12:30:18     09-03-2019
„90-იანები ბრუნდება ჩვენს ქვეყანაში" - ვარკეთილში ერთ ეზოში 4 ავტომობილი გაქურდეს
ვარკეთილის მესამე მასივში ამ წუთებში პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. წუხელ, ღამით, მხოლოდ ერთ კორპუსში 4 ავტომობილი გაქურდეს.
მესამე მასივის მე-8 კვარტლის მე-13 კორპუსის მცხოვრებლებს მანქანის მინები ჩამსხვრეული, პირადი ნივთები კი წაღებული დახვდათ.
გაქურდვის მეთოდი ოთხივე შემთხვევაში ერთი და იგივე იყო - ჩამსხვრეულია უკანა კარის მინები.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ანალოგიური მეთოდით მიმდებარე კორპუსების კიდევ რამდენიმე მანქანაა გაძარცვული.
„90-იანები ბრუნდება ჩვენს ქვეყანაში... მიდის საქმე ძალიან ცუდად. კრიმინალი ძალიან გაიზარდა საქართველოში. მთავრობას უნდა ვთხოვოთ, რომ ყურადღება მიაქციონ კრიმინალის გაზრდას. ასეთი რამე არ ხდებოდა თბილისში. ტაქსისტებს ძარცვავენ,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული, დავით კახიძე.
სავარაუდო ბრალდებულების შესახებ სამართალდამცველები ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებენ, ვარკეთილის მოსახლეობა კი ამბობს, რომ ყაჩაღობის სერია რამდენიმე დღის წინ ტაქსის მძღოლების დაყაჩაღებით დაიწყო.
0