ჩუპა-ჩუპსიდან “ქართულ ორჭიდამდე” ჩუპა-ჩუპსიდან “ქართულ ორჭიდამდე” />


  16:52:08     19-09-2010

ჩუპა-ჩუპსიდან “ქართულ ორჭიდამდე”

a.

სამხრეთ აფრიკაში დასრულებული ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ორი თვე გავიდა და ჩვენი გულშემატკივრების ყურადღებამაც ქართულ სპორტში მიმდინარე მოვლენებისაკენ გადმოინაცვლა. ამ ხნის განმავლობაში გასახარიც ბევრი ვიხილეთ და იმედგაცრუებაც საკმაოდ ვიგემეთ. იგორ კოკოშკოვის კრებულმა ჩვენს თანამემამულეებს საკუთარი ღირსების გრძნობა დაუბრუნა, ოთარ გაბელიას შეგირდებმა სომხეთისა და თურქეთის ახალგაზრდული ნაკრებების ძლევის შემდეგ გაჩენილი იმედი წყალს გაატანეს,

 

თემურ ქეცბაიას სამწყსომ ბოლომდე იბრძოლა და მომავლის რწმენაც ჩაგვისახა, “ზესტაფონმა” და თბილისის “დინამომ” ჩვენს კვალობაზე ევროთასებზე რიგიანად იასპარეზეს, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის ფალავნები მსოფლიოს ჩემპიონატზე საკუთარ შესაძლებლობებზე სუსტად გამოვიდნენ, ძიუდოისტებმა კი შორეულ იაპონიაში სრული უუნარობა გამოიჩინეს და ალბათ ის აჯობებდა ამომავალი მზის ქვეყანაში საერთოდ არ ჩასულიყვნენ.

 

სანამ წინა კვირის ქართული სპორტული ცხოვრების მიმოხილვას შევუდგებოდე, ზაფხულიდან გულში ჩარჩენილი ერთი ფაქტის შესახებ საკუთარი აზრი მინდა რომ გაგიზიაროთ.

 

კალათბურთში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრების დაწყებამდე თბილისში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც მასპინძლებთან ერთად რუმინეთის, უკრაინისა და ბელორუსის ეროვნულმა გუნდებმაც იასპარეზეს. Y

 

ყოველი შეხვედრის წინ მოთამაშეებსა და მაყურებლებს ეროვნული ჰიმნების მოსმენა უწევდათ. ერთ-ერთი მატჩის წინ, ჩვენი ქვეყნის ჰიმნის შესრულებისას თვალებს არ დავუჯერე, როდესაც ახლადგამოჩეკილი საქართველოს მოქალაქის, კალათბურთელ ჰოსლის პირში ჩუპა-ჩუპსის საწუწნი კანფეტი დავინახე. როდესაც ქართველი მოთამაშეები მშობლიურ ჰიმნს ერთ მუშტად შეკრულები უსმენდნენ, მათთან ერთად მდგარი ჰოსლის პირიდან თავს, ერთი პატარა ჯოხი იწონებდა და ეს უკანასკნელიც ამ ესპანურ ტკბილეულს თავდაუზოგავად წუწნიდა.

 

შეიძლება მავანი და მავანი შემეკამათოს, მერე რა მოხდა, ადამიანი მომავალი თამაშისათვის ემზადებოდაო. სხვების Aაზრისა რა მოგახსენოთ, ჩემზე კი ამ ფაქტმა ძალიან დამრთგუნველად იმოქმედა. ცუდი ქვეყანა ვართ თუ კარგი, ეროვნული ჰიმნი ჩვენი საფიცარია და მას განსაკუთრებული პატივისცემა ესაჭიროება. სამწუხაროდ ქართველ კალათბურთელებში არ აღმოჩნდა არავინ, რომელიც გაქართველებულ ამერიკელს ქცევის წესებს აუხსნიდა და იმ ავადხსენებული ჩუპა-ჩუპსის პირიდან გამოღებას მოსთხოვდა. წინა წლებში ჩვენს გუნდში შენონ უილიამსი და ტაირონ ელისი ასპარეზობდნენ. Aამ მოთამაშეებს ჩვენი ქვეყნის დიდი პატივისცემაც გააჩნდათ და ზრდილობის თვალსაზრისითაც არანაირი პრობლემები არ ჰქონიათ. იმ დღის შემდეგ თვენახევარია გასული და ჰოსლის ჩუპა-ჩუპიანი სახე მეხსიერებიდან დღესაც კი ვერ ამოვიშალე.

 

ახლა კი წინა კვირას დავუბრუნდეთ. ისრაელთან მატჩისას, ეროვნული სტადიონის მოედნის საფარი საშინელ მდგომარეობაში იყო და ამის შესახებ პრეს-კონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა. Aამ თემას რამდენიმე დღეში შესაბამისი გაგრძელემა მოჰყვა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ჟურნალისტებთან შეხვედრა მოაწყო და ერთი საგულისხმო ფრაზაც წამოისროლა:

„ჩვენ კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ის ფსიქოზი, რაც თამაშის შემდეგ იყო“, ( „ლელო“, 11 სექტემბერი, 2010 წელი). ცოტა არ იყოს ამ წინადადებამ ჩამაფიქრა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფედერაციის პირველ პირსა და ნაკრების თავკაცს შორის შავმა კატამ გადაირბინა. იმ მატჩის შემდეგ, გუნდის თამაშის ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად ქეცბაიამ უხარისხო მოედანი დაასახელა. E

 

ეს ფსიქოზი კი არა საქმისადმი პროფესიული მიდგომაა. რაც შეეხება საფეხბურთო ვნებების მაღალ ტემპერატურაზე აყვანას, ამ შეხვედრას საქართველოს პირველი პირიც ესწრებოდა. სახელმწიფო ქართულ “ტყავის ბურთში” დიდ თანხებს აბანდებს, ნაკრებმა ვერ მოიგო და ბატონი დომენტის გულისწყრომაც ალბათ ამისი ბრალია.

 

თავად თემურ ქეცბაია ევროპაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოღვაწეობდა, იქაურ ინფრასტრუქტურას ჩინებულად იცნობს და რა გასაკვირია, რომ ჩვენი მოთამაშეებისათვის ოპტიმალურთან მიახლოებული პირობების შექმნა სურს. Nნამდვილად უადგილოდ მეჩვენება, რომ ქართული ფეხბურთის უმთავრესი ჩინოვნიკი ქეცბაიას სამართლიან მოთხოვნას “ფსიქოზის” იარლიყს აწებებს.

 

ზვიად სიჭინავას პრეს-კონფერენციიდან ყურადღება მის კიდევ ერთ “ნააზრევსაც” მივაქციე: “ ისრაელს აზრადაც არ მოსვლია მოგება, ისედაც ვიცოდით, რომ ფრე აწყობდა” ( “ლელო”, 11 სექტემბერი, 2010 წელი). Mმართლაც რომ საოცარია. მთელი მსოფლიო ჩაწყობილ თამაშებს ებრძვის, ბატონ დომენტის კი წინასწარ ცოდნია, რომ მეტოქე არ იგებდა და ფრეზე ყაბულს იყო. თუ მართლაც ასე იყო, ამისი განცხადება როგორ შეიძლებოდა? სად არის უეფა-ს სადისციპლინო კომისია? რატომ ხმას არ იღებენ თავად ებრაელი H

 

ჟურნალისტები ან იქაური ფეხბურთის ჩინოსნები? ისრაელის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში საქართველოზე მაღლა დგას და დავიჯერო, რომ ფერნანდესის ბიჭები თბილისში მხოლოდ ერთი ქულისათვის ჩამოვიდნენ? ჩემი აზრით ასეთი მოუფიქრებელი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება და მისი ავტორი ქვეყნის ფეხბურთის მთავარი ჩინოსანი არ უნდა იყოს.

 

რაც შეეხება ეროვნული სტადიონის მინდვრის საფარს. ის მწყობრში 2006 წელს შევიდა და თურმე თავიდანვე არასწორედ დაუგიათ. მართალია კომპანია “გრინტექსის” წარმომადგენლებმა საფარის მძიმე მდგომარეობის შესახებ თავიდანვე კარგად იცოდნენ, მაგრამ ამ პრობლემის დღის სინათლეზე გამოტანას მაინც ერიდებოდნენ და ეს მისია საკუთარ თავზე თემურ ქეცბაიამ აიღო. ერთი კი მიკვირს. Yყოფილი სსრკ-ის არსებობის პერიოდში მაშინდელი “დინამოს” სტადიონის მინდვრის საფარი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ისიც აღსანიშნავია, რომ იმდროინდელი ტექნიკური აღჭურვილობა დღევანდელისას ბევრად ჩამოუვარდებოდა. G

 

გვალვები ჩვენს ქვეყანაში მაშინაც უცხო ხილი არ იყო და შესაბამისი პროფილის სპეციალისტები საფარის უმაღლეს დონეზე მოვლას მაინც ახერხებდნენ. Eეროვნულ სტადიონზე ნორმალური მოედნის დასაგებად დაახლოებით 360-400 ათასი ლარი მარტო საფარისა და ნიადაგისათვის, 50 ათასი კი თანამედროვე სარწყავი სისტემის დასამონტაჟებლად არის საჭირო. Gგარდა ამისა, სპორტულ სარბიელზე უნდა იყოს საფარის ლაბორატორია და მინდვრის მოსავლელად საჭირო ტექნიკური საშუალებები.

 

ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული სტადიონისათვის საჭირო თანხების მოძიებითაა დაკავებული, ამ სტრიქონების ავტორი კი ბატონ ნიკო პატარქალიშვილზე და მის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე ჩაფიქრდა. მოგეხსენებათ, რომ ამ პიროვნებას “თბილისობის” ზეიმის დღეებში ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების საერთაშორისო ტურნირის ჩატარება აქვს განზრახული. Mმაპატიოს ბატონმა ნიკომ, მაგრამ მის ამ წამოწყებას ცოტა არ იყოს ეჭვის თვალით ვუყურებ.

 

საქმე იმაში არ არის, რომ თავის დროზე მარადონას ჩამოყვანით კიდევ ერთი სირცხვილი გვაგემა, საფეხბურთო კლუბ “ბორჯომში” შვიდი საეჭვო ღირებულების არგენტინელი მოთამაშეები მიიყვანა ( იმ ხანად სამხრეთ ამერიკელებით “გაძლიერებული” “ბორჯომი”, საქართველოს ეროვნულ პირველობაზე ქუთაისის “ტორპედოსთან” 0:7 დამარცხდა), თავის დროზე არგენტინაში რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე წაიყვანა და მათი შემდგომი სპორტული კარიერა პირადად ჩემთვის უცნობია. დავანებოთ თავი ამ მიზეზების ჩამოთვლას. Dდაგეგმილი შეჯიბრების ორგანიზება 800 ათასი დოლარი ჯდება. N

 

ნიკო პატარქალიშვილი ჟურნალისტებს ხშირად ხვდება და მუდმივად ერთი და იგივეს იმეორებს, ამ თანხას მარტო ვერ გავწვდები და სახელმწიფო გვერდში დამიდგესო. ჩვენი ქვეყნის მმართველი ორგანოები ჯერ-ჯერობით დუმილს არჩევენ და ეს ტურნირიც ალბათ აღარ გაიმართება. ქართულ მხარეს ლათინურ ამერიკაში ფინანსური გარანტიები 12 სექტემბრამდე უნდა გაეგზავნა. თუ ვცდები და ეს შეჯიბრება მაინც ჩატარდება, საკითხავია რა დონის მოითამაშეები გვეწვევიან. საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ მთელ მსოფლიოში გახურებული საფეხბურთო სეზონი მიმდინარეობს. Kკლუბები მოთამაშეებს მხოლოდ ფიფა-ს მიერ დაწესებულ დღეებში, ისიც ეროვნული ნაკრებებისათვის ათავისუფლებენ. თბილისში დაგეგმილ ტურნირს კი არაოფიციალურის სტატუსი გააჩნია. ერთი სახალისო ამბავიც შევიტყვე.

 

თურმე რამდენიმე წლის წინ ნიკო პატარქალიშვილს სულ ცოტა დააკლდა, რომ თელავის “კახეთის” მთავარ მწვრთნელად არგენტინის ნაკრების აჟამინდელი დამრიგებელი სერხიო ბატისტა ჩამოეყვანა. მაშინ დიეგო მარადონას თანამემამულემ მაღალი ანაზღაურება მოითხოვა და კლუბი “თელავიც” უცხოელი სპეციალისტის გარეშე დარჩა. მიმაჩნია, რომ საეჭვო ღირებულების სამხრეთ ამერიკელი მოთამაშეებით თბილისში ტურნირის ჩატარებას სჯობია, რომ ეს თანხა ეროვნული სტადიონის საფარის მოწესრიგებას და მთლიანად ჩვენი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესობას მოხმარდეს.

 

დღევანდელ “სპორტულ ფიქრებში” მოსკოვში და ტოკიოში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატებს დაწვრილებით არ შევეხე. მათ შესახებ უკვე იმდენი დაიწერა და კვლავ დაიწერება, რომ ალბათ უპრიანი იქნება თუ საკუთარ აზრებს მოკლედ გადმოგცემთ. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეებმა საქმისადმი დამოკიდებულება უნდა შეცვალონ. ძიუდოისტების შემთხვევაში კი სასწრაფო “შოკური თერაპიის” ჩატარებაა აუცილებელი. U

 

უნდა გამოიცვალოს როგორც სპორტის ამ სახეობის ფედერაციის ხელმძღვანელობა, ასევე მწვრთნელთა შემადგენლობაც. Aამის შემდეგ კი ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყოს. Eამ ნაბიჯების გადადგმა ალბათ აუცილებელია, რადგან ქართული ძიუდო ბოლო პერიოდში ურთიერთდაპირისპირებისა და შინააშლილობის ბუდედ გადაიქცა. ჩემი ნება რომ იყოს, შოთა ხაბარელს უკან დავაბრუნებდი. ეს ალბათ მაინც უტოპიაა, ხაბარელი ხომ თბილისის საკრებულოს წლევანდელ არჩევნებში კენჭს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის სიით იყრიდა.

 

წერილის სათაურში “ქართული ორჭიდი” მაქვს ნახსენები. Eეს სპორტის ახალი სახეობაა, რომელიც დღის სინათლეს ალბათ უახლოეს მომავალში იხილავს. Aამ ზაფხულის ერთ ცხელ საღამოს ჩვენს საინფორმაციო გამოშვებებს ვუყურებდი, როდესაც ანაკლიაში, ზღვიდან საცურაო ტრუსებით ამოსული მიხეილ სააკაშვილი დავინახე. თუ ბელორუსის პრესიდენტს ლუკაშენკოს არ ჩავთვლით (ვენესუელაში ადგილობრივ ჟურნალისტს ზღვის ნაპირზე ასევე საცურაო კოსტიუმში რომ მისცა ინტერვიუ), სააკაშვილი მეორე პრეზიდენტი აღმოჩნდა, რომელიც ასეთ “პიკანტურ” მდგომარეობაში ვიხილე. N

 

ნანახისაგან მიღებული შთაბეჭდილება არ გამნელებოდა, რომ ბატონი მიხეილი უკვე მესტიის თოვლიან ბილიკებზე თხილამურებით მოსრიალე მოგვევლინა. სიუჟეტიდან შევიტყვე, რომ მომავალი წლიდან უცხოელ ტურისტებს ახალ სერვისს შევთავაზებთ, დილით ზღვაში ცურვას, შუადღისას კი თოვლში თხილამურებით სწრაფდაშვებას. N

 

ნამდვილად რომ ჩინებული წამოწყებაა, მაგრამ მას მარილი მაინც აკლია. Uუპრიანი იქნებოდა თუ სპორტის ახალ სახეობას გამოვიგონებდით, რომელიც “ტრიატლონის” მონათესავე აღმოჩნდებოდა და მსოფლიოს “ქართული ორჭიდის” სახელით მოევლინებოდა. სპორტის ამ ახალი სახეობის არსი შემდეგში მდგომარეობს. სპორტსმენმა ან ნებისმიერმა მსურველმა რამდენიმე კილომეტრი ჯერ ზღვაში უნდა გაცუროს, შემდეგ მთაში გადაინაცვლოს და თოვლში გიგანტურ სლალომში მიიღოს მონაწილეობა. M

 

მას შემდეგ რაც ანაკლია-მესტიის დამაკავშირებელი ავტობანი გაიხსნება, სპორტის ამ ახალ სახეობას მესამე ეტაპიც დაემატება, ზღვიდან მთაში ფეხით ან ველოსიპედით ასვლა. Mმგონია რომ ჩინებული იდეაა და მისი პრაქტიკაში დანერგვის შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას, “ქართული ექსტრიმის” თაყვანისმცემელი მრავალი უცხოელი მოაწყდება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სპორტის ამ სახეობას “ქართული ორჭიდი” ვუწოდე, თუმცა შეიძლება “კავკასიურ ორჭიდად”, “ზღვა-მთის ორჭიდად” ან “ანაკლია-მესტიის დიდ პრიზად” გადავაკეთო. თქვენს მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებ, უახლოეს მომავალში კი შესაბამის სპორტულ ფედერაციასაც ჩამოვაყალიბებთ.

0

ავტორი: