულის "სახლი" - სხეული სიკვდილს გაუნადგურებია... სიკვდილი და სიცოცხლე შეუცნობი, საოცარი ფენომენებია ბუნებასა და ცხოვრებაში.
პოეტი ორივეს უმღერის, რადგან ორივე ისე მოუცილებელია, როგორც მთა და ბარი, ჩრდილი და სინათლე, სიტფო და სიცივე, გრადაცია სიცოცხლისა და გამძლეობის ენერგიისა, როგორც ყოველივე ყველაფერში ერთდება. ყველაფერი მარადიულის მოდიფიკაციაა. და ეს სახეცვლა, - ერთის ათასად ქცევა და ათასის ერთ ჰარმონიულ მთლიანობად გარდაქმნა, - აი სიკვდილ-სიცოცხლის ღრმა მისტერია ("მკითხავდა ბავშვი: რაა ბალახი?").
თუმცა უიტმანის პოეზიას ინტერნაციონალური კოლორიტი აქვს, იგი მინიმალურ ცვლილებას განიცდის. უნდა აღვნიშნოთ, რომ უიტმანის პოემები და ლექსები არსებითად განსხვავდებიან ტრადიციულ ბოლორითმიან, ასე ვთქვათ, ევროპულ ახალი ლექსისაგან**. იგი უარყოფს ბოლორითმას, რადგან ბოლორითმა ხუნდებს ჰქმნისო, ამტკიცებს იგი.
მისი თავისებურება სწორედ ეს თავნება, თავისუფალი, შეუზღუდველი, უტრადიციო გამოთქმაა. მისი ლექსი ხანდახან ბერძნულ მაღალტონიან დითირამბს უახლოვდება, მისი ჰიმნების ენა ოდნავ წააგავს ჰელდერლინის მდუღარე, მქუხარე დითირამბებს. ისეთი ძლიერი გრძნობის ვულკანი იქმნება ამ სიმღერისაგან, რომ მას ლექსის ფოლადის აბჯარიც ვერ დააოკებდა. ალაგ-ალაგ უიტმანის ლექსი პროზისკენ მიიწევს. ძლიერ უახლოვდება ბოდლერის "პროზაული ლექსის" ოდნავ მოდუნებულ ტემპერამენტს.
მაგალითისთვის ამ კრებულში მრავალთა შორის დამახასიათებელია მისი პოემა: "მომეცი ელვარე, ბრწყინვალე მზე".
ამ პოემაში სჩანს პოეტის სიყვარული ბუნების ქალწულებრივი სილამაზისადმი. სოფლური იდილია მარტოობის წიაღში, წყნარი ზაფხულის ღამეების რომანტიკა, ჯეჯილების საამო ბიბინი, ფლორისა და ფაუნის გასაოცარი გრადაციები.
იმავე პოემაში პოეტი ეძებს ქალაქის მოუსვენარ ბორგვას, თანამედროვე ქუჩის აურზაურს, ქარხნების საყვირების ბღავილს, დიდი ქალაქის ვრცელ ქუჩებში მოხეტიალეთა რბენას და მოძრაობას, "მასების ველურ ყიჟინას, მილიონების ჩოჩქოლს და დრტვინვას".
ვოლტ უიტმანი სამ წელს ომში დაჭრილებს უვლიდა. სამხრეთის და ჩრდილოეთის შტატების ომში იგი მონაწილეობას იღებდა, როგორც "დაჭრილების მესვეური". ომის საშინელებამ გარდაუვალი შთაბეჭდილება დასტოვა პოეტის ხსოვნაში.
პოემაში: "მე ვდარაჯობდი ბრძოლის ველზე...", იგი ხედავს, თუ როგორ ესალმება ქვეყანას ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ჭაბუკი. პოეტის მოთქმა მოკლულის გვამთან პაციფისტური გრძნობებითაა გაჟღენთილი... უიტმანი პაციფისტია, რადგან ომი, მისი აზრით, ადამიანს უძვირფასესს და უკანასკნელ საუნჯეს - სიცოცხლეს ართმევს.
"მომავლის პოეტებო, ოქროპირებო,
მომღერლებო, მომავლის მუსიკოსებო!
დღეს-დღეობით თავს არ ვიმართლებ,
და ვეღარ გეტყვით, რატომ მოველ ამ ქვეყანაზე -
აღსდექით, ჰეი,
ნორჩო თაობავ, მკლავით მაგარო, ატლეტიურო!
აღსდექით ყველა და მე მინდა თქვენ გაგამართლოთ.
მე მიწერია ორიოდე სიტყვა სანიშნო,
მომავლისათვის, სულ ერთი წუთით წამოვიწევი,
რომ სამუდამოდ ბნელს მივეფარო".
ათეულ წლებით ნიცშეზე ადრე ამერიკელი პოეტი ჰიმნების ენით უმღეროდა "ფოლადის თაობას". ქვეყანა სულით და ხორცით ძლიერების სამკვიდრებელია. ასეთია უიტმანის ადამიტური ძლიერების აპოლოგია.
უიტმანი ახალი, ძლიერი თაობის მეკვლე და მახარობელია!
დემოკრატიას "ცოლს" უწოდებს უიტმანი, რადგან დემოკრატიამ უნდა წარმოშვას ევროპისა და ამერიკის დიდი მომავალი. მომავალი ამ დემოკრატიას ეკუთვნის, ხალხის წიაღიდან გამოსულს, ნიჭიერს, გამძლესა, სულითა და ხორცით ჯანსაღ ადამიანებს.
მას სწამს მილიონების შრომის წმინდა ევანგელია, და ახალი კაცობრიობა გვაროვნული ჰეროლდიკით როდი იამაყებს, არამედ შრომის ნაყოფიერებით და ინტელექტის გამჭრიახობით.
ძველი, გვაროვნული არისტოკრატია ახალმა აზროვნულმა არისტოკრატიამ უნდა შესცვალოს. ევროპაში ამ ახალი "არისტოკრატიზმის" მახარობლები იყვნენ გოეტე და ნიცშე.
უიტმანი თანასწორობას ქადაგებს არა მარტო სოციალურ გარემოში, არამედ ბუნებაშიც. ყოველი არსი შემოქმედის პირმშოა, ყოველი არსი ამ ქვეყნად სიყვარულის, დაკვირვების და განცვიფრების ღირსია.
მისი პოეზიის პრიზმაში სამყარო ისე მშვენიერია და უხრწნელი, როგორც შექმნის პირველსავე დღეს. ამიტომაც "ადამიტური სიმღერების" ავტორად მოაქვს თავი ვოლტ უიტმანს. განუზომელია მისი პოეზიის უნივერსალური მნიშვნელობა.
"სამყარო, როგორც გაფართოებული სამშობლო!"
ეს იდეები საუცხოოდ განსახიერდა მის პოეზიაში "სალამი სამყაროს".
ყოვლის შემცველი სიყვარულის ცეცხლი ანთია უიტმანის გულში, იგი შილლერისებური წრფელი პათოსით მღერის: "ყელს მოგეხვევით, მილიონებო!".
უიტმანი თანაბარის სიწრფელით უმღერის როგორც სიყვარულს, ისე სიკვდილსაც. რადგან სიყვარული - ეს შინაგანი სიტფოა პირველი ნაპერწკალი სიცოცხლის უმანკო ჩასახვისა. იგი ჰქმნის, ამოძრავებს, ამშვენებს ცხოვრებას. სიკვდილი წინაწარ დათქმული გარსის დასრულებაა, სულის "სხვადქცევა", ყოველი არსის უსაზღვროების, მარადჟამობის წიაღში დაბრუნება.
1930 წელი.
. . .
* - ციტატები მოყვანილია ჩემივე წიგნიდან "ვ. უიტმანის რჩეული პოემები", სახელგამი, 1926.
* * - უიტმანის ახალი ლექსის თეორიას გერმანულ პოეზიაში გამოუჩნდა მიმდევარი, ლირიკოსი არნო ჰოლცი. ჰოლცი ითვლება ლირიკის რევოლუციის ავანგარდად გერმანულ პოეზიაში. - კ. გ.