ვრცელდება ინფორმაცია, რომ წუხელ, თბილისში მოკლული მამაკაცი, ზვიად ჯაფარიძე, მრავალგზის ნასამართლევია.
ის მთაწმინდელია, თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოქროსუბანში, დავით კლდიაშვილის 3 ნომერში ცხოვრობდა. ჯაფარიძეს ჰყავს მეუღლე და 2 სრულწლოვანი შვილი.
ზვიად ჯაფარიძე წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი. მათ შორის ნასამართლევია 2016 წელს მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევია 2013 წელსაც. 2006 წელს ნასამართლევია - ყაჩაღობის ბრალდებით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის, გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით. ასევე, ნასამართლევია ქურდობისთვის.
ამ ეტაპზე უცნობია, რა უძღოდა წინ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას და უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი წარსულში არსებულ კრიმინალურ დაპირისპირებას.
შეგახსენებთ, რომ ვერცხლის ქუჩაზე ზვიად ჯაფარიძის მისამართით ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა რამდენიმე გასროლა განახორციელა. გარდაცვლილს ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
0
ავტორი: