13:09:22     04-07-2011
დიდი ფირდოუსის შესანიშნავი მთარგმნელი - ბელა შალვაშვილი
პრესა-გე-ს მკითხველს რამდენიმე ხნის წინ ვაუწყეთ, რომ 24 ივნისს, კავშირ - ორდენ "მარადახალი ქნარის" ორგანიზებით ტარდებოდა ფირდოუსის "შაჰნამეს" 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო.
საღამო მართლაც დიდებული გამოდგა. მის ორგანიზებაში ორდენ "მარადახალი ქნარის" წევრებს დაეხმარა ირანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში. მრავალი ადამიანი დაესწრო პოეზიის ამ შესანიშნავ ზეიმს, მათ შორის პოეტები, გამოჩენილი ლიტერატორები, ირანის საელჩოს ოფიციალური წარმომადგენლები, პოეზიის მოყვარულები. სამწუხაროდ, ამ შესანიშნავ მოვლენას აკლდა ქართული მას-მედიის ყურადღება. სამწუხაროდ ნამდვილი ხელოვნება, დღევანდელ საქართველოში პოპულარული არ არის.
საღამოს მთავარი პერსონა იყო პოეტი და ირანისტი, "შაჰნამეს" ქართულად მთარგმნელი ქალბატონი ბელა შალვაშვილი. მას ფირდოუსის შემოქმედებიდან არა ერთი ნაწარმოები (ნაწილი, წიგნი) აქვს თარგმნილი ქართულად. შეიძლება ითქვას, მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი უძღვნა ამ საქმეს და ბევრი რამეც გააკეთა ამ მიმართულებით. მალე გამოვა ბელა შალვაშვილის მრავალწლიანი მოღვაწეობის შედეგი, 1000 გვერდიანი წიგნი ფირდოუსის თარგმანისა. ფირდოუსის შემოქმედება ძალიან დიდია ყველა გაგებით, მათ შორის დიდტანიანობასაც ვგულისხმობ, და ქალბატონმა ბელამ შეძლო შეუძლებელი, თარგმნა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი ირანელის პოეზიიდან. ჩემი ინფორმაციით, არც ერთი სხვა ერის საგანძურში არ არის ფირდოუსის იმდენი წიგნის თარგმანი, რამდენიც ჩვენ გვაქვს მისი დაუღალავი შრომის მეოხებით.
ახლა კი ორი სიტყვა ნათარგმნის ხარისხზე. მე, სამწუხაროდ დედანში არ შემიძლია ფირდოუსი ვიკითხო, მაგრამ, ბელა შალვაშვილი თავისი თარგმანებით გვარწმუნებს, რომ ფირდოუსი არის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი ამ ქვეყანაზე. ბელა შალვაშვილის მიერ ნათარგმნი ფირდოუსის წიგნები არის პოეზიის უბრწყინვალესი ნიმუშები. ბელა შალვაშვილი გახლავთ ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი, რომელიც ფლობს ქართულ ენას შესანიშნავად (მის პოეზიაზე სხვა დროს ვისაუბრებ). უმდიდრესია მისი ლექსიკა, შესანიშნავად, უბრალოდ და გასაგებად არის გამოცემული ურთულესი ამბავი...
ზოგჯერ შეიძლება იფიქროს კაცმა, რომ ბელა შალვაშვილი გახლდათ თანამედროვე ფირდოუსისა და 10 საუკუნის წინანდელი სპარსულის, ძველი
და თანამედროვე ქართულის სიმდიდრის გამოყენებით ძველად დამუშავებული და ჩვენთვის ახლად მიკვლეული ბრილიანტებით გაამდიდრა ქართულად თარგმნილი ლიტერატურის საგანძური.
შეგვიძლია სხვაგვარადაც ვთქვათ, ქართული ენის დაყოფა ძველ და ახალ ქართულად რომ პირობითია, ბელა შალვაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
დღეს, ჩვენს მკითხველს ვთავაზობ ფირდოუსის "მეფე ხოსრევ ფარვიზიდან" ბელა შალვაშვილის მიერ ნათარგმნ ორ ნაწყვეტს, პირველ ორ თავს (გამოცემული 2009 წელს). მკითხველი ნამდვილად დატკბება შესანიშნავი სტრიქონებით...
აქვე გთავაზობთ ამ წიგნის წინასიტყვაობას, მთარგმნელის მიერვე დაწერილს:
"ათი საუკუნე, ათასი წელი გავიდა ამ წიგნის დაწერიდან, "შაჰნამე" რომ ჰქვია და, ამ ათი საუკუნის ქარტეხილებმა ვერაფერი დააკლო მისი შემქმნელის - დიდი ირანელი პოეტის აბულყასამ ფირდოუსის (სამოთხელი) სახელს, უფრო კი - პირიქით. აკი თავადვე ამბობს ამ თავის გრანდიოზულ ეპოსში: "ეს ჩემი გარჯა არის დიდი ბედნიერება და მტკიცედ მჯერა, არ დაცხრება ჩემი ხსენება"... არც დამცხრალა, რადგან ამ წიგნში შფოთიანი და ვნებადაუოკებელი, მეოცნებე და სასტიკი თუ ლმობიერი, ომისა თუ მშვიდობისაკენ მიმსწრაფი, მითებისა თუ რეალობის შუა გახიდული, თავისი ქვეყნის სიკეთის მოსურნე და, ამ სიკეთისათვის ათას შარში გახვეული მეფეთა ცხოვრებაა მაღალპოეტურად მოთხრობილი...
ეს ვრცელი ეპოპეა მეტ-ნაკლები სიდიდის ოროცდაათამდე წიგნისაგან შედგება. ამ წიგნებს საერთო სიუჟეტური ქარგაც გააჩნია და, ამავე დროს, სრულიად დამოუკიდებელი წიგნებიცაა. სხვადასხვა დროს ვთარგმნე და გამოვეცი "შჰნამეს" წიგნები:
"მანუჩარი" ("ამბავი ზაალისა და რუდაბესი", "ნაკადული", 1976)
"ამბავი ბეჟანისა და მანიჟესი" (დაიბეჭ. "საქართველოს" მიერ გამოცემული "ირანული პოეზიის" ტომში, 1977)
"ამბავი სიაუშისა" ("ერანი", 1979)
"ქეი-ქაუსი"" ("განათლება", 1987)
გამოსაცემია ჩემს მიერ ამ ოცდაათიოდე წლის წინ თარგმნილი "შაჰნამეს" მითოლოგიური ნაწილი.
ამჯერად, გთავაზობთ, აგრეთვე, ორიოდე წლის წინ თარგმნილ "შაჰნამეს" კიდევ ერთ წიგნს, რომელსაც ჰქვია "მეფე ხოსროვ ფარვიზი" და ამ თარგმანს ვუძღვნი ჩემს უსაყვარლეს მასწავლებელს ბატონ ჯემშიდ გიუნაშვილს".
როგორც ვთქვით, მალე ქართველი მკითხველი მიიღებს ახალ წიგნს. ჩვენ წიგნის გამოსვლისთანავე ვამცნობთ პრესა.გე-ს მკითხველს ამის შესახებ.
მეფე ხოსრევ ფარვიზი (ნაწყვეტები)
მარადის ცეცხლთან* გოსთაჰმა და ბანდუიმ ცხენით
აფრინეს კაცი ხოსროვთან, რომ ამბები ცხელი
ეცნიბებინათ მისთვის, თუნდაც გვიანი ღამით,
ეს ამბები კი სავსე იყო გესლით და შხამით.
ამასობაში, ცად ამაღლდა ახალი მთვარე,
გადააბიჯა როს გზავნილმა სასახლის კარებს.
ეცნობებინა უნდა შიკრიკს ბაღდადის ჯანყი,
ახალ მეფისთვის და სახეზე ებურა ჯანღი...
ჰრქუა: ამქვეყნად ვინც სიავის გზით იარება,
ვისაც სიმართლე სათოფეზეც არ ეკარება;
მხოლოდღა თვისი აღზევება ვისიც ჟინია,
გაყოყოჩებულს დაცემის რომ არ ეშინია...
თუკი სინათლეს და სიკეთეს აღარ მოველით,
ამგვარ ყოფაში ცეცხლმა შთანთქას დაე, ყოველი...
როცა მშობელმა ჩემი სისხლის ისურვა დაღვრა,
გამაჩერებდა, თვით განსაჯეთ, ირანში რაღა!...
ახლა კი მზად ვარ, მამაჩემის ყოველი სიტყვა
დაუყოვნებლივ შევასრული, რაც უნდა ითქვას!
ცეცხლი მწვავს, ცეცხლი, მსურს ახლავე გავიჭრა ველად
და ჩემი ლაშქრით მშობელს მალე მივაგო შველა.
არდაბილიდან თუ ბარდიდან რაზმები იძრა,
შეჭირვებულის შველის ჟინმა იძალა დიდმა.
არმინიესთან შეუერთდათ რაზმები მრავლად, -
იმათი ქროლვა ველზე ქარის ქროლვასა ჰგავდა.
ხმა მისწვდა ბაღდადს: მოისწრაფვის მემკვიდრე ტახტის,
წუხილს ზეობად შეგვიცვლისო, ბედნიერს გაგვხდის.
ცნობითა ამით ქალაქს უცებ დაეტყო ვანი,
თვითონ ჰორმოზდსაც სიხარულის დაუდგა ხანი.
მათ შესახვედრად გამოდიან დიდებულები,
ღირსეულები და ღირსებით დაღდასმულები.
ახალ მეფისთვის ტახტი მოაქვთ, გვირგვინი ელავს,
ძვირფასეულის ბზინვარება აბრმავებს მზერას.
აგერ ხოსროვიც... მამის ტანჯვით, აჩნია დაღი, -
თვალდათხრილია ახლა იგი, ოდესღაც ლაღი.
ფიქრობს: რა არის კაცის ყოფა, - უწყის არავინ,
რას გიწყობს ბედი, - მოქმედი და დაუღალავი.
ერთს რომ მიუძღვნის ბედი მეფის ტახტსა და გვირგვინს,
სხვას შუა ზღვაში უმოწყალოდ მოისვრის იგი.
სულთქმა და უში გაუმრავლა თრთოლვა-წუხილმა,
ვერ ჩასწვდომია, კაცისაგან რა სურს უხილავს.
ერთს სიმდიდრეს და ფუფუნებას უხვად მიაგებს,
ფარცას, დიბასა თუ ოქსინოს... სხვას კი - სიავეს...
საბოლოოდ კი ყველაფერი იქცევა ნაცრად, -
აღზევებულს თუ დანარცხებულს შერჩება არცრა.
არ მიხედავენ ბრძენკაცები ქვეყანას თუკი,
პატიოსნებაც და ღირსებაც იქნება ფუჭი.
დაისადგურებს ბოროტება დედამიწაზე, -
რაც ხამს იწამოს სულიერმა, აღარ იწამებს.
გათანაბრდება მეფე ყმასთან, სიკეთეს მოსპობს
ბედი... ახლა კი, მოდი, ერთად მივხედოთ ხოსროვს.
2
დაჯდა ხოსროვი ოქროს ტახტზე* დედებულებმა
დაუდგეს ტახტი. და იელვა სხივმა ულევმა.
მოაბადთ ეტყვის: ვისაც ტახტი რგებია, ვიცი,
თვით ღმერთის ნებით ნაშობია, არ უნდა ფიცი.
დაე, სიმართლე იყოს ჩემი გზის გამკვალავი,
დაუხმარებლად უპოვარი დამრჩეს არავინ.
ჩემი გონება არ იკარებს სიავის მაგვარს,
დე, უმადური არსებობდეს ამქვეყნად აღარ.
ჩემთვის იეზდანს მოუცია ძალაუფლება,
შემწედ არ ვექნე დაჩაგრულებს, არ მაქვს უფლება.
უნდა მომანდოთ მთელი გული, არსება მთელი
და სამ საქმეში აღთქმა მომცეთ მართალი, წრფელი.
ნუ გამოიჩენთ თავს ოდესმა მეფის ურჩობით,
კეთიმოსურნეს არ არჩიოთ ვინმე უცნობი.
სხვათა მიღწევა არ უარყოთYთქვენი ვალია,
თორემ ბედი რომ ავს მოგაგებთ, გარდუვალია.
ვინც მიტომ ცოცხლობს, უპასუხოს სიკეთეს კრულვით,
სხვისი წინსვლითაც ვისაც მუდამ უსკდება გული...
უწყოდეთ, ღმერთი ამისთანებს პასუხობს ავით,
ბოროტი დაგმეთ, სიკეთის ქმნას დაუდეთ თავი;
ვის არსებაშიც ცოცხლობს კარგი ადამიანი,
გონების ფასიც უწყის იმან, არის მზიანიც...
თუკი სიმართლეს მოსარჩელედ არ დაუდგები,
ტახტიც, გვირგვინიც, თვით მეფისთვის არის ურგები.
გულუხვი კაცი ღირსეული მოდგმისა არის,
მისი მართალი სიტყვა არის ხმალიც და ფარიც.
მინდა აღგითქვათ: შემწეობას მოგაკლებთ არცროს,
სხვაგვარი ქცევა, ხალხის თვალში მეფესაც ამცრობს.
ვინაც ისმინა ხოსროვისა, შეაქეს ფრიად, -
ტახტსა და გვირგვინს იეზდანი გიქცევსო მზიანს.
მეფის სიტყვებმა გაალაღა მსმენელი მისი,
ტახტს ულოცავდნენ. გადეყარათ გულიდან ნისლი.
აჰა, ხოსროვიც განმარტოვდა როგორაც იქნა,
არ დააძინა მხოლოდ ტანჯულ მამაზე ფიქრმა.
. . .
* - ტაძარს, სადაც მარადი ცეცხლი ანთია, აზარგოშასფი ჰქვია (მთ. შენ.)
** - ხოსროვი გვირგვინით შეამკეს 590 წელს (მთ. შენ.)
0