კავშირი - პოეტური ორდენი "მარადახალი ქნარი" კავშირი - პოეტური ორდენი "მარადახალი ქნარი" /> "/> " />


  19:53:39     02-07-2011

კავშირი - პოეტური ორდენი "მარადახალი ქნარი"

a7658.jpg

საქართველოში მოქმედებს კავშირი - პოეტური ორდენი "მარადახალი ქნარი", რომელიც აერთიანებს რამდენიმე წევრს. ორდენი აწყობს პოეზიის საღამოებს, შეხვედრებს სხვადასხვა ავტორებთან, წიგნების განხილვებს, გამოფენებსა და სხვა. ორდენის წევრები ნაყოფიერად მოღვაწეობენ პოეზიაში, პროზაში, ლიტერატურათმცოდნეობაში...

პრესა-გე-ს მკითხველს რამდენიმე ხნის წინ შევთავაზეთ ინტერვიუ ამ ორდენის თავმჯდომარესთან, მიხეილ ღანიშაშვილთან, რომელმაც გვიამბო თავისი ბიოგრაფიის შესახებ და წარმოგვიდგინა რამდენიმე ლექსი. ჩვენს მკითხველს გავაცანით "მარადახალი ქნარის" წევრის, სოსო (სევარიონ) ნადირაძის რამდენიმე ლექსიც, ვისაუბრეთ მის ახალ წიგნზეც.

დღეს ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ინტერვიუს ორდენის დაარსების ინიციატორთან მიხეილ ღანიშაშვილთან, რომელიც გვიამბობს "მარადახალი ქნარის" შესახებ. მომავალში გაგაცნობთ ორდენის კიდევ სხვა წევრებს და მათ შემოქმედებას.

- როდის შეიქმნა კავშირ - პოეტური ორდენი "მარადახალი ქნარი", რამდენი პოეტია გაერთიანებული მასში? გვიამბეთ, მოკლედ, თქვენი კავშირის საქმიანობის შესახებ.

- მწერალთა დამოუკიდებელი გაერთიანება, კავშირი - პოეტური ორდენი "მარადახალი ქნარი" გასული საუკუნის 90-იან წლებში შეიქმნა. ორდენის ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბდა ჩვენი სამეგობროს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა, უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრის (რომლის თავმჯდომარეც თავად გახლდით ოთხი წლის მანძილზე) წევრთა ბაზაზე.

ორდენის, როგორც ერთიანი შემოქმედებითი დაჯგუფების, წევრთა პირველი ოფიციალური გამოსვლა მოხდა 1992 წელს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლის სცენაზე. იმ პერიოდისათვის ორდენში ვერთიანებოდით: მიხეილ ღანიშაშვილი, სევარიონ ნადირაძე, ზურაბ ჯაფარიძე (აწ გარდაცვლილი), ტრისტან მახაური, მურღვა არდოტელი (იგივე ნიკო ზვიადაური), ქეთევან დოლიძე და თამარ ლომიძე. ზურაბ ჯაფარიძის გარდაცვალების შემდეგ ორდენს დაემატა ერთი წევრი - ხვთისო მამისიმედიშვილი.

2004 წელს ორდენი კავშირის სტატუსით რეგისტრირებულ იქნა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ, დაუმტკიცდა წესდება, ხელმძღვანელი სტრუქტურა, ემბლემა და ბეჭედი.

"მარადახალი ქნარის" წევრები ლიტერატურის თითქმის ყველა ჟანრში ქმნიან მხატვრულსა თუ სამეცნიერო ნაშრომებს, ყველა მათგანი ავტორია არაერთი წიგნისა. მათი ნაწარმოებები ნათარგმნია უცხო ენებზე. "მარადახალი ქნარი" არის ცოცხალი შემოქმედებითი ორგანიზაცია. ჩატარებული გვაქვს მრავალი პოეზიის საღამო და ლიტერატულული შეხვედრა, როგორც თბილისში, ისე საქართველოს მთელ რიგ ქალაქებსა, რაიონებსა თუ სოფლებში.

2010 წლიდან კავშირი "მარადახალი ქნარი" სისტემატურად, ორ კვირაში ერთხელ, პარასკევობით, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის (დირექტორი - ირაკლი ღარიბაშილი) საკონფერენციო დარბაზში მართავს "ლიტერატურული სემინარებს", "ლიტერატურული სემინარების" ფარგლებში ეწყობა შეხვედრები მწერლობის უფროსი და უმცროსი თაობის, სხვადასხვა ლიტერატურული მიმდინარეობისა თუ მიმართულების წარმომადგენლებთან, წიგნების წარგინებანი, გამოფენები, ხელოვნებისა და კულტურის სხვადასხვა დარგისა თუ უბნის წარმოჩენა-პოპულარიზაცია და ა. შ.

- თუ გაქვთ თქვენი დეკლარაცია, ან რაიმე მსგავსი თეორიული ქარტია, რომელიც განსაზღვრავს თქვენს ლიტერატურულ-ესთეტიკურ პლატფორმას ან რომელიმე პოეტური ორდენის მემკვიდრედ ხომ არ მიიჩნევთ თავს?

- ჩვენ არ დაგვიწერია და არ გამოგვიქვეყნებია რაიმე ლიტერატურული მანიფესტი, რომელშიც წინასწარ ვსაუბრებდით ჩვენს მხატვრულ-ესთეტიკურ იდეალებსა და მიზნებზე. ამისი თქმა ჩვენს მიერ შექმნილ მხატვრულ ნაწარმოებებს მივანდეთ. დაკვირვებულ მკითხველს არ გაუჭირდება ჩვენი ნაწერებიდან დასკვნის გამოტანა - თუ რა მსოფლმხედველობაზე შენდება ჩვენი შემოქმედება, რა არის მისი ესთეტიკური კრედო.

თუმცა ამ კუთხით მაინც მნიშვნელოვანია ერთი გარემოება. ზემოთ ნახსენები იყო კავშირის წესდება. მართალია, ის "მარადახალი ქნარის", როგორც დამოუკიდებელი შემოქმედებითი გაერთიანების, სტრუქტურულ-ორგანიზაციულ შინაარს უფრო განსაზღვრავს, მაგრამ მასში, ზოგადად, კონტურების სახით, ამავე დროს, ჩადებულია ის ძირითადი პრინციპები, რაზეც დაფუძნებულია გაერთიანების წევრთა შემოქმედებითი კრედო. ეს პრინციპები, ორიოდე სიტყვით, ასეც შეიძლება ჩამოყალიბდეს:

აკადემიურობა, ტრადიციონალიზმი, მშვენიერების ესთეტიკა.

თითოეული ეს მუხლი შეიძლება განიმარტოს როგორც ძირითადი სამოქმედო გეზი და არეალი კავშირის წევრთა შემოქმედებით საქმიანობაში.

აკადემიზმი ნიშნავს იმას, რომ კავშირის წევრები უპირატესობას ანიჭებენ მხატვრული გამოსახვის კლასიკურ ფორმებს, ყველა იმ ვერსიფიკაციულ მიღწევებს, რომლებიც უკვე ზის გემოვნებიანი მკითხველის ცნობიერებაში და იძლევა საშუალებას სრულფასოვნად, ყველასათვის გასაგებ ენაზე ითქვას სათქმელი. ეს, ამავე დროს, არის უარყოფა მოდური, მოჩვენებითი ძიებებისა, რომლის ერთადერთი მიზანი მხოლოდ ორიგინალობის ეფექტით თავის წარმოჩენის ამაო მცდელობაა და რაც ასე ანაგვიანებს ქართული პოეზიის კაბადონს.

ტრადიციონალიზმი მოიაზრებს იმ ძირითად თემატურ სფეროს, რომელიც არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კლასიკური მწერლობის ამოუწურავი და ჯერაც ისევ აუთვისებელი საუნჯეა - ადამინიას თავისი ყოფითი (სიყვარული და სიძულვილი, სიკეთე და ბოროტება, სიცოცხლე და სიკვდილი...) და ირაციონალური (ფილოსოფიური წვდომები) გარემოთი, ფოლკლორს, მითოსს, რელიგიას და ა. შ.

მშვენიერების ესტეტიკა კი არის კავშირის წევრთა მხატვრულ-შემოქმედებითი მსოფლმხედველობის ბალავარი. მართალია, ცხოვრება მხოლოდ მშვენიერის, ლამაზისა და კეთილისაგან არ შედგება, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ მკითხველს მაინც სწორედ რეალობის ეს მხარეები წარმოვუჩინოთ უპირატესად.

ჩვენ ჩვენს თავს მთლიანი ქართული მწერლობის მემკვიდრეებად მივიჩნევთ. თუ მაინცა და მაინც ვიწრო ჯგუფობრივ მიმართულებაზე ვისაუბრებთ, ალბათ უფრო ე.წ. "აკადემიური ასოციაცია" იქნებოდა ჩვენი სულიერი და შემოქმედებითი იდეალი მწერლობაში. მოგეხსენებათ ეს დაჯგუფება გასული საუკუნის 20-30-იან წლებში არსებობდა, ჰქონდათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეროვნული და სამწერლო პოზიცია, უშვებდნენ თავიანთ პერიოდულ ორგანოებს ("კავკასიონი", "ილიონი") და საკმაოდ მძლავრი კვალიც დაამჩნიეს ჩვენს, ქართველი ხალხის ცნობიერებასა და ლიტარატურას. ამ ჯგუფში შედიოდნენ: კონსტანტინე გამსახურდია, ვახტანგ კოტეტიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, პავლე ინგოროყვა, ალექსანდრე აბაშელი და სხვ. ასევე დიდია სიმპათია "ცისფერ ყანწელთა" მიმართაც, თუმცა, ვიმეორებ, ჩვენი მწერლური მსოფლმხედველობა არ უნდა დავიყვანოთ, რომელიმე ერთი, კონკრეტული, პოეტური ჯგუფის იდეურ-მხატვრულ ჩარჩოზე, ვინაიდან მას მსოფლიო კლასიკური მწერლობის პრინციპებიც ასაზრდოებს, რომ აღარაფერი ვთქვათ თხუთმეტსაუკუნოვანი ქართული მწერლობის მონაგარსა და მიღწევებზე.

როდესაც ვინმეს მემკვიდრედ შენს თავს ასახელებ, ლოგიკურად, ამით გავლენასაც აღიარებ. ჩემი, პირადი შეხედულებით, რაც არ უნდა დიდი პრეტენზია ჰქონდეს პოეტს ორიგინალობაზე, ის მაინც დგას რომელიმე წინამორბედის მხრებზე. იგივე უნდა ითქვას. შემოქმედებითი დაჯგუფების შესახებაც. მეორე საკითხია, ვინ ვის მხრებზე დგას, ვინ ვის გავლენას განიცდის და რამდენ ხანს გრძელდება ლიტერატურული შეგირდობის ხანა. თუ ეს გავლენა ისეთი შემოქმედის ან ჯგუფის მხრიდანაა, რომელიც ვერც თავად გასცდა მხოლოდ ძიებას და არ შექმნა რაიმე განზოგადებული, მრავალთათვის საინტერესო და მხატვრულად ღირებული, და შენც თავი ვერ დაგიღწევია ამ შეგირდობისათვის, მაშინ, რამდენიც არ უნდა ამტკიცო, რომ რაღაც გენიალურს ქმნი, მაინც არავინ დაგიჯერებს და საქმეც სავალალოდაა. მაგრამ თუ ეს შეგირდობის ხანა შემოქმედებითად გაასრულე, და თავადაც დადე ისეთი ნაწარმოები, რომელიც მხოლოდ შენ არ გგვრის ხალისსა და სიამოვნებას, მაშინ წარმატებაც სახეზეა.

ე. წ. ნოვატორობა ხელოვნებაში მართალია საკეკლუცოდ კაი რამაა, მაგრამ ძალიან რთული და ფაქიზი ფენომენიცაა ამავე დროს. მხოლოდ განცხადება, რომ სიახლეს ქმნი, არ კმარა იმისათვის, რომ მკითხველი გერწმუნოს.

"მარადახალი ქნარი" საკუთარი კლასიკურ ეროვნულ და მსოფლიო ლიტერატურის სულიერ საწყისებს ეყრდნობა და ეს სამარცხვინოდ სულაც არ მიაჩნია. მეტიც: ჩვენ ვთვლით, რომ თუ შემოქმედი მოწყვეტილია სულიერების ეროვნულ ფესვებს, ის ვერც ვერასოდეს შექმნის რაიმე ღირებულს ზოგადკაცობრიული თვალსაზრისით. ცხადია მწერალს ჭირდება უცხოური ლიტერატურისა და კულტურის ცოდნაც, მისი გააზრება-გადახარშვა, მაგრამ, დამერწმუნეთ, რომ თუ მხოლოდ უცხოურის მოდურ გადამომღერებასთან გვაქვს საქმე და ეს უშედეგო მცდელობა გინდა მერე ნაციონალური ინიციალებით ღირებულად შესთავაზო იგივე მსოფლიოს, ეს მხოლოდ ღიმილისმომგვრელი იქნება ყველასთვის. მკითხველის დაინტერესებას, შინაც და გარეთაც, სწორედ ნაციონალური ნიშან-თვისებებით აღჭურვილი მხატვრული ნაწარმოები გამოიწვეს.

0

ავტორი: